თამარ შუკვანი
22.02.2019

 მიუხედავად მოლოდინისა, „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ჩატარებულ საგანგებო სხდომაზე პარტიიდან არავინ გაურიცხავთ. გარიცხვის საკითხი საერთოდ არც განხილულა, განუცხადა ჟურნალისტებს სხდომიდან გამოსულმა ნუკრი ქანთარიამ.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, თითქოს სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი პირადად ესწრებოდა, 8 დეპუტატი გარიცხეს პარტიიდან, ე.წ. "ძველი გვარდიის" წევრები, რომელთა ფარული დაპირისპირება პარლამენტის სპიკერთან და მის ჯგუფთან, ე.წ. "ახლებთან", ბოლო პერიოდში უკვე ღია კონფლიქტშია გადაზრდილი.

ცნობითვის, პარასკევს „ტაბულამ" გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გუშინ გამართულ კენჭისყრამდე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის სახელით მესიჯი გაუგზავნა. მასში წერია, რომ ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა ქართული ოცნების და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ნიშნავდა.

"გარიცხულ" დეპუტატებს შორის მოიაზრებოდნენ ოთარ ჩრდილელი, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე, რევაზ არველაძე და ალექსანდრე ერქვანია.

ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრიათ. ყველასთვის ნათელი იყო, რომ შეკრების მთავარ მოტივს პარტიასა და უმრავლესობაში შექმნილი კრიზისული ვითარება წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში „ქართული ოცნების" რიგები სამმა დეპუტატმა, - ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს. რაც შეეხება გედევან ფოფოხაძეს, მისი თქმით, ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 25 თებერვალს, ორშაბათს გააკეთებს.

დეპუტატებმა ეს გადაწყვეტილება მოსამართლეთა საკითხის გამო მიიღეს, - ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობდა, პარლამენტმა კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×