ბრიტანელი ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში დააკავეს, ციხეში მუქარის წერილებსა და ზარებს იღებს, ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს. შეფერდი 24 წლის შარლოტა ბრაუნის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია ბრალდებული.
„დამირეკეს, მამაკაცს სახელი არ უთქვამს. მითხრა, რომ ციხეში კარგი დღე არ მელოდა,“ - წერს შეფერდი და მუქარას ბრაუნის 55 წლის მამას, გრემს უკავშირებს. გრემ ბრაუნი ბრიტანეთის პენიტენციარულ სისტემაში მუშაობს.
თავად შეფერდი კი, რომელიც გლდანში, მერვე საპყრობილეშია მოთავსებული, ამბობს, რომ ექსტრადაციასთან დაკავშირებით დეტალებს ადვოკატებთან ერთად განიხილავს.
მუქარის მიუხედავად, ბრიტანელი პატიმარი ამბობს, რომ საქართველოს ციხეში თავს ცუდად არ გრძნობს.
„ძალიან საინტერესო ხალხი გავიცანი ციხეში და უამრავი დრო მაქვს კითხვისთვის, ვკითხულობ ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის შესახებ ლიტერატურას. საკნის ფანჯრიდან კი ჩიტებს ვაჭმევ,“ - განაცხადა შეფერდმა.