ია აბულაშვილი
26.02.2019

 "პოლიტიკურ ქვაბს, რომელიც ახლა ივანიშვილის პარტიაში დგას და იხარშება, როგორ შეუნთებს ცეცხლს, ნელა თუ სწრაფად, ეს ბიძინაზეა დამოკიდებული. მას სხვა გზა არ აქვს, და ეს გზა არის რადიკალური ცვლილებები" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, ვისაც "რეზონანსი" "ოცნებაში" განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

"რეზონანსი": ექსპერტთა აზრით, ის რაც დღეს მმრათველ გუნდში ხდება, შეიძლება ახალი "ოცნების" ფორმირების პროცესი იყოს. თქვენც ასე ფიქრობთ?

იგორ კვესელავა: პროცესი, რომელიც ახლა "ოცნებაში" მიდის, მოსალოდნელი იყო და არაერთხელ გავაკეთე პროგნოზი, რომ კუს ნაბიჯებით სიარული "ოცნებას" კარგს არაფერს მოუტანდა - საჭირო იყო ცვლილებები. ახლა ყველა პრობლემა ერთად დაგროვდა და დამოკლეს მახვილივით "ოცნების" თავზე ჰკიდია. პოლიტიკურ ქვაბს, რომელიც დღეს ივანიშვილის პარტიაში დგას და იხარშება, როგორც შეუნთებს ცეცხლს, ნელა თუ სწრაფად, ეს ბიძინაზეა დამოკიდებული. მას სხვა გზა არ ჰქონდა, დრო არ ითმენს, თავლა კი დაგროვებული ჭუჭყისგან უნდა გაიწმინდოს.

ბიძინა იწყებს აქტიურობას 2020 წლის არჩევნებისთვის. პარლამეტიდან იწებს ცვლილებებს, როცა სიტუაციას დაალაგებს, მეორე საფეხური იქნება მთავრობა და იქ განსახორციელებელი ცვლილებები, შემდეგ კი გადაინაცვლებს პარტიაში. ამას თავის ხელით გააკეთებს, თუ სხვას გააკეთებინებს, ესეც ხელოვნებაა. აინტერესებს, ვინ დადგება მის გვერდით, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, იქნება თუ არა მათი პოზიცია არა პირადი, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ისე წარსდგება 2020 წლის საპალამენტო არჩევნებზე.

"რ": ამ პოლიტიკურ დუღილში ბესლიას რა პერსპექტივა აქვს, იგი "ოცნებიდან" დამოუკიდებლად ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის...

ი.კ: ბესელია გამოცდილი პოლიტიკოსია და პოლიტიკური გზაც გაიარა. მისი წაქცევა ასე მარტივი არ არის, რადგან ძლიერად დგას პოლიტიკურ სცენაზე. თუმცა მარტო ერთი ბესელია და მისი პლატფორმა ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის. გითხრათ სიმართლე, არ მეგულება ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს - ვერც "ნაციონალები", ვერც "ევროპული საქართველო" ან ერთად აღებული მთელი ოპოზიციური სპექტრი. ამიტომ ქვეყანაში უნდა გამოჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალა, ახალი ხედვებით.

"რ": ეს ახალი ძალა მამუკა ხაზრაძე ხომ არ იქნება? როგორც თიბისი ბანკთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, მას ფინანსურ კაპიტალთან ერთად სოციალური კაპიტალიც ჰქონია.

ი.კ: ხაზარაძის სოციალური კაპიტალი შეიძლება საკმარისი აქვს, მაგრამ, როგორც წესი, საზოგადოება საბანკო სისტემიდან წამოსულ კაცს, ანუ ბანკირს დაუფიქრებლად შეიძლება არ გაჰყვეს. რა პროგრამას წარმოადგენს და რა იდეით შემოვა პოლიტიკაში, ამაზე იქნება დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ახალი პოლიტიკური ძალა, რომლის ასეთი მოლოდინიც არის საზოგადოებაში, ისევ "ოცნების" წიაღში შეიქმნება და სულ მალე გამოჩნდება პოლიტიკურ გარიჟრაჟზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×