თამარ შუკვანი
26.02.2019

 „ეს შეხვედრები მოსალოდნელი იყო. ალბათ, ივანიშვილმა ჩათვალა საჭიროდ, რომ უკეთესი იქნება ცალ-ცალკე ესუბროს გარკვეულ ჯგუფებს უმრავლესობიდან. ივანაშვილმა პარლამენტში ბირთვის ჩამოყალიბება დაიწყო, რომელიც მისთვის საყრდენი იქნება და განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს საპარლამენტო სია 2020 წლის არჩევნებისთვის," - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს „რეზონანსთან" საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე: მიდის პროცესი, საიდანაც გარკვეული ადამიანების ჩამოშორება ხდება, უმრავლესობიდან თავზე ხელის გადასმით გაშვება. ორი პროცესი მიდის; უმრავლესობის დაშლა და ამ უმრავლესობიდან ბირთვის გამოკვეთა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წამყვანი იქნება. ეს პროცესი გაგრძელდება, მაგრამ არა მგონია ამან გაზაფხულის ბოლომდე გასტანოს.

მოხდება პროცესების დაჩქარება იმისათვის, რომ უფრო სწრაფად მოხდეს ამ ბირთვის გამოკვეთა, რადგან შემდეგ რაღაც უნდა დაიწყოს. რაღაც რომ დაიწყოს, უნდა დაიწყოს ახალი გუნდის და არა მთლიანი „ქართული ოცნების" სახელით, პარტიის შიგნით მიდის ახალი ბირთვის ჩამოყალიბება და შექმნა.

„რ": ეკა ბესელია ახალ ფრაქციას ქმნის და ამისათვის, ის პარლამენტში კონსულტაციებს იწყებს. რას იტყვით აამაზე? ვინ შეიძლება იყოს მის გუნდში და რა შედეგს ჰპოვებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?

ვ.ძ: როგორც ბესელია ამბობს, ეს იქნება ჯგუფი, რომელიც მას მხარს უჭერდა სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებში, თუმცა არა მგონია, რომ ამ 17 კაცმა, რომელმაც უმრავლესობიდან მხარი დაუჭირა მის წინანდადებას, ყველამ დატოვოს უმრავლესობა. იქნებიან ადამიანები, რომელებიც ბესელიას შეუერთდებიან, სხვებთან ივანიშვილს ექნება საუბარი და უხმაუროდ გადგებიან გვერდზე. ალბათ, რაიმე დაპირებებს მიიღებენ შემდეგი ცხოვრების უზრუნველსაყოფად და მათი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობა იქნება დაკმაყოფილებული.

არ ვიცი, რა წარმატებები ექნება ბესელიას ახალ ჯგუფთან, ამბობს, რომ რაღაც პლატფორმას ქმნიან, საინტერესო იქნება, თუმცა პლატფორმებით საქართველოში არჩევნები ვინმეს მოეგოს, არ მახსოვს. დამატებით სხვა ფაქტორებია საჭირო, აქ ფული წყვეტს საბოლოო ჯამში. ჯგუფს პოლიტიკურად რა კაპიტალი ექნება დაგროვილი, იმის მიხედვით გამოჩნდება, შეძლებენ თუ არა ისინი პოლიტიკურ პროცესებში რეალურ მონაწილეობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×