„ლიცენზია გაცემულია 2006 წელს. არ ვიცი ლიცენზიის პირობები როგორია. სავარაუდოდ, თავის დროზე არასწორად არის გაცემული და მოსახლეობა მის შეჩერებას ითხოვს. მიდის ჩვეულებრივი შეკრებები და პროტესტის გამოხატვა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ადგილობრივ დონეზე ეს არ გადაწყდება, ადგილობრივი ხელისუფლება ლიცენზიის შეჩერების საკითხს ვერ მოაგვარებს," - სვანეთში ოქროს საწამოო წესით მოპოვების აკრძალვასთან დაკავშირებით, „რეზონანსს" მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარემ, მაიზერ ჯაფარიძემ განუცხადა.
სვანეთის მოსახლეობა მოითხოვს კომპანია „ოპტიკალ სისტემს ინკს" ოქროს მოპოვებისა და წარმოების ლიცენზია ჩამოერთვას, ხოლო მესტიის მუნიციპალიტეტში ოქროს საწარმოო წესით მოპოვება და გადამუშავება სამუდამოდ აიკრძალოს. ამ მოთხოვნით ისინი მთავრობას მიმართავენ.
სწორედ ამ მოთხოვნით, სვანეთის საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში, კულტურის ცენტ „მუზაში" შეიკრიბნენ. ამასთანავე, პრემიერის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების" სახელზე მიმართვა მზადდება. ამის შესახებ ინფრომაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მესტიაში ოქროს მოპოვებისა და წარმოების საშუალება კომპანია „ოპტიკალ სისტემს" ჯერ კიდევ 2006 წელს მისცა. შეკრებილების ინფორმაციით, სვანეთის მუნიციპალიტეტის უდიდესი ნაწილი, 39 000 ჰექტარი, დასახლებული ადგილები, მრავალსაუკუნოვანი კოშკები, ეკლესიები, სასაფლაოები და სახლები ლიცენზიის მოქმედების არეალში მოექცა, სადაც კომპანიას შეუძლია მოძიებითი და მოპოვებითი სამუშაოები აწარმოოოს.
როგორც სვანები აცხადებენ, ოქროს საწარმოო წესით მოპოვებით ამ კუთხის განადგურებას არ დაუშვებენ, ამაზე 500-მდე სვანმა ტაძრებში ხატზე დაიფიცა. ფიცის აღსრულება სვანეთში სავალდებულო წესს წარმოადგენს და სვანეთისათვის ღვთისა და ხალხის წინაშე ფიცის დარღვევა დაუშვებელია.
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ოქროს საწარმოო პროცესის დაწყება სვანეთის ეკოლოგიას უდიდეს ზიანს მიაყენებს და გაანადგურებს ბუნებას. მათ კიდევ ერთ მოთხოვნას სვანეთში განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან საჯარო და ღია კონსულტაციის წინასწარ გამართვა წარმოადგენს. შეკრებილთა ინფორმაციით, ამ ეტაპზე გარემოს დაცვის სამინისტროში საწარმოს მშენებლობის შესახებ ლიცენზიის გაცემის საკითხი განიხილება.
ფოტოზე: საპროტესტო აქცია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელში. (1tv.ge)