მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და უკვე გედევან ფოფხაძემაც ოფიციალურად დატოვეს "ქართული ოცნება", საპარლამენტო უმრავლესობაში 111 დეპუტატი დარჩა. ამ შემადგენლობას, შესაძლოა, კიდევ 13 დეპუტატი გამოკალდეს, რომლებმაც ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ მხარი დაუჭირეს.
პარტიიდან უკვე გარიცხული დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ, პარლამენტის სხდომის პარალელურად, 21 თებერვალს "ოცნების" დეპუტატები იღებდნენ შეტყობინებებს, რომ ვინც ბესელიას კანონპროექტს მხარს დაუჭერდა, გაირიცხებოდნენ.
პარლამენტის სხდომის შემდეგ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის წევრები ორჯერ შეიკრიბნენ. ივანიშვილმა პარასკევს, 22 თებერვალს, საგანგებოდ ოფისში შეკრიბა ყველა ის დეპუტატი, რომლებმაც კანონს მხარი დაუჭირეს. შიდა წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ პარტიის თავმჯდომარისგან მკაცრი გაფრთხილება მიიღეს და ამჯერად გარიცხვას გადაურჩნენ, თუმცა ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ 13 დეპუტატიდან რამდენიმემ ან ყველამ დატოვოს პარტია.
საგანგებო თათბირს პარტიის თავმჯდომარემ შაბათს - 23 თებერვალსაც უხელმძღვანელა. სავარაუდოდ, შეკრების მთავარი მოტივი პარტიასა და უმრავლესობაში შექმნილი კრიზისული ვითარება იყო.
ეს კი იმ დეპუტატების სიაა, რომლებსაც ან გარიცხავენ ან პარტიას თავად დატოვებენ: რევაზ არველაძე, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან კობერიძე, გიორგი მოსიძე, კობა ნარჩემაშვილი, ზაზა პაპუაშვილი, რუსლან პოღოსიანი, გია ჟორჟოლიანი, ალექსანდრე ქანთარია, ოთარ ჩრდილელი და მირიან წიკლაური.
"ოცნების" დაშლის პროცესი დაწყებულია და ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს, რომ პროცესი შეაჩეროს," - ასე აფასებს ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია "მთელ კვირასთან" მმართველ გუნდში დაწყებულ პროცესს. მისი თქმით, თუ აქამდე ინფორმაცია ჭორის დონზე გამოდიოდა, ახლა ყველაფერი ნათელია და მოსალოდნელია, ამ 4 დეპუტატის გარდა, პარტია კიდევ ბევრმა დეპუტატმა დატოვოს, რადგანაც "ოცნებაში" მძიმე სიტუაციაა და ყველა საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვის იზრუნებს. მისი ვარაუდით, პარტიას ძველი ბირთვი დატოვებს.
"სავარაუდოდ, "ოცნება" დაშლას ვერ გადაურჩება, რადგანაც, "ნაციონალებისგან" განსხვავებით, ამ პარტიაში ერთი იდეოლოგიის ირგვლივ გაერთიანებული ხალხი არ არის. მათ ერთი ადამიანი აერთიანებთ მხოლოდ და საზოგადოებაში ავტორიტეტის დაკარგვის შემდეგ იგი მათთვისაც ლიდერის ფუნქციის შემსრულებელი ვეღარ იქნება. ის დეპუტატებიც კი, რომლებიც პარტიის დატოვების კანდიდატებად არ მოიაზრებიან, იფიქრებენ, მომავალი პოლიტიკური კარიერა რას ან ვის დაუკავშირონ.
"ახლა ივანიშვილის ქცევა გასაგებია, რომელიც გამალებულად დეპუტატებს იბარებს და აფრთხილებს, რომ პარტია არ დატოვონ. იგი არა მხოლოდ პარტიაზე, არამედ საკუთარ მომავალზეც ზრუნავს, რადგან მშვენივრად იცის, რა მოხდება, თუ მმართველი პარტია ჩამოიშლება. ის ცდილობს, 2020 წლამდე პარტია ამ შემადგენლობით მიიყვანოს, ახალი ადამიანებით დააკომპლექტოს და დღევანდელი სტატუს კვო მაინც შეინარჩუნოს," - აღნიშნა "მთელ კვირასთან" კაკაჩიამ.
ანალიტიკოსის აზრით, "ქართული ოცნების" ამომრჩეველი ერთგვაროვანი არ არის და, ბუნებრივია, რომ ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ პარტიის დატოვება ამომრჩევლის რაღაც ნაწილს გაიყოლებს. ამიტომ ახლა მთავარია, ივანიშვილი ვისზე დასვამს პარტიაში მთავარ აქცენტს, თუ ლიბერალურ ფრთაზე, რომელიც "ოცნების" კონსერვატიულ ამომრჩეველში არცთუ პოპულარულია, ეს მას დიდი ზიანს მოუტანს.
"ივანიშვილი სხვადასხვა, ყველა ჯგუფზე ითამაშებს და არჩევნების დროს ვისზეც უფრო შესაძლებელი იქნება დაყრდნობა, იმას დაეყრდნობა. "პატრიოტთა ალიანსი" ანგარიშგასაწევი ძალაა, რომელსაც, სავარაუდოდ, ბესელიასთან მჭიდრო ურთიერთობა ექნება, რაც "ოცნებისთვის" კარგის მომტანი არ უნდა იყოს. ამიტომაც მას ამ კუთხითაც სამუშაო ექნება," - ამბობს კაკაჩია.
კონსტიტუციონალისტი, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ თუ დეპუტატები "ოცნებას" დატოვებენ, ამით ზიანი არც ქვეყანას და არც თავად პარტიას არ მიადგება. მმართველ გუნდს საპარლამენტო უმრავლესობა მაინც რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ხელისუფლების დაკომპლექტებას კვლავაც შეძლებს. თუმცა ეს პროცესი ივანიშვილისა და პარტიის ავტორიტეტს აზიანებს და ისედაც რეიტინგდაკარგულ მმართველ გუნდს ამომრჩევლის ნდობას აკარგვინებს.
"არ არის გამორიცხული, "ოცნებამ" საკითხი ისე დასვას, რომ მათ მოახდინეს პარტიის რებრედინგი და ახალი სისხლი გადაისხეს. ამის შემდეგ კი ქვეყანაში იმ დაპირებების შესრულებას იწყებენ, რასაც ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ იძლეოდა.
"ოცნების" ელიტა შეგუებულია, რომ პარტიიდან ხალხს დაკარგავენ, თუმცა მისი გადახალისება მოხდება და ფიქრობენ, რომ ამით ამომრჩეველს რაღაც ახალს შესთავაზებენ. მე მგონია, პარტიას ის ხალხი ტოვებს, რომლებმაც ისედაც იცოდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ოცნების" სიაში ვეღარ მოხვდებოდნენ. ამიტომაც ბევრი ასეთი ადამიანი პარტიის დატოვებას შეეცდება," - ამბობს ძაბირაძე.
"ივანიშვილი თამაშობს, რომ პარტია ამ სახით 2020 წლამდე მიიყვანოს. თან პარალელურად რეზერვის შექმნას იწყებს, რომ მისი რიგები შეავსოს," - ასე აფასებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "მთელ კვირასთან" "ოცნებაში" მიმდინარე მოვლენებს.
მისი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ თუ ეს 13 დეპუტატი პარტიას თავისი სურვილით არ დატოვებს და არც გარიცხავენ, მათ 2020 წლის არჩევნებისთვის ვეღარ ვიხილავთ. ივანიშვილი კი პარტიას შეინარჩუნებს, თუმცა ამომრჩევლის შენარჩუნება კიდევ უფრო გაუჭირდება.
"ივანიშვილის მხრიდან ეს არის ორ ფრონტზე თამაში. ის, ერთი მხრივ, ცდილობს გუნდის ძველი სახით შენარჩუნებას, რათა 2020 წლამდე დრო მოიგოს და მათი ადგილი ახალი სახეებით შეავსოს. პარალელურად კი რეზერვის შექმნას იწყებს და რამდენმა დეპუტატმაც უნდა დატოვოს პარტია, მათ გადახალისებას მაინც შეძლებს.
"აქ უკვე საუბარი იმაზეა, ვინ და რა წონის მქონე ხალხი იქნება, რადგანაც "ოცნების" რეიტინგი საკმაოდ დაბლაა წასული და თან ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობა ორჯერ მეტად პოლიტიკურ პარტიას შანსს აღარ აძლევს. მით უმეტეს, რომ ივანიშვილს დაპირებების შესრულება პარტიაში ასეთი სიტუაციის ფონზე ძალიან გაუჭირდება. შეიძლება მან ეს სიტუაცია ისედაც კი წარმოაჩინოს, რომ გუნდში ახალი სახეების გადახალისებას ახდენს, თუმცა არ მგონია, რომ ამომრჩეველი შეინარჩუნოს," - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.