გვანცა წულაია
22.02.2019

 (რეზონანსი) "ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება ალბათ, უახლოეს მომავალში", - განაცხადა ეკა ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია "ქართული ოცნებიდან" წასვლის შესახებ.

დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იქნებიან მისი პოლიტკური მოკავშირეები, თუმცა "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, ეკა ბესელია კონსულტაციებს პოლიტიკოსებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებთანაც აწარმოებს.

ახალი პოლიტიკური პლატფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე შეიქმნება საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც შემდგომ პარტიულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

საზოგადოების ცნობილ სახეებს შორის, ვინც ეკა ბესელიას გუნდში მოიაზრებიან, "პრაიმტაიმის" ინფორმაციით იქნებიან: პოეტი დავით მაღრაძე, ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი), რეჟისორი ქეთი დოლიძე.

საქართველოს პარლამენტიდან: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ნუკრი ქანთარია, ზაზა პაპუაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ჭიჭინაძე,

თბილისის საკრებულოდან: ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე დეპუტატთან და ასევე საზოგადოების წარმომადგენელთან.

გია გაჩეჩილაძე, მომღერალი:

"ჯერ არანაირი კონსულტაცია არ მქონია, თუმცა რა თქმა უნდა, მანდ ვიქნები ყოველთვის, ვინაიდან მხარს ვუჭერ ეკას მოთხოვნებს".

ვატო შაქარაშვილი, საკრებულოს დეპუტატი:

"პარლამენტის გარკვეულმა წევრებმა, ერთის მხრივ მხარი არ დაუჭრეს სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეების თავხედობის დასასრულის დასაწყისს, მეორე მხრივ მათ არ დაუჭირეს მხარი "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე რეჟიმად აღიარებას და ამასთან, იგივე ადამიანებმა, იგივე დეპუტატებმა, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში დაადანაშაულეს. ამით მგონი ყველაფერი ცხადია. ძალიან მაღალი ხარისხის უტიფრობაა ეს".

ნუკრი ქანთარია, პარლამენტის დეპუტატი:

"პირადად ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა, რომ გამყოლად არ გამოვდგები, მაგრამ არის მთელი რიგი პრინციპული საკითხები, თუ კი არ მოხდა მისი ბუნებრივი გადაწყობა, რომ ეს შენჯღრევა გაგრძელდება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×