რატომ მიიღო ხაზარაძემ ბანკის დატოვების გადაწყვეტილება და რა შემთხვევაში შეიძლება ის პოლიტიკაში ვიხილოთ - ესაა მთავარი კითხვა მას შემდეგ, რაც თიბისი ბანკის დამფუძნებელმა სოცილურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. ანალიტიკოსების აზით, ის განცხადებაშიც ამბობს, რომ თიბისი ბანკიდან მისი წასვლა იძულებით გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამ იძულების ავტორი თავად უნდა დაასახელოს.
„რეზონანსთან“ ექსპერტები აცხადებენ, რომ ხაზარაძემ ბანკიდან წასვლით პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც, ფაქტობრივად, ბანკის და ზოგადად, ქვეყანაში ფინანსური სისტემის სატბილურობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. მათივე აზრით, ახლა ყველაფერი ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.
თუ ხაზარაძის პორტის პროექტიდან ჩამოშორებასაც შეეცდებიან, რაც ასე ადვილად ვერ შეძლებენ, მაშინ ის უახლოეს თვეებში პოლიტიკაში უნდა ვიხილოთ, რადგანაც მას ახლა ბრძოლის სხვა არცერთი გზა აღარ ექნება დარჩენილი. ანლიტიკოსები ამბობენ, რომ ხაზარაძემ ამ გადაწყვეტილებით თავი გაითავისუფლა და ის ახლა თავის მოქმედებებში უფრო თავისუფალი იქნება.
„მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან," - ამ განცხადებას მამუკა ხაზარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. წერს, რომ გეგმავს მთელი რესურსი ანაკლიის პროექტის განხორციელებას მიუძღვნას. იმედოვნებს, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა დასცალდება.
„ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებ. მეც ბევრჯერ მქონია ასეთი, ახლაც ამ შემთხვევასთან მაქვს საქმე. აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული,
"სამწუხაროდ, არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში.
"მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული. ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე. ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა. დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე," - წერს ხაზარაძე.
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ ანაკლიის პორტის პროექტის განადგურებაა მიზანი,“ - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.„ალბათ ეს იყო ანაკლიის პორტი, ეს იყო კვირიკაშვილის ზედმეტი თავნებობა და ასე შემდეგ. მიზეზი ყოველთვის მოიძებნება თუ სურვილი არსებობს.“
მისი შეფასებით, ამ ყველაფრის ფონზე ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება უკვე კითხვის ქვეშ დგას. ეს კი ბოლო დროს თიბისი ბანკის და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ განაპირობა.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ფოთის პორტის საკითხი გააქტიურდა და არ არის გამორიცხული, რომ იქ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის გამო ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდეს.
მისი აზრით, თიბისის საქმე ნათელი მაგალითია იმის, რომ თუ ხელისუფლებას არ დაემორჩილები, მაშინ შენს წინააღმდეგ საქმე აღიძვრება. გამორიცხული არ არის, რომ ხაზარაძე პოლიტიკაშივ ვიხილოთ, ეს კი ისედაც უკვე წყალშეყენებულ „ოცნებას“ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
„მკვიდრდება ნომენკლატურული კაპიტალიზმი ანუ დომინანტი, ბიზნესის დირექტორი უნდა იყოს ხელისუფლება და თუ ვინმემ თავი წამოწია, თავში უნდა ჩაარტყა. ასე ფიქრობდა ყველა ხელისუფალი და ასე ფიქრობს, როგორც ჩანს, დღევანდელიც. ბაბილონის გოდოლი ბოლოს აუცილებლად ინგრევა და რაც უფრო მეტს იფაფხურებ, უფრო სწრაფად დაინგრევა.
"ეს არის ყველაფერი ფაფხური, ილუზია იმისა, რომ რესურსების მონოპოლიზაციით თავს გადაირჩენს, არავის არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში. არის წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთის შემდეგ იწყება შეუქცევადი პროცესი. ეს არის მინიშნება ყველა სხვა ბიზნესისთვის. იმიტომ, რომ ამ ტიპის საქმეები პროკურატურაში ყველა კომპანიაზე დევს, პრაქტიკულად, ყველა კომპანიაზე დევს. ყველას ეუბნებიან, რომ ან ეს ფინანსური ნაკადები ჩემი კონტროლის ქვეშ დარჩება, თავი არ წამოყოთ რა, თორემ იგივე დაგემართებათ ყველას,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ხაზარაძის გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ სამართლებლივად ეროვნული ბანკი მასთან სწორ პოზიციაში იყო. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ახლა მთავარი ხაზარაძისთვის ის იქნება, რომ მას ფულის გათეთრების ბრალდება მოეხსნას. საქართველოს რეალობაში ასე ხდება, როდესაც ბიზნესმენები ხელისუფლებაზე ნაწყენდებიან, ისინი შემდეგ პოლიტიკაში მოდიან.
„აქაც საკითხავი ის არის, ხაზარაძე შექმნის თუ არა პოლიტიკურ ორგანიზაციას თუ ზოგადად ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდება და მათ დაფინანსებას დაიწყებს. მას ახლა ბანკიდან წამოსვლა თავისუფალი მოქმედების საშუალებას მისცემს და თავის განცხადებებში უფრო თავისუფალი იქნება. თუმცა ასევე მგონია, რომ ახლა მისთვის ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ანაკლიის პორტია. როგორც მისი წერილიდან ჩანს, ის ამ პროექტისთვის ბოლომდე იბრძოლებს. ივანიშვილს ანაკლიის პორტი რომ სდომებოდა, წინ ვერავინ დაუდგებოდა და ამდენი მანევრის ჩატარებაც არაფერში დასჭირდებოდა. აქ პოლიტიკურ ნიშნებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ მგონია, რომ ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდების ვერსია სწორი არაა“, - აცახდებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, რუსეთი დაინტერესბულია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა არ მოხდეს. თუმცა ანაკლიის პორტში ჯერჯერობით ხაზარაძე ისევ რჩება. მისი აზრით, ხაზარაძის ანკლიიდან წასვლაც და პროექტიდან ჩამოშორება ის ბოლო წვეთი იქნება, რომელიც მას პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას მიაღებინებს.
„მგონია, რომ ის ახლა ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ნაბიჯს ელოდება. თუ ის ამ პროექტსაც ჩამოაშორეს, რაც ასე ადვილი ვერ იქნება, მაშინ ის ბრძოლას სრულიად სხვა ფრონტიდან დაიწყებს. ანაკლიის პროექტში მყოფი ხაზარაძე პოლიტიკაში ვერ წავა. ხაზარაძისთვის ანაკლიის პორტიდან განდევნა საუკეთესო არგუმენტი იქნება იმისთვის, რომ ის პოლიტიკაში გადავიდეს. გარდა ამისა ეს ადამიანი დასავლური ინტერესებით არის განსჭვალული და საკმაოდ კარგ მხარადაჭერასაც მიიღებს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
„ნაციონალური“ მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ხაზარაძის გადაწყვეტილება პირდაპირ იმის მანიშნებელია, რომ საერთაშორისო ინვესტორები საქართველოს სასამართლოს არ ენდობიან. მისი აზრით, „თიბისი“ ბანკის აქციონერებმა იმიტომ გადაწყვიტეს სარჩელის გამოტანა, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს და ბანკის გადარჩენა მხოლოდ ამ კუთხით ხერხდებოდა.
„სასამართლოს გარეშე კაპიტულაცია ეს არის ინვესტორებისთვის ყველაზე ცუდი სიგნალი. თუმცა ხაზარაძეს სხვა გზა აღარ ჰქონდა და ბანკმა ბოლო 4 დღეში 200 მილიონი იზარალა. გუშინაც ბანკის აქციები დაეცა და მას უკვე სასწრაფო გადარჩენა სჭირდებოდა. ხაზარაძეს აქციონერებმა ამ გადაწყვეტილების მიღება ურჩიეს.
„მგონია, რომ ახლა ხაზარაძისთვის მნიშვნელოანი არა პოლიტიკაში მოსვლა, არამედ კვალიფიკაციის შეცვლაა, რომ მას ფულის გათეთრების ბრალდება შეეცვალოს. ამიტომაც საბრძოლო ახლა მას ამ მიმართულებით აქვს. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ივანიშვილი მხოლოდ ამით დაკმაყოფილდება თუ არა. შესაძლოა მას აქციების გაყიდვა მოთხოვოს ან ანაკლიის პროექტის დატოვება. თუმცა მგონია, რომ ამ პროქტს ასე ადვილად ვერ მოერევა და მასში საკმაოდ სერიოზული პარტნიორები არიან ჩართულები. თუმცა თუ ივანიშვილმა ეს ზღვარი გადალახა, საკმაოდ მძიმე პასუხს მიიღებს. ჯერჯერობით რაც ჩანს, მისი მთავარი მიზანი კვირიკაშვილი-ხაზარაძის ტანდემის დაშლა იყო. მან ეს ადამიანები სამომავლო საფრთხედ დაინახა. თუმცა ვნახოთ, მისი მადა სადამდე გაიზრდება“, - აცახადებს გოცირიძე „რეზონანსთან“.