,,ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვებს ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გადავრჩებოდით თუ არა. გოგლი-მოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები თავს უფლებას რომ აძლევენ და ასეთი ტონით ლაპარაკობენ, აი, ამის პასუხს მიიღებენ დღეს, ჩემს ბოლო დასკვნაში," ასე მიმართ ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანაპარტიელებს.
სხდომაზე ბესელიას და კობახიძის მომხრეებს შორის რამდენიმე მწვავე დაპირისპირება მოხდა.
„პროცესი სწორად არ მიდიოდა," აცხადებს ამ ამბების კომენტირებისას დეპუტატი ნუკრი ქანთარია. "სწორად რომ წასულიყო, აქამდე არ მივიდოდა. ეს ინიციატივა გასაგებია, რომ ჩავარდება. უბრალოდ შემდგომი პროცესები რა იქნება, ამას უნდა მივყვეთ, - ამ და სხვა საკითხებშიც გამოსავალი ვნახოთ.
„გარკვეული ცვლილებები უნდა მოხდეს, რასაც ჩვენი საზოგადოება ელოდება. მათი მოლოდინის რეჟიმი უკვე რაღაცნაირად იწურება. საზოგადოება, რომელმაც არჩევნებში ჩვენ ხმა მოგვცა, უფრო სწორად ჩვენ არა - „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს ყველაფერი ძალიან ყურადსაღებია."
შეგახსენებთ, რომ სესიაზე დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მოსამართლე მიხეილ ჩინჩლაძეს შეადარა:
„მახსოვს, მიხეილ ჩინჩალაძემ დუმილის უფლებაპირველად რომ გამოიყენა, პროკურორი იყო. დღეს დეპუტატის დასმულ კითხვაზე ანრი ოხანაშვილმა გამოიყენა დუმილის უფლება და ჩემს დასმულ კითხვას პასუხი არ გასცა. აქ ყველაფერი, მგონი, უკვე ნათელია. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ანრი, შთამბეჭდავი გამოსვლა გქონდათ," - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უპასუხა, გოგიჩაიშვილს დეპუტატის სტაჟი შეახსენა, ამასთანავე პლენარული სესიის პროცედურული ნაწილის ცოდნა დაუწუნა.
„გადავედით შემდეგ ეტაპზე, დეპუტატების გამოსვლებზე, დამაზუსტებელი კითხვები არ არის გათვალისწინებული თანამომხსენებლის შემთხვევაში. ექვსწლიანი დეპუტატობის სტაჟი გაქვთ და უნდა გახსოვდეთ," - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის პარლამენტის პლენარულ სესიაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს.
კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.
კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარემ გოგიჩაიშვილი და მისი თანამოაზრე კოლეგები „ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში დაადანაშაულა:
„როცა არის ტექსტობრივი უზუსტობა კონსტიტუციასა და კანონს შორის, ამაზე რა თქმა უნდა, პირველ რიგში პასუხისმგებლობას იღებს პარლამენტი და ასევე იურიდიული კომიტეტი. აქ საუბარია მარტივ რაღაცაზე, კანონის ტექსტი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ტექსტს.
„ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია რაღაცაზე საქართველოს პარლამენტში, 98 წლის თავზე პირველი კონსტიტუციიდან, უნდა გვქონდეს პრეტენზია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ერუდიციაზე, კონსტიტუციის ტექსტის კითხვაზე.
„პოლიტიკური გადახვევა მინდა გავაკეთო. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არის პოლიტიკური მოცემულობა, ეს კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უპასუხა:
,,ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვებს ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გადავრჩებოდით თუ არა. გოგლი-მოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები თავს უფლებას რომ აძლევენ და ასეთი ტონით ლაპარაკობენ, აი, ამის პასუხს მიიღებენ დღეს, ჩემს ბოლო დასკვნაში. ვინც თვლის, რომ ადამიანები, რომლებიც გუშინ დანაშაულს ჩადიოდნენ, დღეს გასხივოსნდნენ, მორალურად ზუსტად იქ დგას, სადაც ის ადამიანები იდგნენ, ვისაც ვებრძოდით," - განაცხადა ბესელიამ ჟურანლისტებთან საუბრისას.
გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს არაადეკვატური უწოდებს და აღნიშნა, რომ კობახიძე ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია.
„დაკარგული აქვს რეალობის განცდა, მორალზე აღარ ვსაუბრობ - როცა ამბობს, რომ ჩინჩალაძე ცუდი იყო, ახლა კარგი გახდა - საკუთარი სიტყვებით მორალს თავი გაუსვა. ვერ არის თავის თავში დარწმუნებული," - განუცხადა გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს.