ეკატერინე ბასილაია
20.02.2019

 „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებამ უკვე პიკს მიაღწია. ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ უკვე მეორედ გააფრთხილა ბესელია და მისი „ამბოხებული" ჯგუფი, რომ მათ მოთხოვნებს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე „ოცნება" მხარს არ დაუჭერს და შესაძლოა ეს უკვე „ამბოხებულებისთვის" კარებისკენ ღია მითითებაცაა ივანიშვილის მხრიდან.

უკვე გამოკვეთილია, რომ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და გოგიჩაშვილი უმრავლესობას დატოვებენ და ეს ხუთშაბათს, 21 თებერვალს მოხდება. იმიტომ რომ, ბესელიას ჯგუფის კანონპროექტი, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნების 2025 წლამდე შეჩერებაზე პარლამენტი კენჭს ხვალ უყრის და როგორც უკვე გაცხადებულია, "ოცნება" მას ჩააგდებს.

პარალელურად „ამბოხებულ" სამეულს გაცხადებული აქვს, რომ კენჭისყრა გადაწყვეტს მათ წასვლა-დარჩენასაც. ამიტომაც, ყველა ელოდება, რომ „ამბოხებული" სამეული წავა, რითაც საკონსტიტუციო უმრავლესობასაც დაკარგავს „ოცნება".

ივანიშვილის გამაფრთხილებელი გზავნილი, თუ უკვე საბოლოო ვერდიქტი „ამბოხებულების" მისამართით ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადების სახელით.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ბესელიას ინიციატივას მხარს არ დაუჭერდა, რადგან ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, თანაც, ამ ჯგუფმა პროექტი „ოცნების" გუნდთან შეუთანხმებლად წარადგინა.

ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძე არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ძალიან აშკარაა, სწორედ ივანიშვილთან შეთანხმებითაა დაწერილი პოლიტსაბჭოს განცხადებაც, ბესელია ღიად ივანიშვილის კრიტიკას მაინც ვერ ბედავს.

პოლიტსაბჭოს განცხადების შემდეგ ივანიშვილმა ბესელია საკუთარ ბიზნესცენტრში დაიბარა. ბესელიამ მედიასთან განაცხადა, რომ ეს დახურული შეხვედრა იყო და ამაზე საჯაროდ არ ილაპარაკებს. მისივე თქმით, გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა და მას ამ ფორმით და ტონით პარტიაში არავინ ელაპარაკება.

„პირადად ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვებ თუ არა უმრავლესობას, დამოკიდებული იქნება ხვალინდელ კენჭისყრაზე. ახლა მთავარია, რას იზამს უმრავლესობა. დროებით შევაჩერებთ თუ არა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას. მე ვერავინ ვერ გამრიცხავს, ამის უფლებას თავს არავინ აძლევს, ამის უფლება არ აქვს არც პარლამენტის თავმჯდომარეს, ასეთი რამ არ უთქვამს არც პარტიის ლიდერს. არავინ მელაპარაკება ამ ტონით და ამ ფორმით", - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისათვის, სამშაბათს დილით ჯერ პოლიტსაბჭოს სხდომა შედგა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, შემდეგ კი ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადებას პოლიტსაბჭოს განცხადება გააცნო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციურ ფარგლებში დაიწყო მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე მსჯელობა, დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავება, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედი კონსტიტუციის დებულებებს.

ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული ინიციატივის მიღების შემთხვევაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა, საქმეთა განხილვა უფრო გაჭიანურდება, რამაც შესაძლოა, სასამართლოს პარალიზებაც გამოიწვიოს. ამდენად, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.

„ამავდროულად, ვაცხადებთ სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოვამზადოთ იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით. ამ მიზნით მივმართავთ ვენეციის კომისიას, ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში,"- წერია განცხადებაში.

ამ განცხადებას მოჰყვა კიდეც დაპირისპირების ახალი ტალღა. განცხადებების გაკეთდა ე.წ. ახლებიდან და ძირითადად აქცენტი იყო ის, რომ ბესელიას გუნდის კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია, ამიტომ მხარდაჭერა ვერ ექნება. ზოგიერთმა მათგანმა კი, მაგალითად მამუკა მდინარაძემ ბესელიას ჯგუფს კარისკენაც კი მიუთითა.

"თუ მიაჩნია რომელიმე დეპუტატს, რომ მის მიერ შექმნილ ანტიკონსტიტუციურ კანონს თუ ვინმე მხარს არ დაუჭერს, უნდა წავიდეს, ეს მისი გადასაწყვეტია,"- განაცხადა მდინარაძემ.

საპასუხო განცხადებები გაკეთდა ე.წ. ამბოხებულების მხრიდანაც.

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ შეეშალა პოლიტსაბჭოს, არასწორ ნაბიჯს დგამენ, არასწორ განცხადებებს აკეთებენ და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება მისთვის არ არის უმაღლესი ინსტანცია მორალური თვალსაზრისით.

მან ასევე უპასუხა თანაპარტიელების იმ ნაწილს, რომლებმაც ამბოხებულ დეპუტატებს პარტიიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღება ურჩიეს.

„ის ადამიანები, რომლებიც ამ ინიციატივით გამოვდივართ, ამ გუნდში არც მდგმურები არ ვართ და არც შემთხვევით მოვხვდით, არც ვიღაცის კაცის კაცები არ ვართ. ჩვენ ეს ადგილი არავისგან წყალობით არ მიგვიღია ასე, რომ რა გადაწყვეტილებებიც არ უნდა მივიღოთ, დარჩენის ან წასვლის თაობაზე, ყველა ეს გადაწყვეტილება იქნება ნაკარნახები იმ მორალური ღირებულებებით, რომლითაც ჩვენ ვართ პოლიტიკაში,"-განაცხადა ფოფხაძემ.

ლევან გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ არასერიოზულია პოლიტსაბჭოს განცხადება, სადაც წერია, რომ მათ კანონპროექტს არ განიხილავენ, მაგრამ მსგავს პროექტს თავად დაწერენ.

„გავაგრძელებთ მუშაობას იცით რას ჰგავს? ბიძინა გეგიძის პროექტი რომ ჩააგდეს რეკრეაციაზე და სპორტულ მოედნებზე, თბილისის მერის დავალებით და მერე კუჭავას ხელით ახალი კანონპროექტი შემოიტანეს, დაახლოებით ასეთი ვარიანტია. რას ნიშნავს, ახლა ჩავაგდებთ და ხვალ ვიმსჯელებთ, ეს არასერიოზულია. ამოდის, რომ რადგან ჩვენი ინიციატივაა გვეჯიბრებიან?! კი ბატონო, ოღონდ საქმე გააკეთონ და საერთოდ გავიწევით,"- ამბობს გოგიჩაიშვილი.

ეკა ბესელიამ კი პირადად ირაკლი კობახიძე დაადანაშაულა არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში.

მისი თქმით, არასწორია ის ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ და არ იყო ცნობილი უმრავლესობისთვის ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე.

„მე ორჯერ დავაყენე მათ შორის ბოლო სხდომაზე საკითხი უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას დაუჭერდით თუ არა მხარს, იდეას დაეთანხმა ყველა. არავის არც ერთ სხდომაზე არ უთქვამს, რომ არ ეთანხმება პრინციპს. გულში ვინ რას ფიქრობდა, არ ვიცი. არავის უთქვამს, რომ ეს იდეა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. შეეხება მეორე არგუმენტს, რომ ეს შეამცირებს მოსამართლეთა რაოდენობას, ეს არ არის სწორი,"- ამბობს ბესელია.

ბესელიამ და კიდევ 8 დეპუტატმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერებაზე პროექტი 7 თებერვალს. ხუთშაბათს პროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ და უკვე ცხადია, რომ მას მხარს არ დაუჭერენ. ამიტომ უკვე არის მოლოდინი, რომ ამ საკითხის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობას დატოვებენ ბესელია, ფოფხაძე და გოგიჩაიშვილი.

მათ ხუთშაბათსვე შეიძლება შეუერთდეს ასევე ბიძინა გეგიძეც, რომელმაც უკვე თქვა, რომ მოსამართლეების თემა მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია და ბესელიას გუნდის პოზიციას იზიარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×