ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი ხმაური და დებატებია თემაზე, უნდა დაიწყოს თუ არა შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობის მოძიება-წარმოება. მომხრეები აცხადებენ, რომ ეს "რესპუბლიკას" უზარმაზარ ფულს მოუტანს, რაც მათ უფრო მეტ დამოუკიდებლობას მისცემს და ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, დაპირისპირებული მხარე კი აცხადებს, რომ აფხაზეთი, ეს პატარა "რესპუბლიკა", ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგება, რაც მათ დაღუპავს. პლუს, პროექტი კორუფციულია და მხოლოდ ჩინოვნიკების გამდიდრება მოხდება, ამიტომ ის უნდა შეჩერდეს
.ამ დებატებისას ასევე ისმის კიდევ ერთი კითხვა - საერთოდ არის თუ არა აფხაზეთში ნავთობი, რადგანაც წლებია, ნავთობის მარაგზე განცხადებები კეთდება, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არანაირი სერიოზული კვლევა არ ჩატარებულა და არც რაიმე საპროგნოზო მონაცემი არსებობს აფხაზეთში არსებულ ნავთობის მარაგების შესახებ.
მიუხედავად ამისა, თემა ძალიან გააქტიურდა და ნავთობის მოპოვება-წარმოების საკითხი დიდი განხილვის საგანი გახდა დე ფაქტო პარლამენტში, სადაც კითხვებზე პასუხის გასაცემად მიიწვიეს ამ პროექტთან დაკავშირებული ყველა ყოფილი და მოქმედი "მინისტრები", მათ შორის - ყოფილი და მოქმედი დე ფაქტო პრემიერები, ასევე კომპანიების, "როსნეფტისა" და "აფსნი ოილის" წარმომადგენლები, რომლებთანაც არის გაფორმებული ხელშეკრულება აფხაზეთში ნავთობის მოძიება-წარმოების შესახებ.
განხილვის საგანი გახდა, როგორ გაფორმდა ეს შეთანხმება და გაიცა ლიცენზიები, გაითვალისწინეს თუ არა აფხაზეთის გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ინტერესები. განხილვა დიდი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ე.წ. დეპუტატების ნაწილმა "ხელისუფლება" კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა.
ე.წ. დეპუტატმა ალმას ჯოპუამ განაცხადა, რომ სახეზეა კორუფციული შეთქმულება ყოფილი და მოქმედ "ხელისუფლებასა" და ნავთობმწარმოებელ კომპანიებს შორის.
"დეპუტატების" ნაწილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ პასუხები ვერ მიიღეს და გადაწყდა, რომ მომავალ სხდომაზე "საპარლამენტო კომისიის" შექმნა მოხდეს.
ე.წ. პარლამენტში ამ შეკრების პარალელურად კი შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა ეკოლოგიის დაცვისა და ნავთობის მოპოვება-წარმოებაზე არსებული პროექტის შეჩერების მოთხოვნით.
აფხაზეთში ნავთობის მოპოვება-წარმოებაზე საუბარი ახალი არ არის და წლებია, დროდადრო აქტიურდება დებატები მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის. ამჯერად თემას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა დაუბრუნდა და კომპანიებს "როსნეფტსა" და "აფსნი -ოილსს" დაზვერვითი და ნახშირწყალბადის მოპოვებითი სამუშაოებისთვის ლიცენზია გაუგრძელა. სწორედ ამან გამოიწვია ხმაურის ახალი ტალღაც, ითქვა, რომ ლიცენზიის გაგრძელება კორუფციული შეთანხმებით მოხდა.
როგორც გამოცემა "ჯემნიუსი" წერს, ნავთობის მარაგების შესახებ აფხაზური ისტორია ასეთია: აფხაზი გეოლოგი პეტრე კაზანბა, ვინც მაშინ საბჭოთა გეოგრაფიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამმართველოს განყოფილების უფროსი იყო, ამბობს, რომ 1980-იან წლებში ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში 2 900 მეტრის სიღრმეზე ძალიან კარგი ხარისხის ნავთობი აღმოაჩინეს და რამდენიმე ჭაბურღილიც გაითხარა, თუმცა ომის გამო სამუშაოები შეწყდა.
კაზანბა ამბობს, რომ შესაძლებელია, დღეში 10-დან 15 ტონამდე ნავთობის ამოღება მოხდეს, რაც არცთუ დიდი მოცულობაა, თუმცა აფხაზეთში ნავთობის მოპოვებაზე გეოდეზიური დაზვერვის მონაცემები დოკუმენტურად არავის წარმოუდგენია. აფხაზები ამბობენ მხოლოდ იმას, რომ საბჭოთა დროს აფხაზეთში ნავთობის მოპოვების პროექტი არსებობდა და ის უნდა განახლდეს.
2010 წელს აფხაზეთის მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ საბჭოთა ეპოქაში აფხაზეთის სანაპიროზე 22 ჭაბურღილი იყო, რომ გუდაუთაში დიდი მარაგებია და ამის შემდეგ ნავთობის მოპოვების პროექტზე მუშაობაც დაიწყო.
2010 წელს რუსულ კომპანია "როსნეფტსა" და აფხაზურ კომპანია "აბხაზტოპს" შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას კომპანია "რნ-აბხაზიას" შექმნის შესახებ, რომელშიც 51% "როსნეფტს" ეკუთვნის და 49% - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას.
2013 წელს კი გაფორმდა ხელშეკრულება და ამ ერთობლივ კომპანიას შავი ზღვის გუდაუთის შელფში 45 წლის ვადით ნავთობის დაზვერვისა და მოპოვების უფლება მიეცა. სამუშაოები დაიწყო, მაგრამ ორი წლის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი ანერვიულდა. 2015 წელს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ლიცენზიას აჩერებდა და ქმნიდა კომისიას ეკონომიკური მოგებისა და ეკოლოგიური რისკების შეფასებისათვის. "როსნეფტმა" ამ შეჩერების გამო კომპენსაცია მოითხოვა. 4 წლის შემდეგ კი, 2019 წლის იანვარში, დე ფაქტო მთავრობამ გეოლოგიური კვლებებისა და ნავთობის მოპოვების ლიცენზიის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
ლიცენზიის გაგრძელებას მოჰყვა პროტესტი. გაიმართა ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ აქციაც. ზოგმა მოითხოვა, რომ რეფერენდუმი ჩატარებულიყო, რისთვისაც შეიქმნა 28-კაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომლებიც ნავთობის მოპოვებაზე მორატორიუმის 20 წლით შემოღებას ითხოვდნენ, დაიგეგმა აქციაც, თუმცა მიტინგზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა და ამიტომ რეფერენდუმის მოთხოვნაც გაქრა.
აფხაზეთში პროექტის მოწინააღმდეგეები აქტიურად საუბრობენ ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეზე, იმაზე, რომ პატარა აფხაზეთის კურორტების ნავთობის კოშკურებთან დაკავშირება ძალიან სახიფათოა, რადგანაც დიდ ქვეყნებს, ნავთობის დაღვრის შემთხვევაში, შეუძლიათ, საკუთარ თავს უფლება მისცენ, თავიანთი ტერიტორიის ნაწილი დააკონსერვონ, აფხაზეთი კი, ტერიტორიის სიმცირის გამო, ამას ვერ იზამს.
"ექსპერტთა კლუბის" წევრ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, ნავთობის თემა აფხაზეთში მორიგი ვაჭრობის საგანია.
"არის გარკვეული ლობისტური ჯგუფი, ვინც ამ საქმიდან წლებია, რაღაც სარგებელს იღებს, მეორე ჯგუფი კი, ვინც სარგებელს ვერ იღებს, ამ პროექტს აპროტესტებს. უბრალოდ გავლენებისა და ფულის გადანაწილებაზე მიდის ჭიდილი.
"არანაირი ნავთობის მოპოვება აფხაზეთში არ მოხდება. იქ ისედაც არ არის საუბარი დიდ მარაგებზე. "როსნეფტის" სურვილი იყო, აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე მონოპოლია ჰქონოდა და ეს მოიპოვა. რაღაც დაზვერვის სამუშაოები რუსულმა კომპანიამ წლების წინ წამოიწყო, მაგრამ შეჩერდა, ახლა ისევ გააგრძელეს ლიცენზია და ამას მოჰყვა აფხაზების მხრიდან საკითხის გააქტიურება.
"აფხაზების მთავარი ინტერესი ნავთობის მოპოვება კი არ არის, არამედ - "როსნეფტიდან" რომელი აფხაზური ჯგუფი მიიღებს მეტ ფულს, მეტ სარგებელს ლიცენზიის განახლებით და ამიტომაცაა ხმაური", - ამბობს ცქიტიშვილი.
ლი: "არანაირი ნავთობის მოპოვება აფხაზეთში არ მოხდება. იქ ისედაც არ არის საუბარი დიდ მარაგებზე. "როსნეფტის" სურვილი იყო, აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე მონოპოლია ჰქონოდა და ეს მოიპოვა".