თამარ შუკვანი
26.02.2019

 „ადამიანმა არარსებული აღიაროს? ეს იმისკენ არის მიმართული, რომ აღიაროს ის, რაც არ არსებობს?" - ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობის საკითხი დადგება იმ შემთხვევაში, თუკი პატიმარი დანაშაულს აღიარებს.

„ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთდროულად ემუქრებოდე და, მეორე მხრივ, მას შეწყალების შუამდგომლობას სთხოვდე. ან ერთი გზით შეგიძლია განავითარო მოვლენები, ან - მეორე გზით. საპატრიარქომ თქვა, რომ შეწყალების შუამდგომლობას იმ შემთხვევაში ვაყენებთ, თუკი პატიმარი თავის წილ დანაშაულს აღიარებს და შენდობას თხოვს ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ამასთანავე, შეწყალების საკითხზე საუბარია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში:

„სამწუხაროდ, მამა გიორგი მამალაძეც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას.

„რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს. ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, კვლავაც ძალაშია," - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი განცხადების გაკეთებას 17:00 საათის შემდეგ აანონსებდა. მისი ინფორმაციით, 17:00 საათზე ერთ-ერთი სასულერო პირი ამ საკითხთან დაკავშირებით, განცხადების გაკეთებას აპირებდა.

„ჩვენ ადვოკატები ამ განცხადებას თავიდან ბოლომდე გავეცნობით და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას. 5 საათზე კიდევ აკეთებს რომელიღაცა ეპისკოპოსი განცხადებას და დაველოდებით ამ განცხადებებს, რის შემდეგ ჩვენც გავაკეთებ განცხადებას," - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

საპატრიარქოში გაკეთებულ განცხადებას დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ბულუხია გამოეხმაურა, რომელმა განაცხადა, რომ ციხეში მამალაძის მონახულებას გეგმავს.

მისი თქმით, დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე სასულიერო პირებმა უნდა იმსჯელონ. სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის შესაძლოა, დეკანოზის სკანდალური წერილი მოხვდეს, რომელიც მღვდელმთავრებს მამა გიორგი მამალაძემ უკვე გადაუგზავნა.

„ძალიან ძნელია ახლა საპატრიარქოს მაგივრად იმსჯელო ამ საკითხზე. მე გადაწყვეტილი მაქვს, თვითონ მოვინახულო ბრალდებული და ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება... ეს სცილდება რაღაც ზღვარს..." - უთხრა მეუფე ანტონმა „რუსთავი 2"-ს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×