ბათუმის ორი კლინიკა 6 გარდაცვლილ პაციენტს "მოემსახურა". ავადობის გაზრდილი ჩამონათვალის, არასაჭირო კვლევებისა და გეგმური ოპერაციების გადაუდებლად დარეგისტრირების შემდეგ, საავადმყოფოებმა საყოველთაო დაზღვევიდან მეტი თანხის მისაღებად გარდაცვლილი პაციენტების მომსახურებაც დაიწყეს, ჩვეულებრივი შემთხვევების "მწვავედ" გატარების რაოდენობამ კი ყველა რეკორდი მოხსნა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშით დასტურდება, რომ ბათუმში კლინიკას 6 გარდაცვლილ ბენეფიციართან ვიზიტი და მომსახურების გაწევა აქვს დოკუმენტირებული. უფრო კონკრეტულად, გარდაცვლილი პაციენტისათვის "მომსახურების" გაწევა 2016 წელს შპს "ქირურგიულ კლინიკა თფდქუ"-ს (2 შემთხვევა), ხოლო 2017 წელს "საქართველოს კარიტასს" (4 შემთხვევა) უფიქსირდება. ის, რომ გარდაცვლილი პაციენტების მომსახურება ორმა სხვადასხვა კლინიკამ დაარეგისტრირა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, პრობლემის სისტემურობაზეც მიანიშნებს.
გამოვლენილი დარღვევებიდან გამომდიდარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ბენეფიციართათვის სოციალური მომსახურების მიწოდება მაღალ რიკს შეიცავს და შესაძლოა, საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად დაიხარჯოს. სახელმწიფო აუდიტი ბათუმის მუნიციპალიტეტს რეკომენდაციას აძლევს, გააძლიეროს პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგი და გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.
როგორც ჩანს, ეს არ არის ერთეული შემთხვევა და სამედიცინო სფეროში განუკითხაობამ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ კლინიკები დაზღვევის მეტი თანხის ასათვისებლად სხვადასხვა მანიპულაციას მიმართავენ. სწორედ ამიტომ სტატისტიკურად მწვავე შემთვევების რიცხვი 300%-ით არის გაზრდილი.
"პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სისტემურ ხარვეზთან გვაქვს საქმე, რადგან სისტემა იძლევა მსგავსი მანიპულაციების საშუალებას. კლინიკები ცდილობენ, მაქსიმალურად გამოწოვონ სახსრები საყოველთაო ჯანდაცვიდან. იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი იღუპება, მაგრამ დაზღვევის ლიმიტი ამოწურული არ არის, რამდენიმე დღე კვლავ არ აფორმებენ გარდაცვალების ფაქტს. სამწუხაროდ, ბათუმში აღმოჩენილი ფაქტები არ არის ერთეული შემთხვევა.
გარდა ამისა, არის სხვა ნაირ-ნაირი მეთოდი, როცა ბიუჯეტის თანხის სრულად ათვისებას ცდილობენ. ეს არა მხოლოდ ჩვენი ინფორმაციაა, აუდიტის სხვა დასკვნებში არსებული ფაქტებიცაა. მაგალითად, ხშირია გეგმური შემთხვევების გადაუდებლად გაფორმება, რადგან სახელმწიფო გადაუდებელს ანაზღაურებს სრულად.
თუ გადავხედავთ 2014-15 წლის მონაცემებს, იქ ვნახავთ, რომ "მწვავე შემთხვევების" რაოდენობა დღეს 300%-ზე მეტად არის გაზრდილი, რაც თავისთავად აბსურდული რიცხვია, თუ ქვეყანა საომარ ვითარებაში არ იმყოფება ან რამე ეპიდემია არ არის გავრცელებული. ჩვეულებრივ პირობებეში ეს წარმოუდგენელია. შესაბამისად, ესეც მანიპულაციის შედეგია, ისევე როგორც დიდი ოდენობით კვლევების დანიშვნა, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, რომლებსაც სრულად ანაზღაურებს სახელმწიფო", - აცხადებს ჩიხლაძე.
კერძო მესაკუთრეთა მხირდან მეტი მოგების სურვილით ხსნის ფაქტს ორგანიზაციის "გვახსოვდეს ჰიპოკრატე" დამფუძნებელი მარინა ბერაძე. ისიც ადასტურებს, რომ მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება არასაკმარისი რეგულაციების გამო.
"კონკრეტულ საქმეზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ რასაკვირველია, მსგავსი ფაქტები იქნება, როცა არ არის საკმარისი რეგულაციები და აღსრულება. კლინიკები, რომლებიც კერძო მფლობელის საკუთრებაშია, მაქსიმალურად დიდი მოგების მიღებას ცდილობენ, სწორედ ამით არის გამოწვეული ეს ქაოსი და სხვა ბევრი შემთხვევაც. სამწუხაროდ, ზოგიერთ დაწესებულებას ავიწყდება მედიცინის მთავარი პრინციპი - "არ ავნო!" - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ბერაძე.