ელზა პაპოშვილი
23.02.2019

 „თუ აქამდე ადამიანებს ნარკოტიკებს უდებდნენ, ახლა შეიძლება ლინკები ჩაუდონ და ესევე  დააპატიმრონ“, - ასე აფასებს „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „რეზონანსთან“ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება-შენახვის ფაქტზე დაკავებული 18 ადამიანის საქმეზე საუბრისას.  

დაკავებულებს შორის  19 წლის ანა აროშიძეა, რომელიც პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დახმარებით უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება დანაშაულად ითვლება. 

იაგო ხვიჩია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ კანონის შინაარსი ინფორმაციის თავისუფლების პრინციპს ეწინააღმდეგება და ის არ უნდა ვრცელდებოდეს საჯარო სივრცეში, ინტრენეტში ნანახი ინფორმაციის პირადი შეყტობინების სახით მეგობრებისთვის გადაგზავნაზე, მით უფრო, თუ შეტყობინების გაზიარების მიზანი კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენება არ არის. 

მისი აზრით, მოცემული მუხლი სამართალდამცველებს იმის საშუალებას აძლევს, რომ თუ ადრე ნარკოტიკებს უდებდნენ ადამიანს დაკავების მიზნით, ახლა ლინკების გაგზავნა შეუძლიათ, რომლის ნახვის შემდეგაც მათ ბრალს წაუყენებენ. 

19 წლის ანი აროშიძე 31 იანვარს შუაღამით დააკავეს კრიმინალური პოლიციის თამამშრომლებმა. მის მსგავსად დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო კიდევ 17 ადამიანი დააკავეს. სასამართლომ ანი აროშიძე 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა საქმის გამოძიება გრძელდება.

დაკავებული 18 ადამიანიდან პატიმრობა შეეფარდა სამს - ანტონ ღლონტს, თემურ ირემაძეს და ზურაბ სოლომნიშვილს, რომელებსაც გამოძიება ფარული ჩანაწერის „იუტუბზე“ განთავსებას ედავება, დანარჩენებს - 1000-დან 5000 ლარამდე გირაო.

იაგო ხვიჩია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ შეყტობინების სახით მეგობრებისთვის ლინკის გადაგზავნა, მით უფრო, თუ შეტყობინების გაზიარების მიზანი კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენება არ არის, ეს არ უნდა ისჯებოდეს. 

მისი აზრით, ადამიანს აქვს უფლება გაეცნოს ნებისმიერ ინფორმაციას ინტრენეტში და გაუზიაროს მეგობრებს. ინტერნეტში ნანახი ინფორმაციის გავრცელება არ უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსით და არანაირი კოდექსით დასჯადი ქმედება და მათ სურთ, რომ ეს სასამართლოს აუხსნან.

მისი თქმით, დღეს ციხეში სხედან ადამიანები, რომლებსაც არც გადაუღიათ, არც აუტვირთავთ ფარული ვიდეოჩანაწერი და არც დეპუტატ ეკა ბესელიასთვის ზიანის მიყენება სურდათ. ხვიჩია ვარაუდს გამოთქვამს, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც პირველწყაროს ვერ ან არ აღმოჩენის შემდეგ დაიგეგმა და შეირჩა 18 ადამიანი, რომლებსაც არ არი გამორიცხული, რომ ლინკები სპეციალურად გაუგზავენს.

„ადამიანს აქვს უფლება ინტერნეტში განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია ნახოს და ასევე მეგობრებსაც გაუზიაროს. ინტერნეტი საჯარო თავისუფალი სივრცეა და ეს არის კაცობრიობის მონაპოვარი. ინტერნეტის დაცენზურება და ადამიანების პასუხისგებაში მიცემა იმის გამო, თუ მათ საჯარო სივრცეში რა ნახეს, ეს ჩვენ დიქტატორულ და არათავისუფალ საზოგადოებამდე მიგვიყვანს. ამაში  გვინდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დავარწმუნოთ.  

„ეს ხალხი, ვინც დააკავეს, გვიყვებიან, რომ პოლიციელებს მათთან საუბარში ეტყობოდათ, რომ მათ ეს კადრები ნანახი ჰქონდათ. ბევრი მათგანი ამაზე ხუმრობდა კიდეც. ყველას ჰქონდა ნანახი, მათ შორის პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებსაც. ამ ვიდეოს გამო 18 ადამიანი შეარჩიეს, რათა ყურადღება გადაგვეტანა“, - აცახდებს „რეზონანსთან“ ხვიჩია. 

მისივე თქმით, მათ გამოძიება ეუბნება, რომ ეს კადრები ვიღაცამ სომხეთის ციხიდან გაავრცელა და სავარაუდოდ, პირველწყარო ის არის. თუმცა, ხვიჩია ამბობს, რომ ეს არის საკმაოდ გაუგებარი და ზღაპრის დონემდე დასული ისტორია. ხვიჩია ამბობს, რომ იურისტების ჯგუფი „გირჩთან“ ერთად სარჩელზე მუშაობს და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანენ. 

იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სარჩელის ავტორებს  საკმაოდ სერიოზული დასაბუთება მოუწევთ იმისთვის, თუ რატომ სურთ ამ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა. მისი თქმით, ერთი და იგივე დებულებით საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება მრავალგვარად შეიძლება და აუცილებელია დასაბუთება, რომელიც მოსამართლეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. 

იურისტი ამბობს, რომ არსებობს უკვე დადგენილი ნორმები და პრაქტიკა მსოფლიოში, რომ ინტერნეტ სივრცით ყველაფრის გავრცელება არ შეიძლება. იურისტი აცხადებს, რომ უხამსობის გავრცელებას ჩვენიც და საერთაშორისო კანონიც კრძალავს.

„აქ სამართლებრივად ძალიან გამართული დასაბუთება უნდა იყოს. შეზღუდვას რამდენიმე ფენა აქვს. ერთი - ეს კანონით აკრძალული უნდა იყოს, ამ აკრძალვას ლეგიტიმური მიზანი უნდა ჰქონდეს,  ხოლო ეს საუკეთესო დემოკრატიული საზოგადოების სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. 

„საკონსტიტუციო სასამართლოში როცა ამ დასაბუთებას წარადგენენ, მოსამართლეების მხრიდან კიდევ დეტალური გამოკითხვა მოხდება. ეს არის ძალიან მრავალსაფეხურიან პროცესი, რომელზეც ვერ ვიტყვით კონკრეტულად რა სახის შედეგი შეიძლება დადგეს. 

„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას მეორე უბედურება აქვს. შესაძლოა ვიღაცამ დაამონტაჟოს და დღეს ამის ჩვეულებრივი თვალით კი ვერ გავარკვევთ, არამედ ექსპერტული გამოკვლევა უნდა. ფეიკი  კადრები რომ გაავრცელოს, მერე წადი და ამტკიცე, რომ ეს შენ არ ხარ. ძალიან საშიში ამბავია, ამიტომაც როდესაც შინაარსი უკვე უხამსია, მაშინ მის გავრცელებაზე  შეზღუდვა უნდა იყოს“, - აცხადებს „რეზონანსთან“ მუხაშავრია. 

მისივე თქმით, კანონში უფრო კონკრეტული ჩანაწერის გაკეთება, რაც ამ ტიპის დანაშაულის პრევენციას შეუწყობს ხელს.

„ვინც ამ კანონის მოქმედების ფარგლები ვიცით, ყველაფერზე უარი უნდა ვთქვათ, სანამ ტექსტი არ მოყვება, რომ, მაგალითად, არ შეიცავს პირადი ცხოვრების ან უხამს კადრებს. თუ ესეც კანონით დადგინდება, რომ ვიდეო გავხსენი და მას გაფრთხილება არ ჰქონდა მოყოლილი, მაშინ არ დაისაჯოს ამ მუხლით ადამიანი. რადგანაც მან არ იცოდა რა იყო.  თუ ასეთი წარწერა მოჰყვა და მაინც გავხსენი, მაშინ დამსაჯე, კი, ბატონო“, - აცხადებს „რეზონანსთან“ მუხაშავრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×