„ამ ეტაპზე არ ვაპირებ ფრაქციის შექმნას, ან გაერთიანებას რომელიმე ფრაქციაში, რომელიც შეიძლება შეიქმნას. თუ ფრაქცია შეიქმნება, უნდა იყოს აბსოლუტური თანხმობა ყველა საკითხზე, არა მარტო მოსამართლეთა საკითხზე - ამ პროცესში ერთად ვიყავით ჩართული ის ადამიანები, ვინც უმრავლესობა დატოვა, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ გახდება ფრაქციის ჩამოყალიბებისა თუ ჩემი გაწევრიანების საფუძველი, რადგან სხვა ბევრი საკითხია არსებობს კიდევ,“ - აცხადებს „ქართული ოცნებიდან“ ბოლო დღეებში წამოსული დეპუტატების მიერ ახალი ფრაქციის შესაძლო შექმნაზე საუბრისას პარლამენტარი ბექა ნაცვლიშვილი.
„რეზონანსთან“ საუბარში იგი აცხადებს, რომ პირადად მას არ აქვს პოზიციების სრული თანხვედრა სხვა დეპუტატებთან, ვინც მის მსგავსად უკვე დატოვეს „ოცნება“.
„როდესაც ფრაქცია ყალიბდება, იქ ყველა საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს თანხვედრა - იდეოლიგიური და მსოფლმხედვრელობრივი ერთობა იმისთვის, რომ უფრო ეფექტური და ქმედითუნარიანი იყოს. აქედან გამომდინარე, ასეთი თანხვედრა არ მგონია არსებობდეს ყველა იმ ადამიანს შორის, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ჩემ თავს გავუსვამ ხაზს. ამიტომ ჯერჯერობით არ ვიღებ არანაირ გადაწყვეტილებას, რომ რომელიმე ფრაქციაში გავერთიანდე,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
შეკითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა ახალი პოლიტიკური გაერთიანება ჩამოაყალიბონ, იგი აცხადებს: „შეიძლება სურვილი ჰქონდეთ, რატომ არა?! შესაძლოა არსებობდეს განზრახვა.“