ია აბულაშვილი
20.02.2019

 "ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, მმართველი გუნდი ეკა ბესელიას ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, მმართველი გუნდი აგრძელებს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მუშაობას. ასევე ამზადებს ინიციატივას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, ამისთვის კი ვენეციის კომისიას თხოვს ჩაერთოს პროცესში.

"მმართველი გუნდის მიერ გამოითქვა მზადყოფნა კონსტიტუციურ ფარგლებში ემსჯელათ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვანად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე სასამართლოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს" - ასეთი განცხადება გააკეთა პოლიტსაბოს სხდომის შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

"ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, კობახიძის ამ განცხადებას საზოგადოების მიმართ პოლიტიკურ კეკლუცობას უწოდებს და ამბობს, რომ პარტიული დისციპლინით უნდათ კანონპროქტის ჩაგდება.

"ამ განცხადებით აღიარეს, რომ არ აპირებენ კანოპროექტის მხარდაჭერას, დემოკრატობანას რომ თამაშობს "ქართული ოცნება" პარტიული დისციპლინით უნდა, რომ კანონპროექტი ჩააგდოს. ეს განცხადება არის პოლიტიკური კეკლუცობა საზოგადოების მიმართ და არა მზაობა რეფორმები გაატარონ სასამათრლო სისტემაში.

"ოცნება" აცდენილია რეალობას და ვხედავთ, რომ ხელისუფლების უზურპაციის გზას ადგას. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა, და ამ ახალგაზრდა ადამიანებს სურთ დიდი ხნით ხელისუფლებაში დარჩენა, ისე, რომ საზოგადოების მოთხოვნები არ გაითვალისწინონ და არ ემსახურონ ხალხს"- განაცხადა "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×