თამარ შუკვანი
20.02.2019

 „ეს გაზსადენი ევროპისათვის საფრთხეს წარმოადგენს, - მისი გამტარუნარიანობა 55 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს და ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, გერმანია კიდევ უფრო ლოიალურად იქნება განწყობილი რუსეთის მიმართ. საერთო ჯამში, ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე გაიზრდება, რაც შესაბამისად, გაზრდის ევროკავშირის პოლიტიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე" - აღნიშნავს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მნიშვნელობასა და მისი მშენებლობის შეჩერების აუცილებლობის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას.

უკრაინა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესებისაკენ მოუწოდებს და „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს, - მოუწოდებს, წარმოიდგინონ თუ რა შედეგები მოჰყვება მის მშენებლობას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა ისაუბრა.

„თუ რუსეთი თვითონ არ გაჩერდება, მაშინ რუსეთის გაჩერებაა საჭირო", - აღნიშნა პავლო კლიმკინმა.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობა ევროპის პოლიტიკურ გავლენებს შეამცირებს, რუსეთზე დამოკიდებულს კი - გახდის. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გაზის ტრანზიტი უკრაინის გვერდის ავლით უნდა განხორციელდეს.

„აშშ, უკრაინა და სხვა ქვეყნები თვლიან, რომ ეს პროექტი არის სერიოზული რისკების შემცველი, რადგან, მიზანი ამ პროექტისა, რუსეთის გაზის ევროპაში გატანაა უკრაინის ტრანზიტის გვერდის ავლით, - მიწოდება ისეთი მიმართულებით, რომელიც უკრაინაში ამ გაზის ტრანზიტს გამორიცხავს. პრობლემა ეს გახლავთ და სწორედ ამასთან დაკავშირებით არსებობს კამათი.

„გერმანია, სამწუხაროდ, ამ პროექტს მხარს უჭერს, რადგან თავის დროზე არაერთი გერმანული კომპანია იყო მოზიდული ამ პროექტის დაპროექტებისა და რეალიზაციისათვის მზადების პროცესში," - აღნიშნა მენაღარიშვილმა.

ჩიტაძის აზრით, ამ პროექტის განხორციელება უარყოფითი გავლენების იქნება, რასაც ასევე რუსეთის პოლიტიკური გავლენების გაძლიერება მოყვება.

„ეს პროექტი უნდა განხორციელდეს უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლითა და ბალტიის ზღვის ფსკერზე. უკრაინის სატრანზიტო ფუნქციაზე ამ პროექტის განხორციელება ნეგატიურად აისახება და იგი წარმოქმნის საფრთხეს; ვიცით, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამაც არაერთი განცხადება გააკეთა ამ პროექტთან დაკავშირებით - ეს პროექტი საფრთხეს შეუქმნის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას და შესაძლოა ხელი შეუწყოს რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის გაძლიერებას.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2" გულისხმობს რუსეთიდან გერმანიის მიმართულებით ბალტიის ზღვის ფსკერზე მილსადენის მშენებლობას, რომლის გამტარუნარიანობა 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია. გარკვეულწილად, ამ პროექტმა შესაძლებელოა ეკოლოგიური კატასტროფა შექმნას, მაგრამ პოლიტიკური შედეგი გაცილებით უფრო სავალალო შეიძლება იყოს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ გერმანია აღნიშნულ პროექტს მხარს დაუჭერს, თუმცა, ევროკავშირი სანაცვლოდ გარკვეულ დათმობებზე წასვლას მოსთხოვს, როგორიცაა - უკრაინაზე ტრანზიტის შენარჩუნება.

„უკანასკნელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირი, პრინციპში, ამ პროექტის რეალიზაციას მხარს დაუჭერს; შესაბამისად, გერმანიას საშუალება ექნება ამ პროექტს მხარი დაუჭიროს, მაგრამ რუსეთს გაზის ტრანზიტის შენარჩუნებას მოსთხოვენ, - უკრაინაზე სატრანზიტო მიმართულების შენარჩუნებას გარკვეული მოცულობით.

„აშშ და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან სერიოზულად ეწინააღმდეგებიან მის რეალიზაციას. ტრამპმა ამ პროექტს პირდაპირ უწოდა რუსეთის მახეში გერმანიის მოქცევის მიზნით შექმნილი პროექტი," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×