ადვოკატების ერთმა ჯგუფმა კამპანია დაიწყო - „აიცილე ლევან მურუსიძე“. კამპანიაში ჩართული ადვოკატები სასამართლო პროცესებიდან მურუსიძის აცილებას მის წარსულთან დაკავშირებული კითხვების, რეპუტაციისა და მიკერძოებულობის გამო ითხოვენ და ასევე აცხადებენ, რომ სისტემიდან მურუსიძე და კიდევ 9 მოსამართლე უნდა წავიდეს.
კამპანიას აღშფოთებული გამოხმაურება უკვე მოჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ე.წ. ჩინჩალაძე-მურისიძის კლანიდან. მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ეს „ბინძური პროვოკაციაა“, რასაც „ღირსეულად გაუმკლავდებიან“ და ითხოვს, რომ ეს საკითხი ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ განიხილოს.
სერგო მეთოფიშვილმა კი მოითხოვა, რომ ყველა ადვოკატი, ვინც მურუსიძის აცილებას დააყენებს, 500 ლარით დაჯარიმდეს სასამართლოს მიმართ უპატივცემულობისთვის.
ადვოკატების ერთმა ჯგუფმა მურისიძის წინააღმდეგ კამპანია „ფეისბუქში“ სამშაბათს დაიწყო. კამპანიაში ამ ეტაპზე 10 ადვოკატია ჩართული. ერთ-ერთი ინიციატორი, გიგი სისვაძე არ გამორიცხავს, რომ მომზადდეს შესაბამისი პეტიციაც და აცხადებს, რომ ადვოკატების მიერ მოსამართლის აცილებას მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს.
„მე ეჭვი შემაქვს სამოსამართლეო ღირსებაში იმ მოსამართლეების, რომლის მიმართაც კითხვები დასმულია და პასუხები ადეკვატური გაცემული არ არის. ადვოკატებმა ამ დროს თავისი სათქმელი უნდა თქვან, იმიტომ, რომ ადვოკატები მართლმსაჯულების ნაწილი ვართ,“- ამბობს სისვაძე.
ადვოკატების ამ ჯგუფის განცხადებით, არა მარტო მურუსიძე, არამედ სხვა არაკეთილსინდისიერი მოსამართლეები, რომელთა დამოუკიდებლობასთან მიმართებაში ეჭვები არსებობს, სასამართლო სისტემას უნდა ჩამოშორდნენ და ამ შავ სიაში შედიან: თავად მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძეზე, ასევე საბჭოს იმ რვა მოსამართლე წევრი, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენილ სიას მხარი დაუჭირა - გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო, დიმიტრი გვრიტიშვილი და თამარ ონიანი.
გიგი სისვაძე მოუწოდებს კოლეგებს, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული მოსამართლეების მხრიდან ადგილი აქვს მიკერძოებულობას, კამპანიას შეუერთდნენ.
კამპანიას „ფეისბუქში“ გამოეხმაურა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი. მისი თქმით, სასამართლო სხდომებზე ადვოკატები მურუსიძის ასაცილებლად შუამდგომლობებს აყენებენ და „ეს კამპანია არის იმ ბინძური, უსაფუძვლო კამპანიის ნაწილი, რაც ბოლო წლებია წარმოებს ლევან მურუსიძის მიმართ“.
ის ამბობს, რომ საკითხი ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ უნდა განიხილოს, თუმცა „არ აქვს ამის იმედი“.
გვრიტიშვილის ამ „ფეისბუქ“ სტატუსს კომენტარებში მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი ეხმაურება.
„მე მიმაჩნია, რომ ასეთ შუამდგომლობას მოსამართლის მხრიდან უნდა მოჰყვეს შუამდგომლობის ავტორის დაჯარიმება 500 ლარით, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო! ეს არის ყველაზე კარგი „წამალი” ამ შემთხვევაში!“, - წერს მეთოფიშვილი.
ადვოკატი გიგი სისვაძე პასუხად ამბობს, რომ ეთიკის კომისიისგან რაიმე სამართლებრივი ქმედების შიშის ან საფრთხის მოლოდინი არ აქვს და აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს ექნება.
იურისტი ლია მუხაშავრიას თქმით, ეს კამპანია მისასალმებელია და თუ მასში ყველა იურისტი ჩაერთვება, ეს ძალიან კარგი იქნება, მურუსიძე დარწმუნდება, რომ ის მიუღებელია.
„ამ აქციას სოლიდარობას ვუცხადებ. როცა მოსამართლის მიმართ უნდობლობა ცხადდება, რასაკვირველია, მან საქმის განხილვაზე უარი უნდა თქვას. თუ მურუსიძე მიმართავს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის საბჭოს, იმედი მაქვს, რომ საბჭო გაითვალისწინებს მურუსიძისი საყოველთაო არაეთიკურობას და ამისთვის ადვოკატებს არ დასჯის.
„თუმცა სასამართლო ცალკე ადგენს ჯარიმას და თუ სასამართლო ასეთ ადვოკატებს აცილების შუამდგომლობისთვის დააჯარიმებს, ადვოკატთა ასოციაციამ თავად უნდა გადაუხადოს ჯარიმა, რომ ჭეშმარიტი სოლიდარობა იყოს პროფესიის შიგნით.
„თუ ეს აქცია პერმანენტული და სისტემატური იქნება, მურუსიძეს ბევრი დააკლდება. ის მიხვდება, თუ როგორი მიუღებელია ის პროფესიული წრეებისთვის და ეს იქნება სერიოზული დარტყმა ამ კლანისთვის, რომელმაც სასამართლო ხელში ჩაიგდო. იმედი მაქვს,
„ამ აქციას ყველა ადვოკატი შეუერთდება, ყველაზე მეტად ადვოკატებს სჭირდებათ სამართლიანი სასამართლო, რომ არ მოუწიოთ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების გაგზავნა და 10 და მეტი წელი ლოდინი,“ - ამბობს მუხაშავრია.
იურისტი გელა ნიკოლაიშვილის თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს აქცია გამართლებულია, მაგრამ სამართლებრივად შედეგი ვერ ექნება.
„აქ ორი მომენტია - სამართლებრივი და პოლიტიკური. პოლიტიკურად კამპანია გამართლებულია, რადგან არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ მურუსიძე სასამართლო სისტემაში არ უნდა იყოს. მაგრამ სამართლებრივად ეს არაფრის მომცემია. მე შენი ბიოგრაფია არ მომწონს და ამიტომ აცილებას გიცხადებ - სამართლებრივად ამას არც ერთი კანონი არ ითვალისწინებს, მით უმეტეს, აცილების საკითხს წყვეტს თვითონ მოსამართლე და როცა მას ეტყვიან, რომ ამ მიზეზით გიცილებ, ის იტყვის, რომ აცილება არ არის მიღებული და პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდება.
„მურუსიძე ადმინისტრაციულ საქმეებზე მუშაობს და მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა საქმეს. ამიტომ, ეფექტის თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ ექნება, მაგრამ პოლიტიკურად, თუ ეს მასობრივ ხასიათს მიიღებს, მნიშვნელობა ექნება ანტიპიარის თვალსაზრისით,“ - ამბობს ნიკოლაიშვილი.
მისივე თქმით, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის საბჭოს შეუძლია ადვოკატს გაფრთხილება მისცეს, ან უფლებამოსილება შეუჩეროს დროებით, თუმცა არ აქვს მოლოდინი, რომ კომისია მურუსიძის აცილების მომხრე ადვოკატებს დასჯის.
„ადვოკატებს აქვთ აცილების მოთხოვნის უფლება და ამის გამო მათ ეთიკის კომისიაში არავინ დასჯის. მაგრამ შედეგია მთავარი და ფაქტია, რომ ადვოკატების აცილებას მურუსიძე არ დააკმაყოფილებს...
„ადვოკატთა ასოციაციაში 5000-მდე ადვოკატია, მათგან ნახევარზე ნაკლებია იმ ადვოკატთა რიცხვი, ვინც ადმინისტრაციულ საქმეებზე მუშაობს. მე მურუსიძესთან შეხება არ მექნება, თეორიულად და პოლიტიკურ კუთხით აქცია გამართლებულია“, - დასძენს ნიკოლაიშვილი.