აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ და გეოსივრცის ეროვნულმა სადაზვერვო სააგენტომ რუსეთის ხელისუფლება ტყუილში გამოიჭირეს. საუბარია 23 იანვარს მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართულ ბრიფინგზე, სადაც რუსებმა ფრთოსანი რაკეტა 9M729-ის დემონსტრირება მოახდინეს. თუმცა, ირკვევა, რომ რეალურად ეს სულ სხვა რაკეტა იყო.
საქმე ისაა, რომ სწორედ ეს რუსული რაკეტა გახდა 2 თებერვალს აშშ-ის მიერ ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ 1987 წლის შეთანხმების დატოვების მიზეზი. რუსებმა ეს ბრიფინგი საგანგებოდ, იმის საჩვენებლად გამართეს, რომ ფრთოსანი რაკეტა 9M729 არ არღვევდა ხსენებული შეთანხმებით დაწესებულ კრიტერიუმებსა და შეზღუდვებს.
ბრიფინგზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების სამხედრო ატაშეები მიიწვია, თუმცა, მათი უმრავლესობა ბრიფინგზე არ მივიდა.
აშშ-ს დაზვერვის მიერ მომზადებული დასკნის მიხედვით, 23 იანვრის ბრიფინგზე წარმოდგენილი რაკეტა არ იყო 9M729. გარდა ამისა, ბრიფინგზე წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა 9M729 ტიპის ფრთოსან რაკეტას. ამის შესახებ ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „დეილი ბისთი" იუწყება.
ამერიკული დაზვერვის დასკვნა კონკრეტულ განმარტებებს ეფუძნება. კერძოდ, მასში მითითებულია, რომ რუსეთის წარმომადგენლების მიერ დემონსტრირებული რაკეტის სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერის ზომები არ შეესაბამება 9M729 ფრთოსანი რაკეტის პარამეტრებს და რეალურად მისი სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერის ზომაზე მცირეა. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც 9M729 რაკეტისთვის გამოიყენება სულ სხვა გამშვები მოწყობილობა.
„დეილი ბისთის" წყაროს ინფორმაციით, 9M729 ტიპის რაკეტა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილია SSC-8 სახელით, რუსეთის მიერ მოქმედების რადიუსის დასადგენად 6-ჯერ იყო ტესტირებული, მაგრამ აჭარბებდა შეთანხმებით დადგენილი მოქმედების რადიუსის ნორმებს:
„რუსეთმა აჩვენა, რომ მის რაკეტებს შეთანხმების საფუძველზე აკრძალულ მანძილებზე შეუძლია ფრენა. 6 ცდიდან, რაკეტების ყველაზე შორ მანძილზე შემოწმებისას, რაკეტამ გაიფრინა 2070 კმ.
„აშშ SSC-8-ს აფასებს, როგორც საზღვაო ბაზირების რაკეტების, "კალიბრის", ფრთოსან საგზაო-მობილურ ვერსიას, რომელის მოქმედების მანძილი 2000 კმ-ია ჩვეულებრივი სასარგებლო დატვირთით შეიარაღებისას და 2350 კმ - ბირთვულ ვარიანტში", - განაცხადა წყარომ „დეილი ბისთთან" საუბრისას.