მიუხედავად წინასწარი დაანონსებისა, რომ 1-ლი მარტიდან შვეიცარიელი მონიტორები უკვე დაიწყებდნენ მუშაობას რუსეთ-საქართველოს სატრანზიტო დერეფნებში და დაიწყებოდა აღრიცხვა, რა ტვირთი მოძრაობს რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ან პირიქით, ამ შეთანხმების ამოქმედება გაურკვეველი ვადით გადაიდო.
დიდი ალბათობით, მონიტორინგის დაწყების მიახლოებითი თარიღი 27 თებერვალს გახდება ცნობილი. პრაღაში სწორედ 27 თებერვალს არის დაგეგმილი გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა და ამ შეხვედრის მთავარი საკითხი სწორედ საბაჟო მონიტორინგის შესახებ საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების პრინციპებისა და ზოგადი ხედვის განხილვა იქნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, რომ დაანონსებული იყო, თუმცა 1-ლი მარტისთვის მონიტორინგის ამუშავება ვერ მოესწრება.
"6 თებერვალს ჟენევაში უკვე შედგა ქართულ-რუსულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ერთობლივი კომიტეტის შექმნა 2011 წლის შეთანხმებით არის გათვალისწინებული და 6-ში პირველი შეხვედრა იყო. მათ ზოგადად გაიარეს მთავარი თემები, მოსამზადებელი პერიოდი დამთავრდა, კონტრაქტები ხელმოწერილია ჩვენი მხრიდანაც და რუსეთის მხრიდანაც. შვეიცარიულ კომპანიას თანხაც ჩაერიცხა. ახლა მართლაც უნდა დაიწყოს იმპლემენტაციის პერიოდი, მაგრამ რა ვადაში მოხდება ეს და დეტალურად რა დრამატურგია იქნება, ამის თქმა მიჭირს.
"თებერვლის ბოლოს პრაღაში შეხვედრა გვექნება და გავისაუბრებთ, დამატებით ინფორმაციას მივიღებ ამის თაობაზე და მათი ხედვა როგორია ვადასთან დაკავშირებით, ამასაც მერე მოგახსენებთ. 3-თვიანი მოსამზადებელი ვადა 1-ელ მარტს მთავრდება, მაგრამ შვეიცარიული კომპანია უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. მათი ჩამოსვლის თარიღი, მართალი გითხრათ, არ ვიცი. 1-ელში ვერ მოხდება, ალბათ ცოტა გადაიდება," - ამბობს აბაშიძე.
მისი თქმით, მისთვის უცნობია, რამდენი ხნით შეიძლება გადაიდოს მონიტორინგის ამოქმედება.
"რახან 1-ლი მარტი უკვე მოსულია, რაღაც პერიოდი კიდევ დასჭირდება. ძალიან არასტანდარტული, ორიგინალური შეთანხმებაა. არსად ამის გამოცდილება არ არის და ბევრ კითხვას წარმოშობს. მათ შორის არის ტექნიკური საკითხები. ასე რომ, მოთმინება უნდა ვიქონიოთ.
"დაიძრა. მოსამზადებელი პერიოდი რთული იყო, რაც გავიარეთ და ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რაც შეესაბამება შეთანხმების პრინციპებს და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. იმის მოლოდინი და განცდა არავის უნდა ჰქონდეს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე რამე მოხდება. კონკრეტულ დეტალებზე შეუძლიათ საუბარი მათ, ვინც სამუშაო ჯგუფშია ჩართული," - აღნიშნა აბაშიძემ.
საქართველოსა და რუსეთს შორის "საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების" შესახებ შეთანხმება 2011 წელს გაფორმდა. ამ დოკუმენტის გაფორმება გახდა აუცილებელი პირობა რუსეთისთვის, რომ საქართველოდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თანხმობა მიეღო.
შეთანხმებით, ნეიტრალურმა მხარემ, შვეიცარიულმა კომპანიამ, უნდა აღრიცხოს ტვირთი საქართველოსა და რუსეთის სატრანზიტო დერეფნებში. ასეთი სულ სამი დერეფანია: ლარსის გამშვები პუნქტი, აფხაზეთის მიმართულება და ცხინვალის რეგიონის მიმართულება. მონიტორინგის ამოქმედება საქართველოს მისცემს ინფორმაციას, თუ რას ვაჭრობენ ერთმანეთთან რუსეთი და ოკუპირებული რეგიონები.
რუსეთის დიდი წინააღმდეგობის და პროცესის ამდენწლიანი გაჭიანურების მიუხედავად, შეთანხმება, როგორც იქნა, ფინალში გავიდა. საქართველომ შვეიცარიულ კომპანია "ეს-ჯი-ეს"-თან 2017 წლის დეკემბერში გააფორმა ხელშეკრულება, რუსეთმა - 2018 წლის მაისში. 2018 წლის მაისში კარასინ-აბაშიძის ფორმატში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი "საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ" შეთანხმების განხორციელების მიზნით.
2018 წლის ივნისში რუსეთმა შვეიცარიულ კომპანიას გადაურიცხა ფული სამუშაოების შესასრულებლად, ხოლო საქართველომ - 30 ნოემბერს. სწორედ ამის შემდეგ, დეკემბრის დასაწყისში, გაავრცელა განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც საქართველო დაადანაშაულა პროცესის გაწელვაში და ამავე დროს დააანონსა, რომ 30 ნოემბრიდან იწყებოდა 3-თვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომლის დასრულების შემდეგ, 1-ლი მარტიდან, შვეიცარიული კომპანია შეუდგებოდა საზღვრის მონიტორინგს.
მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო. 6 თებერვალს ჟენევაში სამმხრივი, ქართულ-რუსულ-შვეიცარიული, ერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრაც გაიმართა. საქართველოდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ შემოსავლების სამსახურის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები. 1-ელ მარტამდე კი ერთ კვირაზე ნაკლები რჩება და თბილისში აცხადებენ, რომ მონიტორინგი წინასწარ დაანონსებულ დროს ვერ ამოქმედდება.
რა დეტალებზე მოილაპარაკეს ჟენევაში მხარეებმა, რატომ ვერ ამოქმედდება 1-ელ მარტს ხელშეკრულება და როდის დაიწყებენ შვეიცარიელი მონიტორები მუშაობას? - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხები არ ჩანს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ "მთელი კვირისთვის" გამოგზავნილ პასუხში მხოლოდ ის წერია, რომ ხელშეკრულება გულისხმობს წინასწარ განსაზღვრული სამი კორიდორით ტვირთის მოძრაობის მონიტორინგს. ნეიტრალურმა მესამე მხარემ, ამ შემთხვევაში შვეიცარიულმა კომპანიამ, უნდა განახორციელოს მონიტორინგი და არა საბაჟო პროცედურები. შვეიცარიულ კომპანიას საბაჟო პროცედურებთან შეხება არა აქვს. მონიტორინგი განხორციელდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
რაც შეეხება თებერვლის შეხვედრას, ერთობლივი კომიტეტი აგრძელებს მუშაობას და "პროცესის დასრულებამდე დეტალებზე ლაპარაკი ნაადრევია".