პოლიტიკაში შესაძლოა კიდევ ერთი „გაბრაზებული ბიზნესმენი" ვიხილოთ. ყველას ყურადღება მამუკა ხაზარაძისკენ არის მიმართული - რა ტაქტიკას აირჩევს „თიბისი" ბანკის მფლობელი, რათა მძიმე ბრალდების საწინააღმდეგოდ თავისი სიმართლე დაამტკიცოს.
პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ხაზარაძემ ბრძოლის მეთოდად პოლიტიკური ასპარეზი გამოიყენოს და ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნას. მათი აზრით, თუკი ხაზარაძე პოლიტიკაში ჩართვას გადაწყვეტს, ეს დიდი საჩუქარი იქნება ოპოზიციისთვის და დიდი თავსატეხი - ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც მოსუფთავებულ პოლიტიკურ ველზე ახალ მოწინააღმდეგეს შეიძენს.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თეორიულად გამორიცხული არაფერია და პირდაპირ გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ხაზარაძე პოლიტიკაში არ წავა. მისი აზრით, ყველაფერი განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.
„გამომდინარე იქიდან, რომ „ოცნებას" ელექტორალური ბაზა აღარ აქვს, მისი მთავარი იარაღი პოლიტიკაში მხოლოდ რესურსებია. რა თქმა უნდა, ქვეყანაში ალტერნატიული პოლიტიკური რესურსის გაჩენა მმართველ გუნდს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. მათ სხვა აქტივი აღარ გააჩნიათ.
"ახლა ესენი მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ ყველა ალტერნატიული რესური გადაკეტონ და ყველა დაახრჩონ. ბუნებრივია, ხაზარაძე თუ პოლიტიკურ ველზე შემოვიდა, ეს მათთვის კატასროფის ტოლფასი იქნება. მას საკმააოდ დიდი რესურსი აქვს" - აცხადებს „რეზონანსთან" ხუხაშვილი.
მისივე თქმით, ხაზარაძეს რომ ხალხმა დაუჯეროს, უფრო მეტი გამჭვირვალეობაა საჭირო. რაც მან ბოლო დღეების განმავლობაში დაიწყო კიდევაც. ხუხაშვილი ამბობს, რომ ხაზარაძე პოლიტიკურ დისკუსიაში არ შედის და ეს სწორი ტაქტიკაა. თუმცა, ამასთანავე ის მზად არის, რომ საქმის მაქსიმალური ტრანსფარენტულობა მოხდეს.
„ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული საზოგადოებას რამდენად დაარწმუნებს, რომ ყველაფერი სუფთად არის. მან რომ ღიაობაზე უკვე მზადყოფნა გამოთქვა, ეს თავის მხრივ ძალიან კარგია. ბუნებრივია, თუ თავისუფალი და დამოუკიდებელი რესურსი გამოჩნდა, რომელიც „ოცნებასთან" ოპერირების რეჟიმში იქნება, საქმე ძალიან ცუდად ექნებათ.
"პარტიის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნება მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ესაა ბაბილონის გოდოლი, რომელიც ნგრევის პროცესშია. რაც არ უნდა რესურსები კეტონ, ხაზარაძე თუ პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს, ის ყველაფერს კიდევ უფრო შეარყევს", - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ახლა ქვეყანაში იმდენად მოსუფთავებულია პოლიტიკური ველია, რომ ხაზარაძის მსგავსი კარგი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანის პოლიტიკაში შემოსვლა „ოცნებისთვის" კატასროფა იქნება.
მისი აზრით, ის თუ პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს, ჯერ საზოგადოება უნდა დაარწმუნოს, რომ მართალია და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრობს პოლიტიკოსობა. ჩიტაძე მბობს, რომ არც ის არის გამორიცხული, მან შექმნას დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, რომლის უკანაც დადგება და მას ფინანსურად უზრუნველყოფს.
„მგონია, რომ ხაზარაძე თუ პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს, მას „ნაციონალებთან" და „ევროპულ საქართველოსთან" თანამშრომლობა გაუჭირდება. სავარაუდოდ, ის ალბათ უფრო შეეცდება, რომ დამოუკიდებელი მოთამაშე იყოს და ეს გასაკვირიც არ იქნება. მას ამის საკმაოდ კარგი სოცილური კაპიტალი და რესურსები აქვს.
"ახლა „ოცნების" საქმე იმდენად ცუდად არის, რომ ასეთი ფიგურის პოლიტიკაში გამოჩენა, მათთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. ეს ივანიშვილისთვის სერიოზული გამოწვევაა, რადგანაც ასეთი დივიდენდების უკონტროლო პოლიტიკური მოთამაშე მან კარგად იცის რასაც ნიშნავს. ბევრი რამ მოვლენების განვითარებაზეც იქნება დამოკიდებული, ხაზარაძეს ამის გაკეთებას რამდენად აიძულებენ" - აცხადებს ჩიტაძე „რეზონანსთან".