წყალსაცავში დარჩენილია 15-20 დღის მარაგი, საქართველოს მთავრობამ "ენგურჰესის" დენზე გრაფიკი დააწესა
მარი ჩიტაია
20.02.2019

 საქართველოს მთავრობა აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხში მიდგომას დროებით ცვლის და დღეიდან ოკუპირებულ რეგიონს დენს გრაფიკით მიაწვდის. ამით, როგორც ქართველი ენერგეტიკოსები ამბობენ, აფხაზეთში ბრუნდება 90-იანი წლების ხანა, როცა ქვეყანა ნახევრად ჩაბნელებული იყო. გრაფიკის დაწესების საფუძველი ამ ეტაპზე წყალსაცავში წყლის დაწეული დონეა.

"ენგურჰესის" დირექტორ ლევან მებონიას ინფორმაციით, წყალსაცავში დარჩენილია 15-20 დღის მარაგი, რაც დამოკიდებული იქნება ამინდსა და შემოდინებაზე.

"დენის მიწოდებასთან დაკავშირებით შეზღუდვა იმოქმედებს. იმპორტის თემაზეც მუშაობენ, ჯერ არ ვიცი, რამდენად შეძლებენ, მაგრამ შეზღუდვები ნამდვილად იქნება. დაახლოებით 1-1.2 მილიონი კვტ/სთ-ის შეზღუდვაზეა საუბარი დღე-ღამის განმავლობაში.

წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა. გარკვეული ზომები თუ არ გატარდა, 5 მარტისათვის წყალსაცავში წყალი აღარ გვექნება. აქედან გამომდინარე, აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგია ან რუსეთიდან უნდა შემოიტანოს, ან უნდა შეამციროს მოხმარება და გაუტოლოს, რისი რესურსიც გვაქვს. ისიც რომ ამოიწურება, ჰესი გაჩერდება. ამ დროისთვის, "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 100 პროცენტით აფხაზეთს მიეწოდება. აფხაზეთის მხარე აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია და ველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა მებონიამ.

ენერგეტიკოსების შეფასებით, აფხაზებისთვის ოპტიმალური გამოსავალია, რომ გამრიცხველიანების პროცესის დაწყება დააჩქარონ და რეგიონში არსებული ჰიდრორესურსები აითვისონ, რაც ოკუპირებულ რეგიონს ეკონომიკური განვითარების შანსს მისცემს. ასე ფიქრობს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი. მისი შეფასებით, საქართველო დიდხანს ვერ გააგრძელებს აფხაზეთის უფასო ელექტრომომარაგებას და მიდგომას შეცვლის.

"აფხაზეთი ახლა ისეთ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, რა ვითარებაც ჩვენთან იყო 90-იანი წლების დასაწყისში. ელექტროენერგია იფლანგებოდა იმის გამო, რომ არ იყო აღრიცხვიანობა მოწესრიგებული, ამიტომ დიდი რაოდენობით დენი გვჭირდებოდა და სულ პრობლემა იყო. შესაბამისად, არც მიწოდების ხარისხი ვარგოდა.

დღეს ანალოგიური ვითარებაა აფხაზეთშიც, თუ არ მოწესრიგდა გამანაწილებელი ქსელი, მრიცხველები და გადახდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ დიდი ხანია, ტვირთს ვზიდავთ. მთავრობა და მოსახლეობა წლობით ასუბსიდირებს აფხაზეთის რეგიონს უფასო ელექტროენერგიით. პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან და მაინც უნდა მივაწოდოთ დენი, მაგრამ არაფრით არ არის გამართლებული, რომ ოკუპირებული რეგიონი უფასო დენით მოვამარაგოთ. პოლიტიკოსებმა კეთილინებონ და რაღაცნაირი გზებით მიაღწიონ ისეთ ურთიერთობას, რომ ვითარება მოწესრიგდეს.

სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ დენი მიაწოდოს აფხაზეთს, მაგრამ არა - უფასოდ, ეს უნდა გავითვალისწინოთ. გასატარებელია ისეთი ღონისძიებები, რომ გადახდის პრეცედენტი გაჩნდეს, რაც სიტუაციას დაარეგულირებს. ენერგოქაოსი აფხაზეთს არ აძლევს განვითარების საშუალებას, როცა იქ შეიძლება, ახალი ჰიდროსადგურები ამუშავდეს და ძველი ჰესების რეაბილიტაცია მოხდეს. ამის შესაძლებლობა არის, მაგრამ ეს რესურსი აფხაზების სასიკეთოდ ვერ ვითარდება", - აცხადებს "რეზონანსთან" მარგველაშვილი. მისი თქმით, ენერგოპოლიტიკა შესაცვლელია, რათა ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების კუთხით სამართლიანი კომუნიკაცია შედგეს.

"ცხადია, ჩვენ გამრიცხველიანებას ოკუპირებულ რეგიონში ვერ მოვახდენთ, მაგრამ თვითონ აფხაზებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, თუ უნდათ წესრიგის მიღწევა და ნორმალური ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენა ქვეყანაში. დიდი რაოდენობით ელექტროენერგია იფლანგება", - ამბობს ენერგეტიკოსი.

იმის გასარკვევად, თუ როგორია გამრიცხველიანების პროცესთან დაკავშირებით აფხაზური მხარის პოზიცია, "რეზონანსი" რამდენიმე ადგილობრივს დაუკავშირდა. ისინი ამბობენ, რომ სეპარატისტებს გამრიცხველიანების პროცესთან დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. გალის ქვედა ზონის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებ მამუკა ვახანიას თქმით, რეგიონში გამრიცხველიანების პროცესს გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვიდრე - მომხრე.

"მთავრობის პოზიცია არ ვიცი, მაგრამ სიტუაცია ისეთია, რომ გამრიცხველიანებას ხელოვნურად ექმნება ბარიერი. სოხუმში ტრანსპორტის სფეროში ვმუშაობ და ყველა რაიონს ძალიან კარგად ვიცნობ. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ არსად პროცესი არ დაწყებულა და ამაზე საუბარიც კი არ სურთ. საქმე საქმეზე რომც მიდგეს, ყველანაირად შეეცდებიან ხელის შეშლას. არანაირი გამიჯვნა არ არის და მოსახლეობას არათანაბრად უწესებენ გადასახადს, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას არავინ ითვალისწინებს.

ხალხი გამრიცხველიანებას სიამოვნებით დაუჭერს მხარს, მაგრამ მაღალი რანგის მოხელეები ყველა ღონეს გამოიყენებენ, რომ არ დაუშვან და ხელი შეუშალონ ამ პროცესს. იმედია, ახლა მაინც დაფიქრდებიან, როცა აქაურობა ჩაბნელდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, დენს უწყვეტად ვიღებდით, მაგრამ აფხაზეთის სოფლების უმეტესობა ისედაც ჩაბნელებული იყო. არ ვიცი, სად მიდიოდა ეს დენი და როგორ იფლანგებოდა", - ამბობს მამუკა ვახანია.

მოსახლეობის პოზიციას სპეციალისტებიც იზიარებენ. "ექსპერტთა კლუბში" აცხადებენ, რომ გამრიცხველიანების პროცესთან დაკავშირებით ოკუპირებულ რეგიონში ბევრი წინააღმდეგობაა და ეს პროცესი დიდხანს მოუგვარებელი დაჩება, თუკი ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა არ შეიცვლება.

"ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ჩვენი ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი აფხაზეთში ბიტკოინის გამომუშავების პროცესს ხმარდება.

"გრაფიკის დაწესება ჩვენი მთავრობის მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ - დროებითი. მიდგომა საბოლოოდ შესაცვლელია, თუმცა რაც არ უნდა ვიმსჯელოთ, ელექტროენერგიის მიწოდებაზე აფხაზეთს ჩვენი ქვეყანა უარს ვერ ეტყვის. ამ საზღაურს, ფაქტობრივად, საქართველოს მთელი მოსახლეობა იხდის. აფხაზები ყოველთვის მალავენ, რომ ჩვენი ქვეყნის მხრიდან ეს შეღავათი აქვთ. ასე მუდმივად არ გაგრძელდება, რომ მათ მიჰქონდეთ ჩვენი დენი და არ იხდიდნენ გადასახადს, ენერტეგიკული პოლიტიკა აფხაზეთთან დაკავშირებით აუცილებლად შეიცვლება.

ამდენი ხანი უფასოდ მიჰქონდათ ჩვენი დენი და ახლა მაინც უნდა მივიდეს იქამდე საქმე, რომ გამრიცხველიანების პროცესი დაიწყოს. ჯერჯერობით აფხაზებს საამისო არც სურვილი აქვთ და არც ნება", - ამბობს "რეზონანსთან" ცქიტიშვილი.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში "ენგურჰესმა" და "ვარდნილჰესმა" 265,056 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს. ამ პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონმა 254,333 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიყენა. იანვარში "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთს მიეწოდა, რაც 254 მლნ კვტ/სთ-ზე მეტია."გრაფიკის დაწესება ჩვენი მთავრობის მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ - დროებითი. ამდენი ხანი უფასოდ მიჰქონდათ ჩვენი დენი და ახლა მაინც უნდა მივიდეს იქამდე საქმე, რომ გამრიცხველიანების პროცესი დაიწყოს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×