(რეზონანსი) კრიზისზე საუბარი არ შეიძლება იყოს. კრიზისი შეიძლება იყოს მაშინ, თუ კიდევ 35 ადამიანი დატოვებს უმრავლესობას, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესები ცოცხალი და ჯანსაღი პროცესია.
„როგორც პოლიტსაბჭოს წევრს, შემიძლია გითხრათ, რომ კვირაში რამდენჯერმე მაქვს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. ეს შეხვედრები არის სწორედ პარტიის ოფისში, სხვადასხვა თემებზე. არანაირ უკმაყოფილებაზე აქ საუბარი არ არის. ზოგადად პროცესი პარტიაშიც, უმრავლესობაშიც არის ცოცხალი. ეს მუდმივად გულისხმობს გარკვეულ კონსულტაციებს, ვიღაც უკმაყოფილოა და ვიღაც - კმაყოფილი.
კრიზისზე საუბარი არ შეიძლება. კრიზისი შეიძლება იყოს მაშინ, თუ კიდევ 35 ადამიანი დატოვებს უმრავლესობას. მაშინ შეიქმნება სამთავრობო კრიზისი და იძულებული ვიქნებით კოალიციაზე ვისაუბროთ. მანამდე არანაირი კრიზისი არ არის.
ის, რომ ადამიანები ტოვებენ უმრავლესობას, არის ადამიანურად გულდასაწყვეტი, რადგან მათთან გვაქვს ძალიან დიდი მეგობრობა და ურთიერთგაგება. ეს არ არის გასახარი, თუმცა, ამას კრიზისთან არანაირი საერთო არ აქვს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.