რეზონანსი
20.02.2019

 კვირა არ გავა, ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების ამბავმა არ მოაღწიოს საქართველომდე. თითოეულის უკან უდიდესი ტკივილი დგას. საფრანგეთში მცხოვრები დიანა ჭანკოტაძე ემიგრანტების ტკივილზე წერს:

"ხაშურელი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ემიგრაციაში გული გაუჩერდაო. ორი პატარა შვილი დატოვა, ისე, რომ ვერც კი გამოეთხოვა ბოლო წუთებში. მე არ ვიცნობდი, მაგრამ წარმოვიდგინე, რა არის ეს.

გუშინ ერთმა ქალბატონმა იტალიიდან შუაღამისას მომწერა, ვგიჟდები, კედლებს ველაპარაკები, შვილები მენატრება და თუ შეიძლება, ვილაპარაკოთო. სადღაც ჩემი სტატია წაუკითხავს და უნდოდა დარდის გაზიარება.

თბილისიდანაც დამიმეგობრდა ასაკოვანი ქალბატონი, ქალიშვილი და სამი შვილიშვილი წამივიდა საფრანგეთში, ვერ ვუძლებ მათ მონატრებას, წლებია ვერ ვნახულობ, ვერც ვუმხელ, რომ არ ინერვიულონ და თანდათან ვკვდები უიმათოდო.

წარმოიდგინეთ, რამდენი ქალი წავიდა იძულებით ემიგრაციაში. ვინმეს, ნეტავ, დაუთვლია? მათ დატოვეს ყველაზე ძვირფასი, სამშობლო კი არა, არამედ შვილები, დედები. რამდენი ქართველი ქალი დაბერდა ასაკზე ადრე დღედაღამ ტირილში. ამ ქალებს არა საკუთარი სურვილით, არამედ გამოუვალი მდგომარეობით და შვილების გამოკვების მიზეზით დაერქვათ ემიგრანტები.

მე არ გამივლია ემიგრანტობის ამგვარი გზა, მაგრამ ვგრძნობ და მტკივა, რადგანაც არაერთი ასეთი ქალია ჩემ გარშემო, ბევრი მათგანი საკუთარი ნათესაობიდან. დატოვებული მეც მყავს, ჩემს გზას მომზირალი მოხუცი ბებო…" - წერს დიანა ჭანკოტაძე.

(სარკენიუსი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×