"ბევრი ის დანაპირები, რომელიც ჩვენ თვითონ ("ქართულმა ოცნებამ") გავეცით, არ შესრულდა და არც დაწყებულა შესრულება, ყველაზე მთავარია სამართლიანობის აღდგენა. თუ მეკითხებით, ამ ნაწილში ივანიშვილმა გადადგა თუ არა ქმედითი ნაბიჯები, სამწუხაროდ, არ გადადგა. (უმრავლესობა) ცხვრის ფარა არ არის, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია. ვისაც უმრავლესობაში თავმოყვარეობა აქვს, აწუხებს იმ დანაპირების ვერშესრულება, რომელიც მთელი პარტიის სახელით მისცა მოქალაქეებს," - აცხადებს კავკასიოლოგი, "ოცნების" ძველი წევრი, მამუკა არეშიძე.
"რეზონანსი": "ოცნება" დატოვა ე.წ. ძველი გვარდიის 3-მა წევრმა, გია ჟოჟოლიანმაც დაანონსა, რომ მისი სოციალისტების ფრაქცია გეგმავს გამოსვლას. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ იმ ანეკდოტამდე არ ვართ ჯერ მისული, "მოიფიქრე რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახი", თუმცა არც ბევრი გვაკლიაო. თქვენი აზრით, რა ხდება "ოცნებაში"?
მამუკა არეშიძე: ნგრევის, დაშლის პროცესი დაიწყო, მაგრამ რამდენად გაგრძელდება ეს, საბოლოო ჯამში, პარტიის ხემძღვანელობის ხელშია. პარტიის ბედის გადაწყვეტის თვალსაზრისით ივანიშვილზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დეკემბრის ბოლოს, როდესაც რღვევის პირველი ნიშნები გამოჩნდა, მაშინ იყო საჭირო ხანძრის ჩაქრობა. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ენერგიული ნაბიჯი სიტუაციას აუცილებლად შეცვლიდა. დღეს პროცესი ღრმად წავიდა, მაგრამ მდგომარეობის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება. არ ვიცი, ივანიშვილი როგორ მოიქცევა, მაგრამ თუ ერთი მხარის მხარდაჭერა გაგრძელდა, მდგომარეობა ვერ გამოსწორდება.
თუმცა დღეს უმრავლესობის ზოგიერთ წევრთან მქონდა საუბარი და მათი მინიშნებებით მივხვდი, რომ პარტიის ხელმძღვანელთან გარკვეული კომუნიკაცია შედგა და რაღაც გადაწყვეტილებები მიღებულია, თუ როგორ გადაარჩინონ გუნდი.
"რ": როცა ივანიშვილმა მეორე ტურის წინ დააანონსა, რომ პარტიის დალაგებას დაიწყებდა, ახლა ამ "დალაგებას" ვხედავთ და ივანიშვილმა არჩევანი "ახლებზე" შეაჩერა, "ძველებს" კი უშვებს?
მ.ა: ეს ძალიან უხეში ფორმულირებაა. ისე არ არის, რომ "ახლებს" დაუჭირა მხარი და "ძველებს" უშვებს. "ახლებში" ასევე არის კიდევ მცირე ჯგუფი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის გარშემოა კონსოლიდირებული და ამაზეა საუბარი, რომ მათი პოზიცია ივანიშვილისთვის უფრო მისაღებია. მისი მესმის. კობახიძისნაირი პარლამენტის თავმჯდომარე მისთვის ხელსაყრელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კობახიძის ყველა მიდგომა სასარგებლო იყოს მისთვის, ან პარტიისთვის და საქმისთვის. როდესაც ასეთი აურზაურია ქვეყანაში და უმრავლესობაში, ძალიან რთულია ეკონომიკურ და სოციალურ გარდატეხაზე ფიქრი.
"რ": ვხედავთ, რომ ყველა სადავო საკითხზე თავდასხმა მოდის კობახიძეზე. თუკი უმრავლესობის უმრავლესობას ის ასე არ მოსწონს, ივანიშვილმა არჩევანი მასზე რატომ შეაჩერა და არა ვინმე ნეიტრალურზე?
მ.ა: არ მოსწონთ დღეს. ვერ ვიტყვი, რომ არ მოსწონდათ მანამდე. ირაკლი კობახიძე 2012 წელს თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობდა. ძალიან აქტიურად არ ჩანდა, ის კაბინეტის პიროვნებაა. წინა ფლანგზე გამოჩნდა 2014-2015 წლებში, გახდა პარტიის მაღალი დონის ფუნქციონერი და საორგანიზაციო საქმიანობას უძღვებოდა. როგორც ჩანს, მაშინ მან მოწონება დაიმსახურა, ამიტომ მოხდა მისი, როგორც იურისტის, საერთაშორისო ორგანიზაციებში სერიოზული გზაგავლილი ადამიანის, შერჩევა. თუმცა სულ სხვაა პარლამენტის თავმჯდომარედ მუშაობა და ქვეყნის წარდგენა მსოფლიოს წინაშე.
"რ": კობახიძემ არ გაამართლა?
მ.ა: პარლამენტის თავმჯდომარედ რომ არ გაამართლა, ამის ნათელი მაგალითია, როგორ იშლება უმრავლესობა.
"რ": დაშლა კობახიძის ბრალია თუ ივანიშვილმა გადაწყვიტა მოსამართლეების საკითხი ამგვარად, რასაც მოჰყვა დაშლა და ახლა ივანიშვილს ვერ უბედავენ კრიტიკას?
მ.ა: რასაც თქვენ ახლა ამბობთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ დიდი მონათა ბაზარი. ერთ კაცი ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ ყველაფერს - ვერ. ასეთი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს. საორგანიზაციო საკითხი იქნება, საკადრო საკითხი იქნება, ყველაფერში ივანიშვილი ვერ ჩაერევა. ამისთვის არიან სხვები. მოსამართლეებთან დაკავშირებით კობახიძის გუნდმა ისეთი ამინდი შექმნა, მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება, რომ ჩინჩალაძე-მუურუსიძისნაირი ადამიანები შეუცვლელები არიან და მათ შეუძლიათ, გარდამავალ პერიოდში გარკვეული ფონი შექმნან სასამართლო სისტემაში, რაც ტყუილია. ინტრიგანობა კი, იცოცხლეთ, შეუძლიათ.
"რ": ივანიშვილთან ბოლო დღეების შეხვედრებზე თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ხდებოდა?
მ.ა: ბოლო შეხვედრებზე უმრავლესობის იმ წევრებმა, ვინც მაინცდამაინც აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ, თქვეს თავისი სათქმელი და აუხსნეს ივანიშვილს, რასთან გვაქვს საქმე.
"რ": რამდენად მწვავე და ხმაურიანი იყო შეხვედრა? ითქვა, რომ ბესელიას კანონპროექტს მხარდაჭერა ვინ გამოუცხადა, მათ გარიცხვაზეც იყო მუქარა, ასეა?
მ.ა: ვნახეთ, რომ საპნის ბუშტი გამოდგა ეს და არავინაც არ გაურიცხავთ. გარჩევა მწვავედ და ხმაურიანად დაიწყო და დამთავრდა მშვიდად.
"რ": ბესელიას კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატები არ წავლენ პარტიიდან?
მ.ა: ერთმა დეპუტატმა მითხრა, რომ ჯერჯერობით უმრავლესობის შიგნით ვარ საჭირო იმისათვის, რომ ის უბედურება არ მოხდეს, რაზეც ზოგიერთია პარტიაში ორიენტირებულიო. ვინ ვის გაუშვებს, ეს კიდევ საკითხავია. იქ ცხვრის ფარა არ არის, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია. თავის გადარჩენის მომენტიც არსებობს და ასევე იმ პრინციპების გადარჩენაც, რისთვისაც "ქართული ოცნება" იბრძოდა თავიდანვე. ადამიანებს თავმოყვარეობა აქვთ და ვისაც უმრავლესობაში თავმოყვარეობა აქვს, აწუხებს იმ დანაპირების ვერშესრულება, რომელიც მთელი პარტიის სახელით მისცა მოქალაქეებს. ასევე, არ მოსწონთ, რომ ყველა ლანძღავს და ახლა პარტიიდან რომ გავიდნენ, ეს იქნება სიტუაციის გარიდება, ამიტომ უმრავლესობის შიგნით უნდა იბრძოლონ.
"რ": ივანიშვილის გეგმა რა არის, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი დარჩება სასამართლოში?
მ.ა: იმედს ვიტოვებ, რომ ეს შეიცვლება. საკმარისია მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის საკითხი მათთვის დადებითად გადაწყდეს, ეს საშინელ კატაკლიზმს გამოიწვევს პარტიაში და, აქედან გამომდინარე, ქვეყანაში. საზოგადოების დამოკიდებულებას თუ არ გაიგებს პარტიის ხელმძღვანელობა, ცუდად დამთავრდება ყველაფერი.
"რ": თქვით, რომ ზოგს აწუხებს სინდისი, "ოცნებამ" 2012 წლის დანაპირები რომ არ შეასრულა და პრინციპებს უღალატა. მიგაჩნიათ, რომ ივანიშვილმა უღალატა იმ პრინციპებს, რითაც მოვიდა 2012 წელს?
მ.ა: როცა ამ ფორმით სვამთ კითხვას, ივანიშვილმა უღალატა თუ არა საკუთარ პრინციპებს, ამაზე მკაფიო პასუხი არ არსებობს. რასაკვირველია, ბევრი ის დანაპირები, რომელიც ჩვენ თვითონ ("ქართულმა ოცნებამ") გავეცით, არ შესრულდა და არც დაწყებულა შესრულება, ყველაზე მთავარია სამართლიანობის აღდგენა. თუ მეკითხებით, ამ ნაწილში ივანიშვილმა გადადგა თუ არა ქმედითი ნაბიჯები, სამწუხაროდ, არ გადადგა. იმიტომ კი არა, რომ უღალატა, არამედ იმიტომ, რომ მიაჩნია, ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებისთვის საჭიროა კომპრომისი, კოაბიტაცია. მე ასე არ მიმაჩნია. არ მიმაჩნია ეს ივანიშვილის მხრიდან ღალატად, მაგრამ შეცდომად მიმაჩნია.