თამარ შუკვანი
22.02.2019

 „პროცესები, რომელსაც ვაკვირდებით, განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს. „ოცნებამ" უნდა დაგვარწმუნოს იმაში, რომ ის არის ქართული და არა რუსული. როდესაც ჩვენ ქვეყანაში აურაზაური და სხვადასხვა პოლიტიკური წარმომადგენლების მიმართ ურთიერთმიუღებლობა არსებობს, ამით მხოლოდ რუსეთი რჩება მოგებული," - ასე აფასებს ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში დემოკრატია ვერ შედგა, ამიტომაც, დღეს არსებული პროცესებიდან გამომდინარე, შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ქვეყნის სათავეში ვიხილოთ.

„სრულიად მკაფიოა, რომ საქართველოში დემოკრატია ვერ შედგა; ეს არის საშინაო დავალება კრემლისგან, რომ ქვეყანა გახადოს ისეთი, რომელიც ნატო-სთვის, ევროსაბჭოსთვის და აშშ ხელისუფლებისთვის მიუღებელი იქნება. „მეოცნებენი," არ ვიცი საკუთარი სურვილით თუ დაბარების სახით, თუმცა ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ხელს უწყობენ, რომ ისევ აღზევდეს. ვრწმუნებით, რომ „მეოცნებენი" და „ნაციონალები" ერთამანეთის გვერდით ვერ შეძლებენ არსებობას," - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

ცნობისათვის, პარტია „ქართული ოცნება" იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილლმა დატოვა. ამის მიზეზი მოსამართლეთა დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი გახდა.

ბესელიას თქმით, რჩება დამოუკიდებელ დეპუტატად და იწყებს კონსულტაციებს ახალი პოლიტიკური პარტფორმის შესაქმნელად. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან რთული, ემოციური და საპასუხისმგებლოა ჩემთვის, რაც უნდა განვაცხადო. ცხადია რთულია ვთქვა, რომ „მივდივარ" იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია თქვა, „მივდივარ" სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ, სად მივდივარ - მივდივარ იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა, სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაყვება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, მოქალაქისთვის ყველაზე ღირებული რამ - სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ კენჭისყრაზე საპარლამენტო უმრავლესობამ ბესელიასა და მისი თანამოაზრეების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ეხებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×