ია აბულაშვილი
21.02.2019

 "აშკარაა, რომ მმართველი გუნდი გამოწვევებისთვის მზად არ იყო. ალბათ ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი დინებით მიდის, პრობლემები არ არის და მზე მათ სასარგებლოდ ამოდის, მაგრამ ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ "ქართული ოცნების" მართვის პირამიდას საყრდენი ეცლება," - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მმართველი გუნდი მხარს არ უჭერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მმართველი გუნდი აგრძელებს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მუშაობას და ახალი წინადებების მომზადებას.

პაატა ზაქარეიშვილი: აშკარაა, რომ მმართველი გუნდი არ იყო მზად გამოწვევებისთვის. ფიქრობდნენ, რომ პროცესები მიდიოდა დინებით, მათ სასარგებლოდ ამოდიოდა მზე და ღრუბლები არ იქნებოდა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ასე არ არის და დაიწყეს პასუხი საზოგადოების გამოწვევებზე.

ეს პროცესი დაიწყო ეკა ბესელიამ, პარლამენტის ახალგაზრდა გუნდს ამის გამოცდილება არ ჰქონდა. ამიტომ როგორც კი მიხვდნენ, რომ პროცესი მათ სასარგებლოდ არ მიდის, მოუწიათ პოსტფაქტუმ პროცესში ჩართვა და დაიწყეს სადავეების ხელში აღება, თუმცა ძალიან რადიკალური ნაბიჯებით მიდიან.

ეკა ბესელიას დასაკარგი არაფერი აქვს, იგი ან აგებს, ან მოიგებს ამ საქმეს, ამიტომ არის შემართებით. ბესელიაც და არასამთავრობოებიც კარგ გზაზე დგანან.

"რ": თუმცა ბესელიას ინიციატივასთან მიმართებით საპარლამენტო ოპოზიციაც თავს იკავებს, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასამართლო რეფორმაზე საკუთარიი ხედვა და გზა აქვთ.

პ.ზ: აშკარაა, რომ ოპოზიცია "ქართული ოცნების" არაკვალიფიციურობით მანიპულირებდა, რაც მათთვის ხელსაყრელი იყო. მაგრამ როცა პროცესი ეკა ბესალიას მეშვეობით დაიწყო და საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა მოიპოვა, ოპოზიცია მიხვდა, რომ კარგი იდეა ხელიდან ეცლება, რომელიც მათ მომავალ არჩევნებში ხმებს მოუტანდა. ამიტომ არიან შეშფოთებული, რომ ამ იდეის თავის თავზე მიბმა უნდოდათ.

"რ": ექსპერტთა ვარაუდით, სასამართლო თემაზე უფრო მწვავე შედეგი შეიძლება მოჰყვეს "თიბისი ბანკის" საქმეს, რომელმაც დიდი რეზონანსი შეიძინა. "ევროპული საქართველო" ხაზარაძეს საკითხის განხილვას პარლამენტის ფორმატში სთავაზობს.

პ.ზ: ხაზარაძეს ალბათ ბევრი რამ აქვს დასაკარგი და მისთვის შეიძლება ხელსაყრელია დროის გაწელვა ან კომპრომისი, მაგრამ საქმე ისაა, რომ თავად "ოცნებაში" არის ქაოტური სიტუაცია.

ოპოზიცია კი აღარ ლაპარაკობს, ინსტიტუციების შიგნიდან გამოჩნდა პრობლემები - სასამართლო სისტემა, განათლება, საბანკო სისტემა. "ქართული ოცნების" მიერ შექმნილ მართვის პირამიდას საყრდენი ეცლება.

ხაზარაძემაც ხმა ამოიღო და მცირე დოზით გამოუშვა საჯარო განცხადებები, ასევე, წერილი, რომელიც 7 ათას თანამშრომელს მისწერა. 7 ათას თანამშრომელს კი არ მისწერა, მისწერა საქართველოს და იმას, რაც ხდება, პოლიტიკურ შეფასებას აძლევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×