თამარ შუკვანი
19.02.2019

 „მსგავსი ინტერპრეტირება არასწორია. არც საპატრიარქოდან, თუნდაც დასტურზე ან უარყოფაზე, არანაირი იმპულსი არ ყოფილა, რადგან თავად მეუფე თეოდორეს, ნომერ პირველს, რომელიც ამ კომისიაში საპატრირქოს სახელით მონაწილეობდა, შეეძლო ეს განწყობა თავის დროზე დაეფიქსირებინა," - ე.წ. ციანიდის საქმეზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება-არშეწყალების საკითხის შესახებ აღნიშნავს ექსპრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე „რეზონანსთან" კომენტირებისას.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის გიორგი მამალაძის შეწყალებას ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გეგმავდა, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მას „გადააფიქრებინეს" - ეს ხმაურიანი განცხადება საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის მიტროპოლიტ დანიელს ეკუთვნის.

„ჩემი პოზიცია და ეკლესიის პოზიცია ასეთია, რომ როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა ამ შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და, რასაკვირველია, მიესალმებოდა და ახლაც იგივე პოზიციაზე დგას ეკლესია, თუ ეს მოხერხდება, ეკლესია ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ამ შეწყალებაში მონაწილეობს. აპირებდა შეწყალებას და, მე როგორც ვიცი, ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა," - აღნიშნა მიტროპოლიტმა დანიელმა.

როგორც ფიქრია ჩიხრაძემ „რეზონანსს" განუცხადა, საქმე მარგველაშვილის გადაწყვეტილების მიღებამდე არ მისულა და საუბარი იმის შესახებ, რომ მარგველაშვილს დეკანოზის შეწყალება „გადააფიქრებინეს" სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნული განცხადებები ცალკეული პერსონების მოსაზრებასა და პოზიციას წარმოადგენს.

„ჩვენ ადვოკატებთანაც გვქონდა შეხვედრა და მაქსიმალურად მოვიძიეთ ინფორმაცია. შემდგომ, არსებული წესის თანახმად, შეწყალების კომისიაში განაცხადი შემოვიდა შეწყალების თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვადებში არ აკმაყოფილებდა არსებულ მოთხოვნებს, განხილვა განსაკუთრებული წესით მოხდა.

„ასეთ შემთხვევაში კომისიის უდიდეს უმრავლესობას უნდა დაეჭირა მხარი საკითხისთვის. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ კომისიამ პრეზიდენტისთვის ამ საკითხის წარდგენას მხარი არ დაუჭირა. ეს საპრეზიდენტო ვადის მიწურულს იყო. დანარჩენი, აბსოლუტურად, ცალკეული მოსაზრებებია გამოთქმული, სხვადასხვა პირის მიერ რაღაც გარკვეულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი არ ჰქონია," - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×