თამარ შუკვანი
23.02.2019

 „ბატონი ირაკლი აქცენტების გადატანას ცდილობს სხვა მიმართულებით, რადგან მთავარი თემა, რომელზეც მას პასუხები არ აქვს, ეხება სწორედ მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც კლანს სრული შესაძლებლობა რჩება უგულებელყოს საბჭოს სხვა წევრების მოსაზრებები და ერთპიროვნულად, კლანური წესით, როგორც მანამდე არაერთხელ გაუკეთებიათ, განახორციელონ უზენაეს სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების დომინირება.

„ამ საკითხს საზოგადოების სერიოზული პროტესტი მოჰყვა. იმედი გვქონდა, რომ ხელისუფლებამ გაიგო და გაიაზრა, თუ როგორ პოლიტიკურ ფასად შეიძლება შემოუბრუნდეს მსგავსი არასწორი გადაწყვეტილებები," - ასე პასუხობს კოალიცია „დამოკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წარმომადგენლი გიორგი მშვენიერაძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ცნობისათვის, მშვენიერაძემ გუშინ პროტესტის ნიშნად დატოვა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც დიპლომატიური კორპუსის, სასამართლო სისტემისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე მსჯელობდნენ.

სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ სპექტაკლს არ უნდა დგამდეს:

„მშვენიერაძე, ეს არის ადამიანი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იყო ჩართული. ამ ადამიანის და ამ ძალების პოლიტიკური ინტერესი არის თვალსაჩინო. შეგახსენებთ, რომ ვიდრე მშვენიერაძე სხდომას დატოვებდა, მას ჯერ კიდევ დილით არაპირდაპირი ფორმით ჰქონდა ნათქვამი, რომ სხდომას მოგვიანებით დატოვებდა.

„ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი. როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკურ სპექტაკლებში არ უნდა მონაწილეობდე. მათი ბოიკოტი პროცესს არავითარ შემთხვევაში არ დააზარალებს. ჩვენი ამოცანაა გავწეროთ მკაფიო პროცედურა და კრიტერიუმები და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც არის ქვეყნის და არა გიორგი მშვენიერაძისა და „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში," - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მშვენიერაძემ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას „არასერიოზული" უწოდა და აღნიშნა, რომ ახლა მსჯელობა უფრო სერიოზულ საკითხებზე მიმდინარეობს და კობახიძის განცხადებაზე რეაგირება „დროის კარგვაა".

„სამწუხაროდ, ბატონ ირაკლის ეს არ ესმის. იმ საკითხებზე, რომელიც წამოყენებული გვქონდა - 5 ძირითად საკითხზე - მას პასუხი არ ჰქონდა. იგი ცდილობს, რომ საკითხი სხვა ჭრილში გადასვას.

„დღეს, როდესაც სასამართლო სისტემაზეა საუბარი, ეს საკითხი არ არის მხოლოდ მოსამართლეების საკითხი, მათ შორის ეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" უნდა მიიღოს.

„საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ვიღაცასთან არის დაკავშირებული, ვიღაცა ვიღაცის არის, ბატონი ირაკლის მხრიდან არასერიოზულია, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. ყველას, ვინც მას არ მოსწონს, აცხადებს მტრად, ან მისი გადმოსახედიდან, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია; ამის წინ გოგიჩაიშვილი და ბესელია გამოაცხადა „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულად.

„ასე რომ, ჩვენთვის ამაზე დროის დათმობა არასერიოზულია, ჩვენ უფრო სერიოზულ საკითხებზე ვმსჯელობთ, რომელიც დღეს დღის წესრიგში დგას - უზენაეს სასამართლოს იმ სახით დაკომპლექტება, რომ კლანმა ეს სასამართლო ხელში არ ჩაიგდოს," - განაცხადა გიორგი მშვეიერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×