„ნატო, ბოლო პერიოდში, ცდილობს, რომ შავი ზღვის მიმართულებით უფრო გააქტიურდეს, რაც საქართველოს ინტერესებშიც ჯდება, რადგან შავი ზღვიდან ნატო-სთან დაახლოების ეს ერთ-ერთი უმოკლესი გზაა, თუმცა, ეს ტექნიკურად როგორ განხორციელდება, ძალიან რთული სათქმელია.
"არსებობს „მონტროს" ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, არა შავი ზღვისპირა ქვეყნებს შავ ზღვაში ხომალდები შეუძლიათ ჰყავდეთ არაუმეტეს 21 დღე-ღამისა," - შავ ზღვაში ნატო-ს ოთხი ხომალდის შესვლისა და შავი ზღვის აკვატორიაში არსებული ვითარების შესახებ, აღნიშნავს „არესანალის" მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.
შავ ზღვის აკვატორიაში ნატო-ს ოთხი ხომალდი შევიდა, რომლის მიზანსაც შავ ზღვაში მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნების მეზღვაურებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესებაა. ამასთანავე, ხომალდები წვრთნებშიც მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო-საზღვაო ძალების სამეთაურო შტაბი ავრცელებს.
„ხომალდების ჯგუფი გეგმურ პატრულირებას ატარებს, რომლის მიზანიც შავ ზღვაში მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნების მეზღვაურებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესებაა. ხომალდები მონაწილეობას მიიღებენ წვრთნებში სახელწოდებით - „პოსეიდონი", რომლის ორგანიზატორები რუმინეთი და ბულგარეთი არიან," - ნათქვამია განცხადებაში.
შავ ზღვაში ნატო-სა და რუსეთის მკვეთრი გააქტიურება შეინიშნება; რას შეიძლება ნიშნავდეს ეს და ამ პროცესებში საქართველო როგორი სახით შეიძლება იყოს ჩართული?
ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ შავი ზღვა, ცივი ომის პერიოდში და დღესაც, სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობის წერტილს წარმოადგენს და ინტერესთა სფეროს გაფართოება, თუ გააქტიურებაც, სწორედ ამ კუთხით აიხსნება.
„შავი ზღვის აკვატორია ყოველთვის, წარმოადგენდა სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებას, თუნდაც საბჭოთა კავშირის პერიოდში, ჯერ კიდევ ცივი ომის დროს და ასევე ნატოსთვისაც. ცივი ომის დროს შავ ზღვაში საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტი იყო და ასევე რუმინეთისა და ბულგარეთის ფლოტებიც, რომლებიც საბჭოთა ბანაკს მიეკუთვნებოდნენ. როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა, დარჩენილი იყო თურქეთი, - მისი საზღვაო ძალები.
„შავ ზღვაში მაშინ, რა თქმა უნდა, საბჭოთა ფლოტი დომინირებდა, მაგრამ მას შემდგომ, რაც ცივი ომი დასრულდა, გასული საუკუნის 90-იან წლებში და 21-ე საუკუნის დასაწყისში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მისი შესაძლებლობით უკვე საკმაოდ დაეცა, სამაგიეროდ თურქეთის ფლოტი დომინირებდა. ამასთანავე, ბულგარეთი და რუმინეთიც ნატო-ს წევრი ქვეყნები გახდნენ," - ამბობს ის.
მისი თქმით, რუსეთის უფრო მეტად გააქტიურება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ შეინიშნება და ფაქტობრივად, დღეს ის უკვე დომინანტურ პოზიციას იკავებს, - შავ ზღვაში რუსეთს ერთ-ერთი ძლიერი ფლოტი ჰყავს.
„გარდა ამისა, საქართველო და უკრაინა ნატოს თანაუგრძნობდნენ, ანუ, დღეს შავი ზღვის აკვატორიის ექვსი ქვეყნიდან, რომელსაც გასასვლელი აქვს, სამი ნატო-ს წევრია და ორი - თანაუგრძნობს ნატო-ს. ახლა მარტოა დარჩენილი რუსეთი, მაგრამ მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდგომ, რუსეთმა გამალებულად დაიწყო შავი ზღვის ფლოტის გადაიარაღება და დღეს, ამ ეტაპზე, შავ ზღვაში უკვე ერთ-ერთი ძლიერი ფლოტი ჰყავს.
"ეს გამოიკვეთება იმაში, რომ ახალი კორვეტები და ექვსი დიზელძრავიანი წყალქვეშა ნავი შემოიყვანა, რომელსაც ასევე შეუძლიათ კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება. ეს უკვე სერიოზული ძალა არის," - აცხადებს ის.
ალადაშვილის განცხადებით, „მონტროს" ხელშეკრულების თანახმად, ის ქვეყნები, რომელიც შავი ზღვისპირა ქვეყნებს არ წარმოადგენენ, მხოლოდ სამი კვირის განმავლობაში შეუძლიათ შავ ზღვაში ხომალდების განთავსება, თუმცა შეზღუდვების გარეშე, იგივე ქმედება შეუძლია განახორციელოს რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა, - ამ სამ ქვეყანას შესაძლებლობა აქვს ხომალდები მუდმივად ჰყავდეს შავ ზღვაში.
„აშშ-ს შეუძლია თავისი ხომალდი შემოიყვანოს შავ ზღვაში მხოლოდ ამ სამი კვირის განმავლობაში, შემდგომ კი აუცილებლად უნდა გაიყვანოს. ეს გარკვეულ პრობლემას ქმნის, რომ ნატო-ს შავ ზღვაში უფრო ძლიერი, მუდმივი საზღვაო ესკადრა ჰყავდეს, თუმცა გამოსავალი არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ექვსი ქვეყნიდან სამი, როგორც აღვნიშნე ნატო-ს წევრია და მათ შეუძლიათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე თავიანთი ხომალდები მუდმივად ჰყავდეთ შავ ზღვაში" - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ნატო-ს დახმარებით საქართველოსა და უკრაინას ფლოტების გაძლიერება თუ აღდგენა შესაძლებელია, რაც დროის საკითხია.
„ამასთანავე, თუ ნატო უკრაინასა და საქართველოს, ფლოტების გაძლიერება-აღდგენაში დაეხმარება, ესეც წარმატებული ნაბიჯი იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს," - დასძინა მან.
ალადაშვილის განცხადებით, რუსეთის რეაქცია ნატო-ს გააქტიურებასა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ხომალდების შავ ზღვაში გამოჩენაზე, საკმაოდ მძიმეა, რადგან მას ჰგონია, რომ „შავი ზღვა მისი შიდა ზღვაა."
„რუსეთი, როგორც ყოველთვის, ამ ყველაფერზე მძიმედ რეაგირებს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; ნებისმიერი ქვეყნის ხომალდების დანახვა მას აღიზიანებს, რადგან მიაჩნია, რომ შავი ზღვა ეს მისი შიდა ზღვა არის. რასაც ის აკეთებს აზოვის ზღვაში, უკრაინასთან მიმართებაში, იგივე სურს გააკეთოს მთლიანად შავ ზღვაში დანარჩენი ქვეყნების მიმართაც.
„რაც შეეხება აფხაზეთში, ოჩამჩირეში ამ ეტაპზე განთავსებულია რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის შემავალი სასაზღვრო ჯარების სანაპირო დაცვის რამდენიმე კატარღა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთს ოკუპირებული აქვს და ყირიმის ნახევარკუნძული ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მილიტარიზებული იყო, ახლა რუსეთმა იგივე დაიწყო; მან ძალიან სერიოზული შეიარაღება განათავსა, მათ შორის ხომალდების საწინააღმდეგო რაკეტები, ასევე საზენიტო სისტემები და მას, ფაქტობრივად, შეუძლია იგივე ყირიმის ნახევარკუნძულიდან, ისე რომ ზღვაში ხომალდი არც კი გაიყვანოს, შავი ზღვის თითქმის ყველა ქვეყანამდე მიაღწიოს, - სარაკეტო დარტყმა მიაყენოს, მათ შორის ბოსფორის სრუტესაც და ჩაკეტოს ის," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.