სამშენებლო სფეროში პროფესიული კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დეველოპერულმა კომპანია m²-მა პროფესიული სასწავლებელი "კონსტრუქტ2" დააფუძნა.
ახალი კოლეჯი ზესტაფონში გაიხსნა და მისი მიზანი რეგიონებში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატის გამოყენებით სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. "კონსტრუქტ2" - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია m²-ის საერთო პროექტია. მისი საერთო საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ ლარია.
"კონსტრუქტ2" 11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით წელიწადში 600-მდე პროფესიონალს მოამზადებს სამშენებლო სფეროს მიმართულებით.
როგორც პროფესიული სასწავლებლის - "კონსტრუქტ2"-ის დირექტორმა თამარ ზაქარაშვილმა "რეზონანსს" განუცხადა, პროგრამები მომზადდა კვლევებზე დაყრდნობით და მაქსიმალურად არის მორგებული სამშენებლო დარგის მოთხოვნებსა და სპეციფიკაზე.
"ჩვენ მიერ განხორციელებული სასწავლო პროგრამები სპეციალურ კვლევაზე დაყრდნობით შეირჩა. მივმართეთ ბიზნესს, სამშენებლო დარგის წარმომადგენლებს და უშუალოდ მათგან მოვიკვლიეთ, თუ რა ტიპისა და რა უნარების სპეციალისტები სჭირდებათ. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოვახდინეთ პროგრამის ადაპტირება. შესაბამისად, სწორედ მაღალმოთხოვნად პროფესიებს ვახორციელებთ. ეს არის წინაპირობა, რომ კურსდამთავრებულებს არ შეექმნათ დასაქმების პრობლემა და მიიღონ ისეთი განათლება, როგორზეც დღეს დამსაქმებლებს აქვთ მოთხოვნა.
ჩვენი სტუდენტების პროფესიულ განათლებას ემსახურებიან არაჩვეულებრივი თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებიც m²-მა თავიანთი სამშენებლო კომპანიიდან მოიწვია. ეს გახლავთ გამოცდილი კადრები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა მოთხოვნები აქვს სამშენებლო სფეროს და როგორია თანამედროვე სტანდარტები. სამშენებლო ბიზნესი ძალიან სწრაფად ვითარდება და გვინდა, რომ თანამედროვე ტენდენციებს ფეხდაფეხ მივყვეთ. ამისთვის ჩვენ შევქმენით მოტივაცია, რომ ადამიანებმა შეიძინონ პროფესია, დახვეწონ უნარები და პროფესიონალი ოსტატები გახდნენ. ქვეყანას სჭირდება მოტივირებული მოქალაქეები, რომლებსაც უნდათ, შეიძინონ სპეციფიკური უნარები, რაც დღესდღეობით ძალიან მოთხოვნადია შრომით ბაზარზე.
კოლეჯში ჩარიცხვა მოხდება გასაუბრების საფუძველზე, რისთვისაც სპეციალური კომისია შეიქმნება. ჩვენ გვაქვს 11 მოკლევადიანი პროგრამა და ავტორიზაციით ვიმატებთ სახელმწიფო პროგრამას "შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები". გაზაფხულზე პირველი ნაკადის მიღებას შევძლებთ". 5-თვიანი მოკლევადიანი პროგრამებით მოვამზადებთ სერტიფიცირებულ კვალიფიციურ კადრებს შრომის ბაზრისთვის, ხოლო სახელმწიფო პროგრამით "შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დიპლომირებული სპეციალისტები მომზადდებიან," - აღნიშნა თამარ ზაქარაშვილმა.
მოკლევადიანი პროგრამა შედგება 3 კომპონენტისგან: თეორიული ნაწილი, სასწავლო პრაქტიკა და ასევე ანაზღაურებადი საწარმოო პრაქტიკა, რომელიც m²-ის ობიექტებზე განხორციელდება. შესაბამისად, "კონსტრუქტ2"-ის კურსდამთავრებულს ექნება როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება და რეალურ სამუშაო სივრცეში გამომუშავებული პროფესიული უნარები. წარმატებულ სტუდენტებს ქ თავის სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებას შესთავაზებს.
"კონსტრუქტ2" განთავსებულია ზესტაფონში. მდებარეობა შეირჩა რეგიონის განვითარების მიზნით: "ჩვენი მიზანია, გავცდეთ დედაქალაქის მასშტაბს და რეგიონების განვითარებას შევუწყოთ ხელი. დღესდღეობით თბილისში თავს იყრის ბევრი სხვადასხვა ობიექტი და ამის გამო რეგიონი რეალურად ვერ ვითარდება. აუცილებელია დეცენტრალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონების განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. "კონსტრუქტ2" არ არის გათვლილი მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივად მოწყობილი საერთო საცხოვრებელი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. დაინტერესებული 48 ადამიანი, რომელიც არ არის დასავლეთ საქართველოდან, კოლეჯის ბაზაზე არსებულ საერთო საცხოვრებელში, კომფორტულ გარემოში იცხოვრებს," - ამბობს "კონსტრუქტ2"-ის დირექტორი.
კოლეჯში სწავლა შეუძლია 18 წელს მიღწეულ საბაზისო განათლების მქონე ყველა პირს. კოლეჯი ღიაა სამშენებლო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, დაეუფლონ ხელობას, აიმაღლონ კვალიფიკაცია, შეიძინონ მოთხოვნადი უნარები, გახდნენ პროფესიონალები და დასაქმდნენ.
"კონსტრუქტ2"-ში ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს. ჩვენთვის ფასეულია ყველა ადამიანი, რომელსაც პროფესიული განათლების მიღება სურს. ზრდასრულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილება შემოიტანონ კოლეჯში, ხოლო ახალგაზრდები ახლებური, თანამედროვე ხედვით გაგვამდიდრებენ," - ამბობს თამარ ზაქარაშვილი.
"კონსტრუქტ2" ღიაა ქალებისთვის. კოლეჯის ადმინისტრაცია გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ჩართულობით მარდაჭერას უცხადებს ქალებს და მოუწოდებს, დაამსხვრიონ სტერეოტიპები და შეისწავლონ ტრადიციულად მამაკაცის პროფესიად მიჩნეული საქმე.
რეგისტრაცია კოლეჯში დაწყებულია. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, პროგრამაზე დარეგისტრირდნენ და ინფორმაცია მოიძიონ კოლეჯის ვებგვერდზე www.construct2.ge, ან ტელეფონის ნომერზე 557 355 335.
ამდენად, საქართველოში სამუშაოს მაძიებელი ადამიანებისთვის ნამდვილად დიდია მოტივაცია, რომ მიიღონ პროფესიული განათლება, ღირსეულად დასაქმდნენ და უკეთესი მომავალი შექმნან. ეს რეალობაა, ხოლო "კონსტრუქტ2" არის ის ადგილი, სადაც მათ სურვილების ახდენაში დაეხმარებიან!