სრული მასშტაბით ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარს თავისი წვლილი უკვე დაატყო და ამ ფაქტზე მაღაზიების უმეტესობა ღიად საუბრობს.
თითქმის ყველა მათგანის მენეჯმენტი გაყიდვების შემცირებას ადასტურებს და ამას ბანკების მიერ განვადებების გაცემის მაჩვენებლის მნიშვნელოვან შემცირებას უკავშირებს, რაც ლოგიკურია, ვინაიდან განვადება ამ ბაზარზე არსებული მთლიანი გაყიდვების 70-80%-ს შეადგენდა.
ექსპერტები აქცენტს ერთ საინტერესო ტენდენციაზე აკეთებენ, რომელიც სწორედ მიმდინარე წელს ამოქმედებული რეგულაციების შემდეგ შეინიშნება. მომხმარებელთა უმეტესობამ, რომელიც აქამდე მიჩვეული იყო თითქმის ნებისმიერი, მათ შორის იაფფასიანი ნივთების, ტექნიკისა თუ აქსესუარების განვადებით შეძენას, უარი თქვა წვრილ და რამდენიმე სხვადასხვა ნივთზე პარალელურად არსებულ განვადებაზე და ცდილობს ბანკებსა და მაღაზიებს მხოლოდ შედარებით მსხვილი ტექნიკის (მაგ. ტელევიზორები, გაზქურები, მაცივრები და ა.შ.) შეძენის სურვილის დროს მიმართოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებლებს ურჩევნიათ შეზღუდული საკრედიტო რესურსი მხოლოდ ძვირადღირებული შენაძენისთვის გამოიყენონ, ხოლო მცირე ფასიან ნივთებს ან შედარებით ნაკლები ინტენსივობით ან პირდაპირი გადახდის მეთოდით ყიდულობენ.
ამ პირობებში, განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა საოჯახო ტექნიკაზე და განსაკუთრებით, შედარებით თანამედროვე მოდელებზე. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც სურთ სმარტ ტელევიზორები განვადებით შეიძინონ. სხვა საქმეა, რომ განვადების დამტკიცების მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, მაგრამ თავად ფაქტი, მათზე მოთხოვნის ზრდისა, თვალშისაცემია.
ონლაინ მაღაზია isurve.ge-ს გაყიდვებისა და მომწოდებლებთან ურთიერთობის გუნდის წარმომადგენლის განცხადებით, ამ მოვლენას ორი სხვადასხვა ახსნა აქვს:
"ერთის მხრივ, ლოგიკურია, რომ ადამიანებმა გადაწყვიტეს მხოლოდ საჭირო ნივთებზე გააკეთონ აქცენტი და ტელევიზორის განახლება ამ მხრივ საკმაოდ პრიორიტეტულია, ხოლო მეორეს მხრივ, გაზრდილი რიცხვები მხოლოდ ამ ლოგიკის მართებულობას არ ნიშნავს.
საქმე იმაშია, რომ დაანონსებული და განხორციელებული "ვალების ჩამოწერის პროგრამის" შემდეგ რამდენიმე ასეულმა ათასმა ადამიანმა, რომელთაც უარყოფითი საკრედიტო ისტორია ჰქონდა, ჩათვალა, რომ ვინაიდან დავალიანება განულდა, განვადებით და სხვა საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობას ისევ შეძლებენ და ეს რეალურად ასეცაა, ოღონდ ჯერჯერობით არა. მათი უმრავლესობის ისტორია ჯერ ისევ ინახება სხვადასხვა ბიუროში, რომელთაც ბანკები ეყრდნობიან და ამიტომ ისინი განვადების გაკეთების შესაძლებლობას, ბაზების გასუფთავებამდე მოკლებულნი არიან. ამ მოვლენის ეფექტი ტელევიზორების და სხვა მსხვილი საოჯახო ტექნიკის მიმართ ჯამური მოთხოვნის ზრდის ტენდენციაში სავარაუდოდ საკმაოდ დიდია".