ინვესტორთან შეთანხმება ჩაიშალა, ამ ეტაპზე არანაირი პერსპექტივა აღარ არსებობს
მარი ჩიტაია
21.02.2019

 "ცენტრ პოინტის" დაზარალებული მობინადრეებისთვის ბოლო შანსიც მოისპო. თბილისის მერიასა და კომპანია "მ2"-ს შორის შეთანხმება ვერ შედგა, რაც ნიშნავს, რომ "ცენტრ პოინტს" პერსპექტივა აღარ აქვს და დაზარალებული მეანაბრეები ბინებს ვერ მიიღებენ, რისი იმედიც მათ ბოლო დრომდე ჯერ კიდევ ჰქონდათ.

თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, "ცენტრ პოინტის" სამშენებლო ობიექტებს "მ2" აღარ გადაიბარებს.

"საბოლოო ჯამში, იმ პირობებზე, რაც დაზარალებულების ინტერესში შედიოდა, შეთანხმება ვერ მოხერხდა. ვერ დაითანხმეს "მ2" და შეიძლება პირიქითაც იყო.

მუნიციპალიტეტი არ გაჩერდება ამ პროცესში, სანამ გარკვეული ნორმალური, კარგი და საღი სცენარი არ დაიდება და არ მოხდება პროცესის დაძვრა მკვდარი წერტილიდან. პროცესს გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე არ მოხდება გარკვეულ მოდელზე შეთანხმება.

რაც შეეხება პირობებს, რამდენიმე ნიუანსი იყო, ერთი კონკრეტული მიზეზის გამო არ ჩაშლილა მოლაპარაკება, თორემ მემახსოვრებოდა. რამდენიმე საკითხი იყო, რომელმაც ეს პროცესი ჩიხში შეიყვანა," - აცხადებს ხმალაძე.

როგორც ჩანს, რამდენიმე თვის წინ გაჩენილი იმედი საბოლოოდ განადგურდა. ჯერ კიდევ მაშინ დედაქალაქის მერი აღნიშნავდა, რომ დაზარალებული მეანაბრეების პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებდნენ.

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა "ცენტრ პოინტის" დაზარალებულებთან. მოვისმინეთ მათი პრობლემები. ვტრიალებთ დეტალურად იმ საკითხის ირგვლივ, რომ მოგვარდეს ამ ადამიანების პრობელმა იმიტომ, რომ ათეულობით წლებია, ელოდებიან საკუთარ ბინებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ხელი შევუწყოთ მათ," - განაცხადა კალაძემ.

ფაქტია, რომ "ცენტრ პოინტთან" დაკავშირებულ პრობლემას სახელმწიფო თავს ვერ ართმევს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მერიამ ვერ შეძლო საინტერესო პირობების შეთავაზება ბიზნესისთვის და საჭიროების შემთხვევაში თუნდაც შეღავათის დაწესება, რაც პროექტს უფრო მიმზიდველს გახდიდა.

სამშენებლო სფეროს ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი ფიქრობს, რომ დიდია რისკი, დაზარალებულმა მეანაბრეებმა ბინები საერთოდ ვერ მიიღონ.

"ცენტრ პოინტის" პერსპექტივას დღეს ვერანაირად ვერ ვხედავ. აქამდე შეიძლებოდა, მშენებლობა გაგრძელებულიყო და დაზარალებულებს კუთვნილი ბინები მიეღოთ, მაგრამ ეს შანსიც მოისპო. ხალხი დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და სახელმწიფოს რაც შეუძლია, მაქსიმალური გააკეთოს, ისაა, რომ ვინმეს გადააბაროს პროექტი, მაგრამ ამისთვის ინვესტორი უნდა დაინტერესდეს. თუკი კომპანიისთვის სახელმწიფოს პირობები მისაღები არ იქნება, პროექტს არც ერთი ინვესტორი ხელს არ მოჰკიდებს.

"ცენტრ პოინტის" გაკოტრებას მხოლოდ დამფუძნებლებს ვერ დავაბრალებთ. პრობლემა თავიდან გამოწვეული იყო მსოფლიო კრიზისით, მერე სერიოზული დაბრკოლება შეექმნათ სამაჩაბლოს ომის შემდეგ და გაკოტრდნენ. იგივე დაემართა ბევრ სამშენებლო კომპანიას, მათ შორის "აქსისს", სადაც ვითარება გამოსწორდა, მაგრამ კომპანიას ჯერ კიდევ ჰყავს მევალეები და ვალდებულებებს ბოლომდე ვერ ასრულებს.

ცალკე თემაა, რომ ხალხი დაზარალებულია და ყველაფერი უნდა ეღონათ, რომ ინვესტორისთვის პროექტის გაგრძელება საინტერესო გამხდარიყო. სამწუხაროდ, ეს ვერ გააკეთეს. შეეძლოთ, შეღავათი დაეწესებინათ ბიზნესისთვის, რადგან ეს არის ვალდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ქონება დაკარგეს.

დღეს დიდია რისკი, რომ ბინები დაზარალებულებმა საერთოდ ვერ მიიღონ. დამფუძნებლები ციხეში სხედან, ვახტანგ რჩეულიშვილი ამ ამბავს გადაჰყვა. შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს, ამისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა საჭირო, რათა პროექტს პერსპექტივა გაუჩნდეს. დღეს კი ამის შესაძლებლობას ნაკლებად ვხედავ," - ამბობს "რეზონანსთან" ფალავანდიშვილი.

შეთანხმების ჩაშლამ "ცენტრ პოინტის" დაზარალებულ მობინადრეებს ბინების მიღების ბოლო იმედიც მოუსპო. "რეზონანსთან" საუბრისას დაზარალებული ნათელა კილაძე ამბობს, რომ ამდენი ხანი სიცრუეში იცხოვრა და საკუთარი უფლებების დასაცავად ყველაფერს იღონებს.

"ბოლო წლებში არაერთი შენობა დაასრულეს, მაგრამ "ცენტრ პოინტს" არაფერი ეშველა. ადრე ისიც გვეგონა, რომ ბინებს "დექსუსი" აგვიშენებდა, მაგრამ მოვტყუვდით. ბოლო მოლოდინიც გაქრა. არ ვიცი, რა გვიშველის, მთელი ჩემი დანაზოგი დავკარგე და დღესაც უსახლკარო ვარ, ამაზე მეტი უბედურება რა უნდა დამემართოს.

ბოლო დროს ძალიან იმედიანად ვიყავით. დარწმუნებული ვარ, ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ შეთანხმება ჩაშლილია. ამას არავინ დათმობს, ხალხი ქუჩაში გამოვა. ინვესტორი უნდა მოიძებნოს და ამისთვის ყველაფერი იღონონ," - აღნიშნა "რეზონანსთან" დაზარალებულმა მობინადრემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×