პირველი ბირთვული დარტყმის თვალსაზრისით რუსეთს აშშ-სთან შედარებით ამჟამად უპირატესობა აქვს და რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით მზად არის კარიბის კრიზისის მსგავსი სცენარებისათვის, „თუ აშშ იმდენად სულელია“, რომ ასეთი რამის გამეორების სურვილი აქვს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში რუს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პუტინს მხედველობაშ ჰქონდა 1962 წლის ცნობილი მოვლენები, როდესაც სსრკ-ს მიერ კუბაზე ბირთვული რაკეტების შეტანის მცდელობას „ცივი ომის“ ყველაზე მასშტაბური კრიზისი მოყვა. მაშინ კარიბის ზღვაში სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი აშშ-სა და სსრკ-ს სამხედრო ხომალდები რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და მსოფლიო ყოველ წამს ელოდა ამ ორ ზე-სახელმწიფოს შორის ბირთვული ომის დაწყებას.
პუტინის ხსენებული განცხადება კი ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ 1987 წლის აშშ-სსრკ-ს შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლაზე საუბარს მოჰყვა. შეგახსნებთ, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა, რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმების სისტემატიურად დარღვევის გამო, 2 თებერვალს დატოვა შეთანხმება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვლადიმირ პუტინის ამ გამოსვლას პროპაგანდა უწოდა და დაამატა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, საზოგადოების ყურადღების გადატანას იმ ბრალდებებიდან ცდილობს, რომლებიც მას აშშ-მა 1987 წლის ხელშეკრულების თაობაზე წაუყენა.
მარიამ ბოლქვაძე