ჩაშლილი კომიტეტის სხდომა და "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მწვავე განცხადება - „ჩვენ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი ვართ, ამიტომ იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ ბანკი დაგვეტოვებინა, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ“, -უთხრა ჩაშლილი სხდომიდან გამოსულმა ხაზარაძემ ჟურნალისტებს, რომელიც დეპუტატების მიწვევით იმყოფებოდა და აპირებდა, რომ ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პასუხი გაეცა, რისი საშუალებაც მას არ მიეცა. თუმცა ხაზარაძე ჟურნალისტების შეკითხვას, ვისგან მოდის ეს ზეწოლა, არ პასუხობს.
ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან“ ვარაუდობენ, რომ ხაზარაძე ივანიშვილის სახელის ხსენებას და მასთან დაპირისპირებას ბოლომდე ვერ ბედავს. მათი აზრით, ამას შეიძლება ორი მიზეზი ჰქონდეს - ან ბოლომდე სურს ივანიშვილთან რაღაც დაალაგოს და ჰგონია, რომ ჯერ კიდევ განწირული არ არის, ან პოლიტიკურ ოპონირების სურვილი არა აქვს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო მიწვეული, კითხვებისა და განცხადებების გარეშე დასრულდა. გადაწყვეტილება კომიტეტის დასრულების შესახებ, მისმა თავმჯდომარე რომან კაკულიამ მიიღო. მანამდე სხდომის დახურვის საკითხის განხილვა მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა.
„დღეს მე და ჩემი პარტნიორი კომიტესტის ხდომაზე მოწვეულები ვიყავით, როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის წევრების მიერ. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები და ვართ ბიზნესმენები და აქ რაიმე პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის მოსულები არ ვართ. აქ მოვედით, რომ გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვანაირად უკვე გავაჟღერეთ. სამწუხაროდ ბანკის ირგვლივ არსებული მოვლენების ძალიან ურცხვი ტირაჟირება ხდება. ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ პარლამეტი ერთადერთი ადგილი იქნებოდა, სადაც ქართველ ხალხს, დეპუტატებს იმ ობიექტურ ისტორიაზე მოვუყვებოდით რაც ჩვენს ამბავს ახლავს“, - აცხადებს ხაზარაძე.
ამბობს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პრეზიდენს, თითქოს კომიტეტზე ღია საუბარი თიბისი ბანკს ზიანს მოუტანს. მისი აზრით, ბანკს ზიანი უკვე მიადგა და მისი დაზარალება კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განცხადებით მეტად ვეღარ მოხდებოდა.
„ეს საქმე უკვე კერძო პირს მამუკა ხაზარაძეს აღარ ეხება. ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას და მის სტაბილურობას. თუ თქვენ ნებისმიერ მსოფლიოს სააგენტოში მოიკითხავთ საქართველოზე რა ინფორმაცია გადის, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხდებით რაღაც ფულის გათეთრებასთან და აბსურდულ ბრალდებებთან. ბოლო დღეებია თითქმის ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს ვხვდები და ეს ნომერ პირველი სალაპარაკო თემაა. სამწუხაროა, რომ უკვე საუბრობენ, თითქოს საქართველოს სხვა მიმართულებით მიდის. ეს არის ძალიან ცუდი მოსასმენი. სხდომა იმიტომ იყო მოწვეული, რომ სიმართლე გაგვერკვია, რეალურად რა ხდება. ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ ბანკი დაგვეტოვებინა, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ“, - აცხადებს ხაზარაძე.
ოპოზიციისთვის მიუღებელი იყო „ქართული ოცნებისა“ და კობა გვენეტაძის არგუმენტი, რომ კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებებმა შეიძლება ბიზნესსექტორი, „თიბისი ბანკი“ დააზარალოს. ოპოზიციის წევრები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტებს აბსურდს უწოდებენ, ამბობენ, რომ ბანკს ზარალი უკვე პროკურატურის მიერ მედიაში გამოძიების მასალების გასაჯაროების შემდეგ მიადგა და მეტ ზიანს ვერავინ მიაყენებდა. მათი აზრით, ეს კარგად დაგეგმილი და დაკვეთილი დავალება იყო, რომელიც მმართველი გუნდის დეპუტატებმა პირნათლად შესრულეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ რაც მოხდა, ეს იყო უკიდურესად მძიმე ფაქტი. მისი აზრით, ფაქტობრივად ეროვნულმა ბანკმა ნდობა და ავტორიტეტი დაკარგა. რაც ივანიშვილმა დღეს გვენეტაძეს გაუკეთა ამას მტერი არ უზამდა, რადგანაც ჯერ აიძულა, რომ კანონის იგნორირება გაეკეთებინა. მაგრამ მერე მიხვდა, რომ სხდომა ვერ ჩაიშლებოდა, ხაზარაძე და ჯაფარიძე მოვიდოდა.
„ ამის გამო გვენეტაძეს ივანიშვილმა ისევ უბრძანა, რომ პარლამენტში მისულიყო და ყველაფრის ფასად კომიტეტის სხდომა ჩაეშალა. ამაში უმრავლესობაც დაეხმარა. არავინ აღმოჩნდა მზად, რომ ივანიშვილს შეწინააღმდეგებოდა.
ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ თუ რამე კითხვებზე არ უნდოდა გვენეტაძეს პასუხი გაეცა, ნუ გასცემდა. ამის შემდეგ ვითხოვეთ, რომ მაშინ ტრიბუნა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს დათმობოდა, მაგრამ ამის შეეშინდათ, რადგანაც ყველაფერს ფარდა აეხდებოდა. ამიტომაც სხდომა ჩაშალეს. ამით ანაკლიის პორტის პორქეტს უკვე დიდი საფრთხე ემუქრება. რაც კომიტეტის სხდომაზე მოხდა, ეს ყველა ინვესტორის ყურამდე მივა. მას შემდეგ, რაც ხაზარაძეს ფულის გათეთრების ბრალდება არ მოეხსნება, მას არავინ ენდობა და ფულს არავინ მისცემს. ეს მხოლოდ ადმინისტრაციული დარღვევაა, რასაც ხაზარაძეს ედევებიან. ანაკლიის ფონდს არავინ დამფინანსებელი გვერდით არ ამოუდგება, როცა კაცს ფულის გათეთრებას აბრალებენ“, - აცხადებს გოცირიძე.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძე თავის განცხადებებში მიუხედავად სიმკაცრისა ბიძინა ივანიშვილს მაინც არ ახსენებს. მისი თქმით, ბანკირი კვლავ ცდილობს, რომ სიმართლე არა ხალხს, არამედ ივანიშვილს დაუმტიკიცოს და აჩვენოს, რომ მას ვიღაც გარე ძალები ებრძვიან. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ხაზარაძეს ივანიშვილთან ბოლომდე ხიდის დაწვა არ სურს და ამ ფორმით თავის გადარჩენს ცდილობს.
„ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მას საბოლოოდ ივანიშვილის გადამტერება არ სურს. ის იჭერს ისეთ პოზას, თითქოს არიან გარკვეული ძალები, რომლებსაც ივანიშვილი შეცდომაში შეჰყავთ და რასაცა საუბრობს მცდელობაა მხოლოდ იმის, რომ თავის სიმართლეში არა ხალხი, არამედ ის დაარწმუნოს. რა თქმა უნდა, კარგად ათვითცნობიერებს, რომ ივანიშვილია ყველაფრის თავი.
მისი განცხადებებიც გვახსოვს, როგორ გააკრიტიკა კვირიკაშვილი და „თიბისი“ ბანკი. ხალხი გადაჭამაო ამ ბანკმა, ხომ ამბობდა ივანიშვილი. ხაზარაძე ჯერჯერობით ცდილობს, წარმოაჩინოს სიტუაცია, რომ ივანიშვილს პირადად არ ერჩის და ის ვიღაც გარკვეულ ჯგუფებს მის წინააღმდეგ შეცდომაში შეჰყავთ“, - აცხადებს ჩიტაძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ხაზარაძე ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, მაგრამ ვის წინააღმდეგ, ის რეალურად ხალხს არ ეუბნება ვინ ახორციელებს ამ მიზანიმართულ შეტევას. მისი აზრით, ხალხმა, რომ მას დაუჯეროს, მის ირგვლივ რა ხდება უფრო მეტი უნდა ილაპარაკოს. თუმცა ანალიტიკოის ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა ორი იზეზით იყოს განპირობებული. ერთი არ სურს ივანიშვილთან მისასვლელი გზა ბოლომდე მოიჭრას, რადგანაც მაინც ყველაფრის უფროსი ის არის და ასევე, შესაძლოა ფიქრობს, რომ მასთან პირდაპირი დაპირისპირება პოლიტიკურ პლათფორმაზე გადაიყვანს.