ეკატერინე ბასილაია
24.02.2019

 „ნაცმოძრაობას“ იმიტომ კი არ ვებრძოდით, რომ სააკშვილის ჩაცმულობა და თვალები არ მოგვწონდა, არამედ იმიტომ, რომ მანკიერი სისტემა შექმნა და ეს სისტემა „ოცნებამ“ გადმოიბარა... 

„ივანიშვილი აღარ არის უკვე ავტორიტეტი და ეს ჩანს „ოცნების“ განცხადებაშიც - რომ მცირე-მცირე ჯგუფებს შეხვდება პარტიის თავმჯდომარე. ივანიშვილი იმდენად დაკნინდა, რომ უნდა ეცადოს, პატარ-პატარა ჯგუფები „შეკეროს“ და  შეიძლება რაღაც შეაკოწიწოს. როდესაც აქამდე დადის ლიდერი, ის უკვე ლიდერი აღარ არის, ის არის ადამიანი, რომელიც რაღაცას ჩალიჩობს,“ - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. 

„რეზონანსი“: ბესელიას 3-კაციანი ჯგუფი და ბექა ნაცვლიშვილი „ოცნებიდან“ წავიდნენ. უნდა ველოდით, რომ წამსვლელების რიცხვი გაიზრდება?

გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ერთეული, აღარ არსებობს. ნუ, თავიდანაც მაინცდამაინც არ იყო ერთ იდეოლოგიასა და ერთ ფასეულობათა სისტემაზე დამყარებული პოლიტიკური ერთობა, მაგრამ ახლა სრულად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, დამთავრდა. 

ბოლოს საერთოდ, ტრაგი-კომიკური ვითარება მივიღეთ. მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ ფაქტობრივად ყველა სისტემური მანკიერება გადმოიბარა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ის „ნაცმოძრაობის“ სამართალმემკვიდრედ იქცა, ახლა ადგნენ და პარტიიდან გარიცხეს თვითონ „ქართული ოცნება“. ახლა ამ პროცესში ვართ.  

ბესელიას ჭკუაზე იქ ბევრია. სხვა საკითხია, რომ პარტიაში კომფორმიზმის ხარისხი ძალიან მაღალია და უჭირთ კეთილდღეობის დატოვება, რასაც საკუთარი ჭიის გახარება ჰქვია ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტირებით. სხვა ახლა ირაკლი კობახიძესთან უმრავლესობის უმრავლესობას არაფერი აკავშირებს. დარწმუნებული ვარ, დასანახავად ვერ იტანენ. 

„ქართული ოცნების“ პარასკევს გავრცელებული განცხადებაც ამას აღნიშნავს. თავადვე აღიარეს, რომ ვერ ხერხდება უმრავლესობაში შეთანხმება ვერაფერზე და ამიტომ ივანიშვილი დაიწყებს მცირე ჯგუფებთან საკითხების „მოგვარებას“. ერთ ჯგუფს ეტყვის მეორეზე, რომ ცუდები არიან, შემდეგ მეორე ჯგუფს ეტყვის იგივეს პირველ ჯგუფზე და შეეცდება არარსებული თანაცხოვრების ფორმულა იპოვოს ადამიანების, რომლებსაც რეალურად ერთმანეთი ეზიზღებათ. ამ უბედურებაშია დღეს „ოცნება“ და ცდილობს გადაგორების პრინციპით, იქნებ და რაღაც ეშველოთ პროცესში. 

„ოცნება“ დაემსგავსა ისეთ ოჯახს, სადაც ერთმანეთს ამხობენ ყველაფერს, ყოველ დღე სკანდალია, მეზობლებიც შეწუხებულები არიან, მაგრამ არ იშლებიან, ბინას ვერ იყოფენ, მამამთილზეა ბინა გაფორმებული და მამამთილი ამ ბინას არ ყოფს. ამგვარი უბედურება ხდება „ოცნებაში“.

„ნაცმოძრაობას“ იმიტომ კი არ ვებრძოდით, რომ სააკშვილის ჩაცმულობა და თვალები არ მოგვწონდა, არამედ იმიტომ, რომ მანკიერი სისტემა შექმნა და ეს სისტემა „ოცნებამ“ გადმოიბარა. შეუძლია ვინმეს ერთი მანკიერება დამისახელოს, რასაც 2012 წლამდე ვებრძოდით და დღეს აღარ არის?! სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესით კი ეს ყველაფერი დააგვირგვინეს, ამით გადმოიფორმეს ყველა ის უბედურება, რის გამოც მოხდა 2012 წელი.

„რ“: ამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიფორმა ყველა უბედურება. ვიცით, რომ რიგითი კობახიძე და ზარდიაშვილი არ წყვეტს არაფერს, გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს და მაინც მწვავე კრიტიკა, თუნდაც ბესელიას მხრიდან „ახლების“ ამ წევრებზეა და არა კონკრეტულად ივანიშვილზე. თქვენი აზრით, რატომ?

გ.ხ.:  კი, ბატონო, ეს ივანიშვილის პრობლემაა, იმიტომ, რომ ყველაფერ ამაზე პასუხისმგებელი ივანიშვილია და აღარ აქვს მნიშვნელობა პერსონიფიცირებას ვინ აკეთებს და ვინ - არა. გასაგებია, საზოგადოებაში არის განცდა, რომ ივანიშვილი აგებს ამ ყველაფერზე პასუხს. მათ შორის წითელი ხაზები გადაიკვეთა მაშინ, მეორე ტურის წინ კონსერვატიულ ფრთას მოუხმო, სთხოვა, ამ ერთხელაც დამეხმარეთ და მერე ტკბილი და ბურაბა ბიჭი გავხდებიო, სინამდვილეში ყველა გადააგდო. 

აბსოლუტურად იმის საწინააღმდეგო პროცესი დაიწყო მეორე დღიდან, რასაც დაჰპირდა ხალხს არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის. ძველ დაპირებებზე არაფერს არ ვამბობ. ეს წითელი ხაზი გადაიკვეთა და მას მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა. არ ვამბობ, რომ ეს დღეს მოხდება, იმიტომ, რომ კომფორმიზმის ხარისხი ჯერ კიდევ მაღალია, პრობლემები სახეზეა, დეგრადაციის პროცესი მიმდინარეობს. მას აღარ შეუძლია ამ პროცესების შეჩერება, თვითონ არის სიტუაციის მძევალი. მას პროცესების მხოლოდ შენელება შეუძლია, მაგრამ, ფაქტობრივად, განწირულია ეს ყველაფერი.

„რ“: თუმცა, თუ ივანიშვილია პასუხისმგებელი, ბესელია და სხვები რატომ ვერ ახსენებენ ივანიშვილს?

გ.ხ.: მთლად ასე აღარ არის. გავიმეორებ, რომ ივანიშვილი ვეღარ აკონტროლებს, ის სისტემის მძევალია. ჰქონდა ილუზია, რომ რაღაც ურჩხულს გადმოიბარებდა და მართავდა, მაგრამ ვეღარ მართავს. მისი სიტყვა აღარ არის იმდენად ფასეული და წონადი. 

ის აღარ არის უკვე ავტორიტეტი და ეს ჩანს „ოცნების“ განცხადებაშიც, რომ მცირე-მცირე ჯგუფებს შეხვდება პარტიის თავმჯდომარე. ივანიშვილი იმდენად დაკნინდა, რომ უნდა ეცადოს, პატარ-პატარა ჯგუფები „შეკეროს“ და  შეიძლება რაღაც შეაკოწიწოს. როდესაც აქამდე დადის ლიდერი, ის უკვე ლიდერი აღარ არის, ის არის ადამიანი, რომელიც რაღაცას ჩალიჩობს. ასეთი მოჩალიჩეები ბევრნი არიან ამ ქვეყანაში. ის ფაქტობრივად საშუალო დონის მენეჯმენტზე ჩამოვიდა და მის ავტორიტეტზე აღარ არის საუბარი.

„რ“: თქვენ ახსენეთ ივანიშვილის გამოსვლა მეორე ტურის წინ. მაშინ მან გვითხრა, რომ პარტიის გაწმენდას დაიწყებდა და მენეჯმენტს დაალაგებდა. ეს პროცესი დაიწყო მან და „ახლებზე“ შეაჩერა არჩევანი?

გ.ხ.: ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი. თქვენ ხედავთ მენეჯმენტის დალაგებას?

„რ“: მან გვითხრა ეს...

გ.ხ.: ფაქტია, კი არ ალაგებს, უფრო და უფრო ირევა და აიზილება ეს ყველაფერი. სრულიად ნათლად გამოჩნდა, რომ მან ააშენა და ახლაც აგრძელებს ძალიან ჯიუტად ბაბილონის გოდოლის შენებას, რომელსაც ნგრევა აქვს დაწყებული. მშენებელი კი მაინც ამბობს, რომ ცამდე აზიდული რაღაც ააშენა და ჯიუტად ცდილობს ბოძები შეუყენოს და ამით შეაჩეროს. 

ფაქტობრივად ივანიშვილი ცდილობს, კუსტარულად გააჩეროს უზარმაზარი კორპუსის ნგრევა, რაც სისულელეა. არ მესმის, რატომ ვერ ხედავს ამას, ეს იმდენად მარტივად ჩანს გვერდიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×