„კობას განცხადება არ გამიგია, მაგრამ თუ აპირებს - ეს მისი პირადი გადაწყეტილებაა... დაახლოებითი კანდიდატი კი ვიცით, ვინც უნდა იყოს „ქართული ოცნებიდან", მაგრამ ამას, ალბათ, იტყვის პარტიის თავმჯდომარე, ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი", - ასე შეაფასა უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ყოფილ დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება და პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს.
მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - „ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის ოლქი პრაქტიკულად „დაუთმო" სალომე ზურაბიშვილს - მმართველ პარტიას მთაწმინდაზე მაჟორიტარობის თავისი კანდიდატი არ წამოუყენებია და ამომრჩეველს ზურაბიშვილის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
დღეს „ოცნებაში" აცხადებენ, რომ ყოფილი თანამბერძოლის - კობა დავითაშვილის შემთხვევაში ანალოგიური რამ არ განმეორება და შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის მაჟორიტარობას მას არ დაუთმობენ.
„რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას" უკვე ჰყავს მთაწმინდის მაჟორიტარობის თავისი კანდიდატი, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილი პირი დაასახელებს:
„ვერაფერს ვერ გეტყვით. კობას განცხადება არ გამიგია, მაგრამ თუ აპირებს, ეს მისი პირადი გადაწყეტილებაა. მე როგორ უნდა შევაფასო? ამას ხალხი, მთაწმინდის ამომრჩეველი გადაწყვეტს.
„ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით („ქართული ოცნების" მიერ დავითაშვილის კანდიდატურის შესაძლო მხარდაჭერაზე) უმრავლესობაში, პარტიაში მინიშნება არ ყოფილა და საერთოდ, ამ საკითხზე არ ყოფილა საუბარი.
„დაახლოებითი კანდიდატი კი ვიცით, ვინც უნდა იყოს „ქართული ოცნებიდან", მაგრამ ამას, ალბათ, იტყვის პარტიის თავმჯდომარე ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი, როდესაც საჭირო იქნება", - ამბობს ნუკრი ქანთარია.
მისივე თქმით, კობა დავითაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ, რადგან გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება, ესე იგი გრძნობს, რომ ამის შესაძლებლობა აქვს:
„ეს კობას გადაწყვეტილებაა. მე დიდი ხანია, რამდენიმე წელია საერთოდ არ მინახავს. აპირებდა გასვლას და ახლა თუ აპირებს შემოსვლას, ალბათ, გარკვეულ მარაგს გრძნობს. ვიცი, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ღმერთმა კარგად ამყოფოს და გამოაჯანმრთელოს.
„მან კარგად იცის, როგორი დაბრკოლებები აქვს და რადგან გადაწყვიტა, ესე იგი საკუთარ თავს შესაბამის ფორმაში თვლის, რაც თავისთავად, პიროვნულად, ძალიან კარგია", - დასძინა ნუკრი ქანთარიამ.