ეკატერინე ბასილაია
22.02.2019

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ინიციატივით გამოდის, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული 5-ვე წევრი გამოიწვიოს, რის შემდეგაც მოსამართლეთა უვადოდ გამწესება ვეღარ მოხდება. მის ამ ინიციატივას კრიტიკა უკვე მოჰყვა. საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოდან პარლამენტის წარდგენილი ხუთი კაცის გამოწვევა მის გათავისუფლებას გამოიწვევს და ითხოვს, ვინმემ აუხსნას, რა ნაწილში არ შეასრულა ჯეროვნად მოვალეობები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავს, 15 წევრისგან შედგება. 8 წევრს ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს პარლამენტი, 1 წევრს ნიშნავს პრეზიდენტი. საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც არის საბჭოს წევრიც. ამ დროისთვის პარლამენტის კვოტით დანიშნული წევრები არიან: შოთა ქადაგიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, ირმა გელაშვილი, ზაზა ხარებავა და ლევან გზირიშვილი. საბჭოს წევრებიდან ყველაზე კრიტიკულები არიან პრეზიდენტის მიერ დანიშნული ანა დოლიძე და პარლამენტის მიერ დანიშნული ნაზი ჯანეზაშვილი, რომლებიც საჯაროდ საუბრობენ, რომ სისტემაში ყველაფერს ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი განაგებს. პლუს, დეკემბერში წარდგენილი მოსამართლეების 10-კაციან სკანდალურ სიას მხარი დოლიძესთან და ჯანეზაშვილთან ერთად არ დაუჭირა ირმა გელაშვილმაც, რომელიც ასევე პარლამენტის მიერაა დანიშნული. ახლა კი, ჩუგოშვილის ინიციატივის შესაბამისად, სწორედ 2 კრიტიკული წევრი უნდა გაათავისუფლოს პარლამენტმა და სწორედ ეს იწვევს უკმაყოფილებას.

ცნობისათვის, ხუთშაბათს პარლამენტმა ჩააგდო ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადავადებაზე. მას ხმა არც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მისცა, თუმცა ჩუგოშვილი პრობლემის მოსაგვარებლად ახალი ინიციატივა შესთავაზა დეპუტატებს.

ჩუგოშვილი აცხადებს, თუკი იუსტიციის საბჭო მოკლე ვადაში არ გააკეთებს განცხადებას მოსამართლეთა უვადო დანიშვნების შეჩერების თაობაზე, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან თავისი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი უნდა გამოიწვიოს.

„მოსამართლეები ჩვენ მიერ დანიშნული წევრების გარეშე ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ეს არის გამორიცხული, ისინი ყველას ნიშნავენ სწორედ ჩვენს მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხარდაჭერითა და ხმებით. უმრავლესობა თუ ამ გზას აირჩევს, ერთი მხრივ, შეინარჩუნებს ერთიანობას და მეორე მხრივ, პროცესებს წაიყვანს სწორი მიმართულებით", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მის განცხადებას ჯერ პარლამენტში გამოეხმაურნენ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, საკითხზე კონსულტაციები გაიმართება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ. „ნაცმოძრაობიდან" რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ ჩუგოშვილის ინიციატივა ნაზი ჯანეზაშვილის გაწვევისთვის არის გამიზნული.

ინიციატივამ ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან კრიტიკა და ჩუგოშვილის ერთგვარი თავის მართლებაც გამოიწვია.

ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ გაუგებარია, რა დგას ჩუგოშვილის ამ ინიციატივის მიღმა.

მისი თქმით, კანონში ჩამოთვლილია საფუძვლები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და ერთ-ერთი პუნქტი არის მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება.

„მაშინ, როცა ამაზეა საუბარი, მე პირადად ვინმემ უნდა ამიხსნას, რა ნაწილში შევასრულე არაჯეროვნად ჩემი მოვალეობები. მეორე, ვენეციის კომისიამ თქვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, (და ზუსტად ჩემზე თქვა) უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი დამოუკიდებლობის გარანტიებიო,"- ამბობს ჯანეზაშვილი.

ამასთან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, ეს არ არის გამოწვევა. გამოწვევის ტერმინს კანონი არ ცნობს.

„გამოწვევა იქნებოდა მაშინ, თუ პარლამენტის წევრი ვიქნებოდი და უკან დამაბრუნებდნენ. ამიტომ, ეს არის უფლებამოსილების შეწყვეტა. საერთოდ, პრეცედენტი, გინდა თუ არა ეს გადაწყვეტილება მიიღე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გამოგიწვევ, არასწორია", - დასძენს ჯანეზაშვილი.

ინიციატივის გაკრიტიკების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ მას არ სჭირიდება ოპონენტებისგან ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანეზაშვილის საბჭოში ყოფნა. დეპუტატის თქმით, მას საუბარი ექნება ჯანეზაშვილთანაც, არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც და პირველ რიგში, კოლეგებთან მმართველ გუნდში, ვინაიდან გუშინ გაჟღერებული ინიციატივა არავისთან ჰქონია შეთანხმებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×