მარი გოცირიძე
26.02.2019

 "გალტ ენდ თაგარტმა" საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ენერგეტიკის დარგში მომუშავე კერძო და საჯარო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

"გალტ ენდ თაგარტის" კვლევაში დეტალურად არის განხილული ენერგეტიკის დარგის საკვანძო საკითხები - ელექტროენერგიის მოხმარებისა და გენერაციის ტენდენციები, იმპორტის დინამიკა, საექსპორტო ბაზრების პოტენციალი და სამომავლო პერსპექტივები. კვლევაში ასევე განხილულია დარგის ძირითადი პრობლემები, საუბარია მიმდინარე და მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მათ პოტენციურ შედეგებზე, რაც უკავშირდება საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობასა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას.

კონფერენციის დიდი ნაწილი სწორედ სადისკუსიო მსჯელობას დაეთმო, სადაც კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დეტალურად განიხილეს სექტორის გამოწვევები და საექსპორტო ბაზრის შესაძლებლობები, რასაც კვლევის დიდი ნაწილი ეთმობა.

კერძოდ, "გალტ ენდ თაგარტის" კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება სწრაფი ტემპებით იზრდება და 2030 წლისათვის მისი გაორმაგებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის გარეშე, ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს ადგილობრივი გენერაციის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი. ამჟამად, მშენებლობისა და კვლევის სხვადასხვა ეტაპზე 150 პროექტია, რომელთა დადგმული სიმძლავრე 5,4 გვტ-ია. ამ პროექტების განხორციელებით საქართველო შეძლებს არა მარტო ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილებას, არამედ გახდება ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი.

"საქართველოს ბანკის" გენერალურ დირექტორ არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, საკმაოდ მზარდია მოთხოვნა და სექტორმა ამ მოთხოვნას უნდა უპასუხოს. მისი განცხადებით, სადისკუსიო პლატფორმის შექმნა არის მიზანი, რომელსაც "გალტ ენდ თაგარტი" ემსახურება.

"ენერგეტიკა არის ერთ-ერთი დინამიკურად განვითარებული სფერო საქართველოში. მოთხოვნა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე, მზარდია და არსებულ გამოწვევებს სექტორმა სათანადოდ უნდა უპასუხოს. შესაქმნელია ახალი სიმძლავრეები, რა მიმართულებითაც გვაქვს მცირე ჩამორჩენა, მაგრამ "საქართველოს ბანკი" ამ გამოწვევას ქმედითი ნაბიჯის გადადგმით პასუხობს და სექტორს სთავაზობს გრძელვადიან დაფინანსებას პპპ-ის ან მის გარეშე პროექტებს.

"ენერგეტიკის მიმართულებით მთავრობის მხრიდან საკმაოდ საინტერესო რეფორმა ხორციელდება, მაგრამ სასურველია, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას სჭირდება ხანგძლივი პერიოდი, ამ კუთხით ქარის ენერგია გამონაკლისია, რადგან პროექტები, რომლებიც მზად არის ასაშენებლად, შეიძლება საკმაოდ სწრაფად, დაახლოებით წელიწად-ნახევარში აშენდეს. ვიმედოვნებ, რომ ინვესტორებთან შეთანხმება შედგება და ჩვენ მზად ვართ დაფინანსებისათვის.

"გალტ ენდ თაგარტის" მიზანია, რომ სექტორში მოთამაშეებს შესთავაზოს სადისკუსიო პლატფორმა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი: მთავრობა, სემეკ-ი ანუ დამოუკიდებელი რეგულატორი, ინვესტორები, ბანკები და საერთაშორისო ორგანიზაციები. სწორედ ეს არის მიზანი, რომელსაც "გალტ ენდ თაგარტი" ემსახურება", - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

"გალტ ენდ თაგარტის" წარმომადგენელთა მოსაზრებით, დაგეგმილი პროექტების სრულად განხორციელება ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა. კვლევის ეტაპზე მყოფი პროექტები შესაძლოა, საბოლოო შეფასებისას არ აღმოჩნდეს ტექნიკურად და ეკონომიკურად მომგებიანი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ამ პროექტების იდენტიფიცირებისას არსებული საინვესტიციო გარემო განსხვავებულია დღევანდელისაგან. "გალტ ენდ თაგარტის" მოსაზრებით, სექტორში მიმდინარე რეფორმები ახალ შესაძლებლობებს აჩენს და ბაზრის ახალი სტრუქტურა ახალი ტიპის ინვესტორების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

"ღონისძიების მთავარი მიზანია, შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან სექტორის აქტიური მონაწილეები - კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, რათა მოხდეს სექტორში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა. გვსურდა, მოწვეული სტუმრებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, თუ როგორ აღიქვამს ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებსა თუ პერსპექტივებს კერძო სექტორი", - განაცხადა "გალტ ენდ თაგარტის" კვლევების მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევა ბოჭორიშვილმა.

"გალტ ენდ თაგარტის" მმართველმა დირექტორმა ოთარ შარაქიძემ გამოთქვა იმედი, რომ სწორად განხორციელებული პროექტების საფუძველზე შესაძლებელი გახდება, 2029 წლისათვის წელიწადში 6 გტვ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდეს.

"ენერგეტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი საქართველოს ეკონომიკისათვის. ჩვენი კვლევიდან ჩანს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ზრდადია და შესაბამისად, მოთხოვნა ელექტროენერგიაზე მატულობს. მოლოდინი გვაქვს ასევე, რომ ტენდენცია გაგრძელდება და ელექტროენერგიაზე მოთხოვნა კიდევ გაიზრდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო, რა მოლოდინები აქვს სექტორს და რა ბედი ეწია ბაზარზე ახალ პროექტებს. გადავწყვიტეთ, კონფერენციის ფარგლებში მოგვეწვია სემეკი, მთავრობისა და უშუალოდ ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები, ერთად გვემსჯელა და ყველა კითხვაზე გაგვეცა პასუხი.

"დღესდღეობით 150 მიმდინარე პროექტია, ცხადია, აქედან ყველა ვერ დასრულდება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მათი ნაწილი ეტაპობრივად შევა მოქმედებაში. სხვა გამოსავალი არც გვაქვს, თუ არაფერი გაკეთდა და დავიტოვეთ დღევანდელი გენერაციის დონე, 2030 წელს ჩვენ დაახლოებით 11 გვტ ელექტროენერგიის იმპორტი დაგვჭირდება, რაც ძალიან დიდი მოცულობაა, თუმცა თუკი მიმდინარე პროექტების ნაწილი მაინც შესრულდება, 2029 წლისათვის უკვე ექსპორტზე წელიწადში 6 გტვ ელექტროენერგიის გატანას შევძლებთ", - განაცხადა ოთარ შარაქიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×