ია აბულაშვილი
22.02.2019

 "4 დღის წინ ადამიანი აცხადებდა, რომ არაფერს დათმობდა, რასაც მისგან ითხოვდნენ, 4 დღის შემდეგ კი ამბობს, ბანკს ვთმობ და უფრო ძვირადღირებულ პორტს ვიტოვებო. ე.ი. მიდის ვაჭრობა, ხაზარაძემ ივანიშვილს დრო მისცა მოსაფიქრებლად," - ასე ეხმიანება პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

"დავიწყოთ იქიდან, რომ ლონდონის სამეთვალყურეო საბჭომ უარი თქვა დავის გაგრძელებაზე. ზოგადად, ბიზნესმენებისთვის სასამართლო დავა ზარალის მომტანია, მაგრამ მათ რომ ჰქონოდათ გარანტია, ამ დავას განიხილავდა დამოუკიდებელი სასამართლო, შეიძლება გაეგრძელებინათ - ივანიშვილის სასამართლოში რით მთავრდება დავები, ყველამ კარგად იცის.

"რაც შეეხება თავად ხაზარაძის განცხადებას, მან დანაშაული ჩაიდინა თუ არა, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ამართლებს მას. თუ დანაშაული ჩაიდინა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და გამოძიება სწორად უნდა წარიმართოს. მთავარია, რომ ეს შანტაჟისთვის არ იყოს გამოყენებული, ანუ ჩვენ ამ საქმეს დავხურავთ, თუ ქონებას დათმობ. ეჭვს არ იწვევს, რომ მოხდა ზეწოლა და ახლა მიდის ვაჭრობა.

4 დღის წინ ამბობდა, რომ არაფერს დათმობდა, რასაც მისგან ითხოვდენ, 4 დღის შემდეგ კი თანახმაა, დათმოს ბანკი და უფრო ძვირადღირებული პორტი დაიტოვოს. ალბათ ეს მისი სურვილია, მაგრამ თანახმაა ამაზე ივანიშვილი? ანუ ხაზარაძემ ივანიშვილს დრო მისცა მოსაფიქრებლად. მისი საჯარო აქტივობაც ამ ვაჭრობის ნაწილია - მე ვთმობ ბანკს, მაგრამ მინდა, მივიღო პორტი. თუ არ დათანხმდება, უკვე დაანონსებული აქვს, რომ მივა პარლამენტში და საჯაროდ იტყვის, რა ხდება. ანუ ივანიშვილს მოსაფიქრებლად დრო აქვს 26-27 თებერვლამდე.

ოქუაშვილის შემთხვევაში ხელისუფლებამ უკან დაიხია და დღესაც ჩიხშია შესული. ვნახოთ, რას იზამს ხაზარაძის შემთხვევაში. ამ საქმემ იმდენად დიდი რეზონანსი მიიღო, რომ თუ სისხლის სამართლის საქმეს დახურავენ, ნამდვილად კარგად არ აისახება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მაგრამ ივანიშვილს ეს სულაც არ აწუხებს," - განაცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×