"მთელ ქონებას ვკარგავ, ვხდები სრულიად გადახდისუუნარო, ჩემს შთამომავლობას კი რჩება 125 000 დოლარი ვალი"
თამარ მუკბანიანი
26.02.2019

 არნახული შეტევა "ქართულ სკოლასა" და მის მფლობელზე. "პროკრედიტ ბანკმა" მერაბ გვაზავას 180 000 დოლარად შეფასებული კომერციული ფართი ნულოვან აუქციონზე 9 000 დოლარად გაუყიდა. ქონების ახალი მფლობელი ზემოხსენებული ბანკის შვილობილი კომპანიაა. კომერციული ფართის შემდეგ, აუქციონზე გატანა ახლა უკვე საცხოვრებელ სახლს ემუქრება. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მერაბ გვაზავა კარგავს პირწმინდად ყველაფერს და ვალი ფაქტობრივად იმავე ოდენობით რჩება.

საზოგადოებისათვის ხშირად ხდება ცნობილი ბანკებისა და მათი მევალეების დავა, სადაც, ძირითადად, მოქალაქეები საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მანიპულაციებზე ჩივიან. ერთ-ერთი ასეთია მერაბ გვაზავას საქმე, ის "პროკრედიტ ბანკის" მევალეა. "ქართული სკოლის" დამფუძნებელი დღეს უკვე კომერციული ფართის გარეშე დარჩა და ახლა აუქციონზე საკუთარი სახლიც რომ არ გაუყიდონ, იმისათვის იბრძვის. დავალიანება რომ უნდა დაფაროს, ამას გვაზავაც ადასტურებს და მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა პრობლემას ქონების არასწორი შეფასება და ნულოვანი აუქციონის სისტემა წარმოადგენს, რის გამოც მისი კომერციული ფართი, რომელიც ალტერნატიული შეფასებით ალტერნატიული შეფასებით 320 000 ათასი, ბანკის შეფასებით კი 180 000 დოლარი ღირდა, ნულოვან აუქციონზე 9 000 დოლარად შეიძინა "პროკრედიტ ბანკის" შვილობილმა კომპანიამ.

"პროკრედიტ ბანკი" 140 000 დოლარს მედავება. გირაოდ ჩადებული მაქვს კომერციული ფართი (რომელშიც მუშაობდა ჩემ მიერ დაფუძნებული კერძო სკოლა - "ქართული სკოლა") და საცხოვრებელი სახლი. ბანკისათვის გადახდილი მაქვს 55 000 დოლარი. ჩემი გადახდისუნარიანობა მაშინ შესუსტდა, როცა ლარმა კურსის დევალვაცია დაიწყო. ინფლაციამ გაუგონრად გააღატაკა მოსახლეობა, სამაგიეროდ გაუგონრად გამდიდრდნენ ბანკები.

ჩემი საქმე აუქციონამდე მივიდა, მაგრამ აუქციონამდე (გარეგნული წესიერების დასაცავად) საჭიროა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა. ამ მიზნით ბანკის მიერ დაქირავებულმა კერძო აღმასრულებელმა მიმართა შემფასებელ კომპანია "იუვისს". ხსენებული კომპანია, ძირითადად, დისტანციური მეთოდით მოქმედებდა, მან ყოველგვარი აზომვების გარეშე, ფოტოებსა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით განახორციელა შეფასება, რის შედეგადაც ჩემი კომერციული ფართი შეფასდა - 180 000, ხოლო საცხოვრებელი სახლი 61 000 დოლარად.

სტატისტიკა ირწმუნება, ასიდან ოთხმოცდაათ შემთხვევაში საქმე ნულოვან აუქციონამდე მიდის, მისი გამოისობით კი უძრავი ქონება, რომელიც ოდითგანვე ყველაზე მყარ ვალუტად ითვლებოდა, სრულად კარგავს ღირებულებას.

ჩემი კომერციული ფართი, რომელიც ალტერნატიული შეფასებით 320 000 ათასი, ბანკის შეფასებით კი 180 000 დოლარი ღირდა, ნულოვან აუქციონზე 9 000 დოლარად შეიძინა "პროკრედიტ ბანკის" შვილობილმა კომპანიამ, რომელსაც ნიკოლოზ მიქაბერიძე წარმოადგენს. როგორც მასთან საუბარში გაირკვა, ჩემი ყოფილი შენობა უკვე იყიდება 200 000 დოლარად. მიქაბერიძემ მაცნობა, რომ ამ ფინანსურ ოპერაციას არანაირი შეხება არ აქვს ჩემს დავალიანებასთან, რომელიც მხოლოდ 9 000 დოლარით შემცირდა.

აყურადღება მიაქციეთ: ჩემმა ფართმა, რომლის ფასიც სააუქციონო მანიპულაციების შედეგად 9 000 დოლარამდე დაეცა, მყისიერად აღიდგინა ღირებულება, როგორც კი "პროკრედიტ ბანკის" შვილობილის ხელთ აღმოჩნდა.

მეორე აუქციონი ჩემი საცხოვრებელი სახლის გაუფასურებას მიეძღვნება. მამობილი შვილობილს მას სავარაუდოდ 5 000 დოლარად შეუძენს. ნახევარ მილიონად შეფასებული ქონება ჩემს დავალიანებას მხოლოდ 14 000 დოლარით შეამცირებს. მე მთელ ქონებას ვკარგავ, ვხდები სრულიად გადახდისუუნარო, ჩემს შთამომავლობას კი რჩება დაახლოებით 125 000-იანი დავალიანება", - განუცხადა "ბინზეს-რეზონანსს" მერაბ გვაზავამ.

კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით "ბიზნეს-რეზონანსი" "პროკრედიტ ბანკსაც" დაუკავშირდა. კითხვების საპასუხოდ ბანკში აცხადებენ, რომ დიდი აცდენა ქონების ღირებულების შეფასებისას შემფასებლების საპასუხოა და არა მათი. თავად ისინი მზად არიან, დავალიანების დაფარვისთანავე იმ ფასად მიჰყიდონ ქონება გვაზავას, რა ფასადაც მათმა შვილობილმა შეიძინა აუქციონზე.

"მერაბ გვაზავას კომერციული ფართი შეფასდა არა ბანკის, არამედ კერძო კომპანიის მიერ "სსიპ სააღსრულებლო ბიუროს" დაკვეთით - 488 000 ლარად. რაც შეეხება აუქციონს, იგი ტარდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შექმნილ ელექტრონულ ვებ-გვერდზე, საჯაროდ. აუქციონის წესების თანახმად, პირველ აუქციონში საწყისი ფასი შეადგენს შეფასების 75%-ს, განმეორებითში - 50%-ს, მესამე აუქციონზე საწყისი ფასი არის 0, ხოლო პირველი ბიჯის მოცულობა - 5%. საჯარო აუქციონის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ქონების ყოფილი მესაკუთრისთვის. აუქციონი მიმდინარეობდა 3 კვირის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე ქონების შეძენით არავინ დაინტერესებულა, ამიტომ ქონება შეიძინა ბანკის შვილობილმა კომპანიამ, შპს "პროკრედიტ ფროფერთიმ" 24400 ლარად.

რაც შეეხება ორი კერძო შემფასებელი კომპანიის შეფასებებს შორის არსებულ ცდომილებას, ჩვენ ნამდვილად ვერ გაგცემთ პასუხს, უმჯობესია კონკრეტულად მათ ჰკითხოთ, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ. ჩვენი პოზიცია ბ-ნი გვაზავასთვის ცნობილია და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაფიქსირებთ, რომ თუ ქონების ყოფილი მესაკუთრე დაფარავს სასამართლო წესით დაკისრებულ ვალდებულებას, ვაცხადებთ მზაობას, ქონება მივყიდოთ უკან ფაქტობრივად იმავე ფასად, რა ფასადაც მოხდა შპს "პროკრედიტ ფროფერთის" მიერ მისი აუქციონის წესით შეძენა", - განუცხადეს "ბინზეს-რეზონანსს" "პროკრედიტ ბანკში".

მხარეებს საკუთარი არგუმენტები აქვთ და დავა, სავაურაუდოდ, კვლავ გაგრძელდება. "ახალგაზრდა ადვოკატების" თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ კითხვებს აჩენს ქონების აუქციონზე შემსყიდველი, ბანკის შვილობილი კომპანია. ადვოკატი უზენაესი სასამართლოს მიერ 2015 წელს გამოტანილ გადაწყვეტილებას იხსენებს, როცა სასმართლომ შვილობილი კომპანიის მიერ შეძენილი ქონება არაკეთილსინდისიერად ჩათვალა და გარიგება გააუქმა.

"ეს არ არის პირველი საქმე, როცა საბანკო სფეროდან მოქალაქეების დაზარალება ხდება და საბანკო სფერო მოქალაქეთა უფლებებს მნიშვნელოვნად ლახავს. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რა ვითარებაში ტარდება ნულოვანი აუქციონი, რომელიც თავისთავად მიღებული ფორმაა. ქონება ჯერ უნდა მოხდეს რამდენჯერმე აუქციონზე და თუკი არ ხდება მისი გაყიდვა, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა ბანკს უფლება, ნულოვანი აუქციონის გზით შეაფასოს.

სამართლებრივი დავის საგანი შეიძლება გახდეს გარემოება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე პრეცედენტულია. 2015 წელს სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ბათილად ცნო გარიგება, როდესაც ბანკმა უძრავი ქონება სწორედ ამ ფორმით შეიძინა და შემძენი გახდა სწორედ შვილობილი კომპანია. ამ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა გარიგების არაკეთილსინდისიერებაზე, აღნიშნული გადაწყვეტილება კი ქვეყნის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა და მიუთითა, რომ ზოგადად ეჭვს იწვევს შვილობილი კომპანიის მიერ ქოენების შეძენა. ეს რეალურად არის ერთი და იმავე ინტერესის ქვეშ მყოფი დომინანტ მდგომარეობაში მყოფი მხარე. ასევე არ იყო გამოყენებული უპირატესი შესყიდვის უფლების შეთავაზება, რაც ასევე დარღვევაა. მოცემულ საქმეზე კი მთავარია, ვინ არის შემძენი და რამდენად კანონიერად და მართლზომიერად მოხდა ბანკის მხრიდან ეს ყველაფერი", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" კაიკაციშვილი.

აუქციონის ჩატარების წესებს განმარტავს და მომხმარებლისათვის მეტი ინფორმირებულობის აუცილებლობაზე მიუთითებს ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების დეპარტამენტის ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი.

"ბანკში უძრავი ქონების ჩადებისთანავე ხდება მისი შეფასება, თუ სესხი ისე "გაპრობლემდა", რომ საჭირო ხდება აუქციონზე გატანა, უმჯობესია, ადამიანებმა თავად იპოვონ მყიდველი და თავად გაყიდონ საკუთრება სასურველ ფასად. მსესხებელს ყოველთვის შეუძლია, გაასხვისოს უძრავი ქონება, რომელიც არის გირაოში ჩადებული. როცა საქმე აუქციონამდე მიდის, ცოტა რთულდება ვითარება, აქ უკვე უშუალოდ აუქციონზე უნდა მიიყვანო მყიდველი", - აცხადებს ალიბეგაშვილი.

"ბინზეს-რეზონანსი" კვლავ მიადევნებს თვალყურს საქმის მიმდინარეობას და მომავალში ისევ გააგრძელებს პრობლემური საკითხის გაშუქებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×