თამარ შუკვანი
25.02.2019

 „არცერთ ეტაპზე არ განმიცხადებია, რომ წასვლაზე მაქვს ორიენტირი აღებული. რა თქმა უნდა, შეიძლება წასვლა, მაგრამ არ მაქვს ეს განზრახვა. რესურსი არსებობს იმისა, რომ არ მოხდეს პარტიის დაზიანება, ისედაც წავიდა ოთხი წონიანი და მართალი ადამიანი.

„რაც არ უნდა ისაუბროს ვინმემ, რომ „არაუშავს, არაფერი არ ხდება", როგორ არ ხდება... ოთხი კაცი გავიდა პარტიიდან," - აცხადებს საპარლამენენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მმართველ პარტიაში შექმნილ სიტუაციაზე „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი დეპუტატების მხრიდან „ქართული ოცნების" დატოვების პროცესი კვლავ გაგრძელდება, შედეგი სავალალო იქნება.

„კიდევ რომ გაგრძელდეს ეს პროცესი, თვითონ პროცესიც და „ქართული ოცნებაც" ძალიან დაზიანდება. ამიტომ არ ვფიქრობ ამას. თუმცა, ვნახოთ, ბუნებაში ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გამიჩნდა განცდა იმისა, რომ გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის რესურსი არსებობს," - აღნიშნა მან.

ცნობისათვის, „ქართული ოცნება" კიდევ ერთმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ ორშაბათს ოფიციალურად დატოვა, - ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს - გია ჟორჟოლიანი.

„როდესაც რაღაც საკითხზე გადაწყვეტილებას ვიღებთ და ამ პროცესში განსვავებული აზრიც არსებობს, ეს აზრი საზოგადოებამ უნდა გაიგოს. ყველაფერი, რაც ახლავს პოლიტიკურ პროცესს, საჯარო უნდა იყოს და ხალხმა იცოდეს ამის შესახებ," - განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების" რიგები ასევე დატოვა სამმა დეპუტატმა - ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა.

22 თებერვალს „ქართული ოცნების" ოფისში გამართული შევხედრის დასრულების შემდეგ ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აპირებს უმრავლესობის სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს.

„ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია, ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე", - ნათქვამია ამასთან დაკავშირებით „ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქანთარიას თქმით, ივანიშვილის მხრიდან მსგავსი შეხევდრის ფორმატი მისაღებია, რადგან ამა თუ იმ საკითხების განხილვა სრული უმრავლესობის შეხვედრისას ვერ ხორციელდება.

„იყო საუბარი, რომ ივანიშვილი სხვა გარკვეულ ჯგუფებსაც შეხვდება, რადგან უმრავლესობის მთლიან შეხვედრაზე ძნელი ხდება-ხოლმე და პარტიის თავმჯდომარემ გადაწყვიტა მსგავის შევხედრები. ამაში ცუდი არაფერია, პირიქით - კარგია.

„იმ დღეს, სამი-ოთხი საათის განმავლობაში, თითქმის ყველაფერზე ვისაუბრეთ და ბევრ რამეზე მოხდა სწორედ აზრების შეჯერება. იყო მსჯელობა ძალიან მწვავე საკითხებზეც. რა პრობლემებიც არის, მისი განეიტრალება, მისი გადაჭრის რესურსი არსებობს და ამაში მონაწილეობის მიღება ღირს," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×