„ხრამისკენ“ გაქანებული „ოცნებიდან“ ეკა ბესელიამ უბრალოდ გამოასწრო - ასე აფასებენ ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ დეპუტატ ბესელიას პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას.
"მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა," -ეს განცხადება ბესელიამ ბრიფინგზე გააკეთა და მმართველი გუნდი ოფიციალურად დატოვა.
თუმცა ვისთან ერთად და რა სახით აპირებს ის პოლიტიკურ აქტივობას, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ის ახლა თანამოაზრეების გადაწყვეტილებას დაელოდება, რომლებთან ერთადაც პოლიტიკურ აქტივობას დაიწყებს. ლევან გოგიჩაიშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ასევე სავარაუდოდ პარტიას ბექა ნაცვლიშვილი და გედევან ფოფხაძეც დატოვებენ.
რატომ ერთხელაც არ ახსენა ბესელიამ ბრიფინგის განამვლობაში ბიძინა ივანიშვილი? ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბესელიას არა აქვს იმხელა პოლიტიკური ავტორიტეტი და დივიდენდები, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად რამე ახალი გარემო შექმნას. ისინი მის მომავალ აქტიურობას პესიმისტურად უყურებენ და ამბობენ, რომ ივანიშვილთან დაპირისპირებას ვერ გაბედავს და ეს პრესკონფერენციაზე გაკეთებული განაცხადებებიდანაც კარგად გამოჩნდა. მან ივანიშვილი პირდაპირ არცერთხელ არ დაადანაშაულა იმ პროცესებში, რაც დღეს პარტიაში მიდის.
„ცხადია, ძალიან რთულია ვთქვა დღეს, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია, ვთქვა, მივდივარ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, მოქალაქისთვის, თითოეული პიროვნებისთვის ყველაზე ღირებული რამ - სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა,“ - განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელიას თქმით, გუნდიდან წავლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი და მისი თანამოაზრეების მიერ წარდგენილი კანონპროექტის ჩავარდნა გახდა. ამასთან ერთად, წინა ხელისუფლების მმართელობა დანაშაულებრივ რეჟიმად უნდა გამოცხადებული და მან საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნული კანონპროექტის ჩაგდების გამოც გააკრიტიკა.
„რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ჩემი ეს გადაწყვეტილება - სააკაშვილის და ადეიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედნი მოსამართლეები, მათი უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარის თქმა, იმ ძალადობრივი მმართველობისთვის სახელის დარქმევა და კიდევ ერთხელ, იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის ჩაგდება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური უმწიფრობით არის გამოწვეული პარლამენტის იმ წევრთა გადაწყვეტილება, რაც გუშინ იყო კენჭისყრაზე ჩააგდეს და ასევე ამ შეფასებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა ვერ გაბედეს,“ - ამბობს ბესელია.
ის პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აანონსებს. ამბობს, რომ თანამოაზრეებთან ერთად ბრძოლას გააგრძელებს და საზოგადოებასთან კონსულტაციებს გამართავს.
„გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება, ალბათ, უახლოეს მომავალში. ამის შემდეგ ჩვენ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას ბესელიას პოლიტიკურ შანსებს ძალიან პესიმისტურად აფასებს. მისი თქმით, ელექტორატის თვალსაზრისით ბესელიას მიმართ კითხვები რჩება. ის პრობლემები, რაზეც ბესელია საუბრობს, უკვე დიდიხანია არსებობს და დღეს არ დაწყებულა.
შესაბამისად, მურუსიძე-ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში უკვე შვიდი წელია, რაც არიან და მათი ხელისუფლების პირობებში უფო გაძლიერდნენ. აქამდე ხმა არ ამოუღია და დღეს ამაზე საუბარი, ანალიტიკოსის აზრით, საზოგადოებისთვის არადამაჯერებელია. ამიტომაც მას დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ხალხი მოუსმენს.
„ხალხი ასე ადვილად არავის არაფერს არ პატიობს. ფაქტობრივდ „ოცნება“ აღარ არსებობს. ეს პარტია ახლა „ნაციონალური მოძრაობაა“. ისინი საბოლოოდ გახდნენ სამართალმემკვიდრეები იმ მანკიერი სისტემის, რაც სააკაშვილის ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი. შესაბამისად ამ დეპუტატებმა „ოცნება“ კი არა „ნაციონალები“ უნდა დატოვონ. კითხვა ასე უნდა დავუსვათ, გარიგდებიან თავადაც იმ მანკიერ სისტემასთან? ახლა ესაა მთავარი“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.
მისივე განცახდებით, საუბარი იმაზე, რომ კობახიძეა ამ ყველაფერში დამნაშავე, ცოტა სასაცილოა. პერსონალიზაციას არაფერი მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც ძალის ცენტრი ივანიშვილია. ხელისუფლებამ ყველაფერზე უკვე ხელი მოაწერა და კობახიძეზე ხელის გაშვერა აბსურდია.
„ივანიშვილმა არჩევნების წინ მოყვანილი ე.წ. ძველი გვარდია ყველა გადააგდო, გადაყარა. ეს სრულიად აშკარად ჩანს. სთხოვა, მოდით, მომეხმარეთ, მიშველეთო. ესენიც მივიდნენ, მიეხმარნენ, მაგრამ ბოლოს ივანიშვილმა ერთი კარგი შეუკურთხა და რაც უქნათ, კარგად ვხედავთ. „ოცნებას“ 2020 წლისთვის უკვე აღარანაირი შანსები აღარ აქვს. მისი ერთადერთი შანსი რესურსების მონოპოლიზაციაა და ამ გზას დაადგა. ფინანსები გააკონტროლოს, ადამინისტრაციული რესურსი სრულიად ხელში ჩაიგდოს. ამათ ნატურალური ელექტორატი აღარ ჰყავთ. დიდი სიჩქარით ხრამისკენ მიექანებიან და ბესელიამ შეიძლება ითქვას გამოასწრო“, - აცახდებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.
„ივანიშვილს რომ დაუპირისპირდე, ამის თავი და გული უნდა გქონდეს, ასევე ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერაა საჭირო. ბესელიას კი არცერთი მათგანი არა აქვს“, - აცხადებს ექსპერტი და იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ დეპუტატის პოლიტიკური შანსების შეფასებისას.
მუხაშავრია ამბობს, რომ ეკა ბესელიას საკმარისად მეტი დრო და შესაძლებლობა ჰქონდა ხალხში გასულიყო, პარტიაც ჩამოეყალიბებინა და სასამართლო სისტემაშიც სერიოზული სიტყვა ეთქვა. იურისტი ამბობს, რომ გაგულისებული და რეპუტაციაშელახული ადამიანების ნდობა ქართველმა ხალხმა უკვე დიდი ხანია დაკარგა. მისი თქმით, ის პირადად მისი მომხრეების გუნდში არ იქნებოდა.
„თუ ის ბიძინა ივანიშვილს არ შეუთანხმდება და კიდევ ერთ აზიურ თუ ევრაზულ საქართველოს არ შექმნის, სხვაგვარად დამოუკიდებლად რამის შექმნა დიდ რეპუტაციას და ავტორიტეტს მოითხოვს. მან რომ ახალი პოლიტიკური პარტია შექმნას, მაშინ ხალხის მხრიდან დიდი მხადაჭერა სჭირდება, რაც მას არა აქვს. „ოცნება“ 2020 წლამდე ასე დაშლის პროცესში იქნება, მაგრამ არჩევნებამდე მაინც მიაღწევენ.
ყოველთვის გამოჩნდებიან ადამაინები, რომლებიც მას მიეწებებიან და თანამდებობის თუ გავლენის გამო არასდროს მოეშვებიან. მთელი უბედურება ის არის, რომ მასობრივად და ტოტალურად გაყალბებულ არჩევნებს უნდა ველოდოთ. ივანიშვილმა ამიტომაც ანაცვლა ბესელიას თავი მურუსიძეს. ახლა მას ეს ხალხი სასიცოცხლოდ სჭირდება. სხვაგვარად ფონს ვერ გავა და ამიტომაც გაწირა ძველი მებრძოლები“, -აცხადებს მუხაშავრია „რეზონანსთან“.