თამარ შუკვანი
23.02.2019

 „ეს თემა არავითარ შემთხვევაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის მანიპულაციის საშუალება არ უნდა გახდეს. ვხედავ, რომ ეს აქციაც გარკვეულწილად ამისკენ მიდის, - ცოტა სხვა ელემენტებია აქ ჩარეული. აქცია ამ ფონზე, მანამ სანამ არ დამთავრება და პრეზიდიუმი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ზედმეტი მოქმედებაა," - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი ჭიდაობის ფედერაციასთან მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერთა აქციაზე საუბრისას, რომლებიც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვენ.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ფედერაციის პრეზიდიუმის პრეროგატივას წარმოადგენს და მიმდინარე აქცია ხაბარელისთვის მიუღებელია.

„ვფიქრობ, რომ ეს არის სუფთა სპორტული თემა და პრეზიდიუმმა უნდა გადაწყვიტოს საკითხი. ასეთი გამოსვლები არ მიმაჩნია სწორად, რადგან ეს ჭიდაობის სამყაროს საკითხია.

„ამ პრეზიდიუმში 45 კაცი შედის და ეს 45 კაცი არის ყველა დამსახურებული ადამიანი. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ ბედ-იღბალი, თუ როგორი იქნება ჭიდაობის ხვალინდელი დღე," - განაცხადა შოთა ხაბარელმა „რეზონანსთან" საუბრისას.

ჭიდაობის ფედერაციააში, სადაც დათუნაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ, ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაა ჩანიშნული. აქციის მონაწილეების მოთხოვნას გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომა წარმოადგენს. მათი თქმით, გეგეშიძე არის მოძალადე და ამიტომაც, იგი ჭიდაობის ფედერაციის სათავეში არ უნდა იყოს.

აქციას „ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია შეუერთდა. მისი განცხადებით, ის აქციაზე რიგითი მოქალაქის ამპლუაში იმყოფება, რომელიც ვერ ეგუება ფედერაციაში გაბატონებულ უსამართლობას.

შეგახსენებთ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×