„მოსართლეებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ვიზიარებ ბესელიას მოსაზრებას; ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი - ეს ის ადამიანები არიან, ვის გვერდზეც ვიბრძოდი მთელი ცხრა წელიწადი უსამართლობისა და რეჟიმის წინააღმდეგ, თავისუფალი სასამართლოსთვის და სამართლიანობისთვის. ჩვენი თავგანწირული ბრძოლა, პირველ რიგში, ამისთვის იყო. არ ვიცოდით სახლში ცოცხლები დავბრუნდებოდით თუ არა, ან ჩვენი ოჯახის წევრებს რას უზამდნენ. კარგად გვახსოვს ეკას ოჯახის ორი წევრი დაუპატიმრეს," - გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც ბესელიას ახალ გუნდში შესაძლოა ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველიც ვიხილოთ, აცხადებს თავად მეტრეველი „რეზონანსთან" კომენტირებისას.
იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელმაც ახლახანს პარტია დატოვა, ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის და იწყებს კონსულტაციებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება ალბათ, უახლოეს მომავალში," - აღნიშნა ბესელიამ.
ვინ იქნებიან ბესელიას ახალ გუნდში? ბესელია კონსულტაციებს პოლიტიკოსებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებთანაც აწარმოებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა პარტიულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა.
საზოგადოების ცნობილ სახეებს შორის, ვინც ეკა ბესელიას გუნდში მოიაზრებიან, იქნებიან: პოეტი დავით მაღრაძე, ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი), რეჟისორი ქეთი დოლიძე. პარლამენტიდან: გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ნუკრი ქანთარია, ზაზა პაპუაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ჭიჭინაძე. თბილისის საკრებულოდან: ვატო შაქარიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი" ავრცელებს.
„ჩვენი პოზიციები ერთნაირია, - ერთად ვიბრძოდით. მიზანი და ამოცანა იყო ის, რომ რეჟიმი დაგვემარცხებინა და სათანადოდ დასჯილიყო ის კრიმინალური ხელისუფლება, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა. რაც შეეხება ეკას ახალ პარტიას, ეს პირველად გავიგე და ასე ახლო ამ თემაზე საუბარი მასთან ნამდვილად არ მქონია. ამას მომავალი გვიჩვენებს. უნდა გავერკვე რა და როგორ იქნება. შემდეგ ყველა გაიგებთ, რა გადაწყვეტილებასაც მივიღებ," - გვითხრა ია მეტრეველმა.
რეჟისორი ქეთი დოლიძე ბესელიას მოსამართლეთა საკითხის შესახებ სრულ მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში შესვლას კატეგორიულად გამორცხავს.
„ეკა ბესელიას აბსოლუტურად მხარს ვუჭერ მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, მაგრამ გამორცხულია, რომ რაიმე პარტიასა და გაერთიანებაში შევიდე. ჩემთვის მურუსიძის დანიშვნა ნიშნავს, რომ „ნაციონალები" არ არასოდეს წავიდნენ საქართველოდან. არ ვენდობი არცერთი წამით, მითუმეტეს უვადოდ. არ შეიძლება უყოს უვადოდ, მითუმეტეს მურუსიძე," - განაცხადა დოლიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
გია გაჩეჩილაძის განცხადებით, „ჯერ არანაირი კონსულტაცია არ მქონია, თუმცა რა თქმა უნდა, მანდ ვიქნები ყოველთვის, ვინაიდან მხარს ვუჭერ ეკას მოთხოვნებს".
რაც შეეხება ვატო შაქარაშვილს, მან კობახიძის განცხადებას, რომ გოგიჩაიშვილი და ბესელია „ნაციონალურ მოძრაობასთან" არიან გარიგებული, „უტოფრობა" უწოდა.
„პარლამენტის გარკვეულმა წევრებმა, ერთის მხრივ მხარი არ დაუჭრეს სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეების თავხედობის დასასრულის დასაწყისს, მეორე მხრივ მათ არ დაუჭირეს მხარი "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე რეჟიმად აღიარებას და ამასთან, იგივე ადამიანებმა, იგივე დეპუტატებმა, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში დაადანაშაულეს. ამით მგონი ყველაფერი ცხადია. ძალიან მაღალი ხარისხის უტიფრობაა ეს," - აცხადებს შაქარიშვილი.
ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ „პირადად ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა, რომ გამყოლად არ გამოვდგები, მაგრამ არის მთელი რიგი პრინციპული საკითხები, თუკი არ მოხდა მისი ბუნებრივი გადაწყობა, რომ ეს შენჯღრევა გაგრძელდება".
ია მეტრეველისთვის სრულიად გაუგებარია ის ფაქტი, რომ კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნის შესახებ საკითხი დღესაც აქტუალურად განიხილება. იგი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ მიუღებელია იმ მოსამართლეების დანიშვნა, ვინც ექსპრეზიდენტის დაკვეთას ასრულებდა.
„ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, რომ ამდენი ხანი კიდევ ამ თემაზე მიდის საუბარი. ის მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის უკანონო ბრძანებებს ასრულებდნენ და უკანონო გადაწყვეტილებების გამო, ხალხი, ასიათასობით ადამიანი, ზოგი სიცოცხლეს გამოასალმეს და ზოგს საერთოდ ცხოვრება დაუნგრიეს, ეს მოსამართლეები რატომ უნდა იყვნენ უვადოდ დანიშნული? ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი. ამიტომაც, აბსოლუტურად, ვიზიარებ ჩემი თანამებრძოლების ამ პოზიციას. გული მწყდება, რომ დღეს მათ მმართველი გუნდი დატოვეს.
„რა თქმა უნდა, თუ სამართალი ბოლომდე არ იქნება მიყვანილი, არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის აღდგა თუ არა სამართალიანობა, მადლობელი ვარ მოსამართლე გელიაშვილის, ჩვენ შემთხვევაში სამართლიანი განაჩენი გამოიტანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი თანამებრძოლები და მათი საქმეები, რომელიც ჯერ კიდევ თაროზე დევს, აღდგა სამართალი. ექვსი წელი ვიბრძოდი ამისთვის, არ ვთქვი სააკაშვილის წლებს, არამედ ახალი ხელისუფლებიდან.
„კიდევ აქეთ აკრიტიკებენ; გოგიჩაიშვილისკენ მიმართული განცხადება, რომ „ნაციონალების" პოზიცია უჭირავს, ნამდვილად არაფერში ჯდება. ჩვენ რომ ცეცხლში ვიდექით, ტყვიებსა და უბედურებაში ზონდერებით გარშემორტყმული, ეს ხალხი საღვარგარეთ ბედნიერად დასეირნობდა, განათლებას იღებდა. სამწუხაროდ, ჩვენ შვილებსაც უნდოდათ ეს, რომელიც ცოცხალი არ დაგვიტოვეს," - განაცხადა ია მეტრეველმა.