გუშინ, დაჩქარებული წესით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ განწესება უნდა შეჩერდეს, თუმცა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. სხდომამ კი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა კენჭის ყრის დროს ხმის მიცემისაგან თავი შეიკავა, ამის შესახებ მან „რეზონანსს" განუცხადა. მისი თქმით, ეს ინიციატივა სამართლებრივად არაკონსტიტუციურია.
„მე თავი შევიკავე კენჭისყრაში მონაწილეობისაგან რამდენიმე მიზეზის გამო. კონკრეტულად, ვფიქრობ, რომ ინიციატივა სამართლებრივი თვალსაზრისით ანტიკონსტიტუციურია, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით - სწორია," - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი ჩავარდა, თუმცა მას პლენარული სხდომის ფორმატში მაინც განიხილავენ.