"პორტის მშენებლობა კი ისეთივე აბსურდია, როგორც აფხაზეთიდან მთვარეზე ტურისტული ხომალდის გაგზავნა"
მარი ჩიტაია
21.02.2019

 რუსები აფხაზეთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ემზადებიან. შესაძლოა, ოჩამჩირის საზღვაო აკვატორია ამის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც არანაირი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა არ არსებობს, პორტი ვერ იმუშავებს. აქედან გამომდინარე, ოჩამჩირეში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გამორიცხულია.

როგორც ჩანს, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომის პოლიტიკას არ ეშვება. ეს არის მიზანი, რის გამოც რუსეთმა პორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ანაკლიის პორტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე გაავრცელა.

"თაიმერის" ინფორმაციით, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში, რომელიც ზუგდიდიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობს, რუსეთი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას აპირებს. წყარო ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციას ეყრდნობა და ამბობს, რომ ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, მანამდე კი წინასწარი სახის სამუშაოები ჩატარდა.

ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან რუსეთის სპეცსამსახურები. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ კინდღში, რომელიც ანაკლიიდან 80 კილომეტრში მდებარეობს, რუსეთი პორტს სამხედრო გემებისთვის აშენებს.

"რეზონანსთან" საუბრისას სპეციალისტებმა დაასახალეს რამდენიმე მიზეზი, რაც აფხაზეთში პორტის მშენებლობას ხელს შეუშლის, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ, თეორიულად, იქ პროექტის განხორციელება დასაშვებია.

ეკონომიკური სამართლის ექსპერტ აკაკი ჩარგეიშვილის შეფასებით, აფხაზეთთან ნებისმიერი სავაჭრო-საბაჟო ურთიერთობა შეუძლებელია და იქ შესული ტვირთის განბაჟებას, რუსეთის გარდა, არც ერთი ნორმალური სახელმწიფო არ ცნობს.

"რუსეთის მხრიდან ეს არის პროვოკაციული განცხადება, კიდევ ერთი საინფორმაციო ომის საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა არ უარვყოფ, რომ ოჩამჩირის საზღვაო აკვატორია იძლევა საფუძველს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა. საბჭოთა კავშირის დროს ოჩამჩირეში იყო წყალქვეშა გემების ნავსაყუდელი და იქ გემებს არემონტებდნენ. თეორიულად, ეს დასაშვებია, მაგრამ რეალურად ვერ გაკეთდება და რომ გაკეთდეს, ვერ იმუშავებს, რადგან იურიდიული და გეოგრაფიული პრობლემა არსებობს როგორც სტატუსის, ასევე ტვირთის მიღების, გადამისამართების თვალსაზრისით.

აფხაზეთი ტვირთის ოფიციალური მიმღები ვერ იქნება. ვერავის იურისდიქციას ვერ დაექვემდებარება, ვერც რუსეთის, რადგან რუკაზე ეს ტერიტორია მონიშნულიც კი არ არის. ეს უფრო პროვოკაციული განცხადებაა და საინფორმაციო ომია რუსული პოლიტიკიდან გამომდინარე, რადგან ისინი კარგად ხედავენ ჩვენს მდგომარეობას, ანაკლიასთან მიმართებით რა სიტუაციაც გვაქვს. ეს ფაქტორი გამოიყენეს, რათა გვაჩვენონ, რა შესაძლებლობა აქვთ თავად და ამით ანაკლიის პორტის "ხარვეზი" დაგვანახონ," - ამბობს ჩარგეიშვილი "რეზონანსთან".

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ მართლაც წამოიწყონ იქ პორტის მშენებლობა, თუმცა იგი ვერ გაგრძელდება და რომც აშენდეს, ვერ იმუშავებს.

"არ მესმის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც იურიდიულად არარსებული სახელმწიფოა, რომელმა სახელმწიფომ უნდა გააგზავნოს ტვირთი ან რა საბაჟო ურთიერთობაზეა საუბარი?! აფხაზეთში შესული ტვირთის განბაჟებას არც ერთი ნორმალური სახელმწიფო არ ცნობს. აფხაზეთის დე-ფაქტო საბაჟო პროცედურები და აფხაზეთის საბაჟო ბეჭედი, როგორც ასეთი, დღეს არსად არ არის ცნობილი, ამ ფაქტორების გათვალისწინებით კი იქ პორტის მშენებლობა და ტვირთის გადაზიდვა შეუძლებელია.

პორტის ინფრასტრუქტურა შეიძლება აშენდეს, მაგრამ მისი მუშაობა დღეს არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ პირობებში წარმოუდგენელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სადემონსტრაციოდ (როგორც ინფორმაციულად, ასევე მატერიალური თვალსაზრისითაც) რაღაც შეიძლება გააკეთოს რუსეთმა, მაგრამ ვერაფერი გვაფიქრებინებს, რომ იქ შესაძლებელია, პროექტი სრულყოფილად განხორციელდეს," - ამბობს ჩარგეიშვილი.

ოჩამჩირეში პორტის მშენებლობას აფხაზეთის ექსპერტთა კლუბში კატეგორიულად გამორიცხავენ. ირაკლი ცქიტიშვილის ინფორმაციით, ეს რუსეთის მორიგი მიზანმიმართული პროვოკაციაა კონკრეტულ სიტუაციაში ანაკლიის პორტის გარშემო შექმნილი მდგომარეობის გამო.

"აფხაზეთში რუსეთს არანაირი საჭიროება არ აქვს, არც რესურსი და არც პერსპექტივა, რომ პორტი აშენდეს ოჩამჩირეში. ეს განცხადება ანაკლიის პორტის კონტექსტიდან გამომდინარეობს. ვიღაცამ თქვა, რომ პორტს ააშენებს, რაც სრული აბსურდია. არა მგონია, ეს იყოს სერიოზული თემა.

დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ ოჩამჩირეში დღეს არანაირი პორტი არ აშენდება. ღრმაწყლოვანი შეიძლება დაარქვან, თუ კიდევ გააღრმავებენ აკვატორიას იქ, სადაც წყალქვესა ნავები შეძლებენ შემოსვლას, ამაზე შორს ვერ წავლენ. პორტის მშენებლობა კი ისეთივე აბსურდია, რომ თქვან, აფხაზეთიდან მთვარეზე ვაპირებთ რუსები ტურისტული ხომალდის გაგზავნასო. სხვა შეფასებას ამ სიტუაციას ვერც მოვუძებნი," - ამბობს ცქიტიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×