ია აბულაშვილი
26.02.2019

 "ივანიშვილს სადავეები გაექცა, ვნახეთ ვინ შედიოდა მასთან შეხვედრაზე, როცა 5-7 წლის წინ სულ სხვა საზოგადოება იკრიბებოდა. ეს ნიშნავს, რომ მას კლასი დაუვარდა" - ასე ეხმიანება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა "ოცნებაში" განვითარებულ მოვლენებს.

"ძალიან არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა ეკა ბესლიას "ოცნების" უმრავლესობიდან წასვლას, განსაკუთრებით ოპოზიციურ სპექტრში, რომელიც პანიკაშია, ბესელია ახალ პოლიტიკურ ველს შექმნისო. "ნაციონალებმა" წინასწარ შავები ჩაიცვეს და ტირიან უმცირესობის დაკარგვას, არადა თავს მთავარ ოპოზიციურ პარტიად თვლიან და არჩევნებში მათ კანდიდატს 800 ათასმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ეკა ბესლიას პერსპექტივა, რომ პოლიტიკური პარტია დააფუძნოს, გადაჭარბებელი მგონია, რადგან დღეს ახალი პარტიის შექმნა ასე მარტივი არ არის. ბესელია არის ერთი დეპუტატი, ერთი კინკილა ქალი და ისიც არ ვიცით, ვინ აპირებს მის პარტიაში, თუ ფრაქციაში გაწევრიანებას. მან თქვა, რომ ქმნის პლატფორმას და ამ იდეის გარეშემო ყველას შეუძლია თანამშრომლობა, თანამშრომლობისთვის მეც გახსნილი ვარ.

არც ის მგონია, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის თამაშია; მას სადავეები გაექცა. კარგად ვნახეთ ვის იბარებს თავის აგარაკზე, როცა 5-7 წლის წინ იქ სულ სხვა საზოგადოება იკრიბებოდა. ეს ნიშნავს, რომ კლასი დაუვარდა. შევარდნაძესაც ჰყავდა თავისი ნაცვლიშვილები, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ მსოფლიო დონის პოლიტიკოსია, მაგრამ 11 წელი ისე იცხოვრა, რომ არავინ მისულა. მიშა-მიშასაც იძახდნენ, მაგრამ მერე სულელად მოიხსენიებდნენ. ივანიშვილი ჯიუტად იმეორებს წინა ხელისუფლებების შეცდომებს, 2012 წლის არჩევნები ადვილად მოიგო, რადგან ხალხი მიშასგან იყო გაწამებული. ბოლო არჩევნებიც მოიგო, მაგრამ კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ქართველ ხალხს ხახვით და კარტოფილით ვერ მოისყიდის და რაც დღეს ხდება ამისთვის საკადრის პასუხს გასცემს.

ჩემი აზრით, დღეს ქართულ პოლიტიკაში მთავარი ამბავი არის მესამე კოალიციის შექმნა, სრულიად დისტანცირებული ამ ორი მაფიოზური ჯგუფისგან, რომელიც ერთმანეთს ეომება. ეს უნდა იყოს პოლიტიკური ცენტრი, რომელშიც სხვადასხვა აზრის ადამიანები გაერთიანდებიან; ამ მიმართულებით მივდივართ დღეს ჩვენ პარტია "თავისუფალი საქართველო" - განაცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×