ლარის გაუფასურების მორიგი ტენდენცია დაიწყო და ეს პროცესი მომდევნო 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ვითარება დაიძაბა "თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამოც. სპეციალისტების პროგნოზით, მასშტაბური გაუფასურება მოსალოდნელი არ არის და კურსი მარტის განმავლობაში 2,70-2,72 ლარის ფარგლებში იმერყევებს.
ამ ეტაპზე "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2,68-2,69 ლარის ფარგლებშია. საბანკო სფეროს ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ეროვნული ვალუტის კურსზე გარკვეული გავლენა "თიბისი ბანკის" გარშემო მიმდინარე მოვლენებმა იქონია და როგორც კი ეს სიტუაცია ჩაწყნარდება, ლარიც მეტ-ნაკლებად დასტაბილურდება.
ლარის გაუფასურება ძირითადად მაინც ეროვნული ბანკის ინტერვენციებით არის გამოწვეული. კერძოდ, სავალუტო ცვლილების მიზეზად ფინანსისტები დოლარის შესყიდვას და ლარის ფულადი მასის ზრდას მიიჩნევენ.
"ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია დაახლოებით 2 თვის წინ ვარაუდობდა, რომ მარტის დასაწყისიდან ლარის გაუფასურების პროცესი დაიწყებოდა. როგორც იგი ამბობს, სებ-ის "დამსახურებით" ეს პროცესი ცოტათი დაჩქარდა.
"ვხედავთ, რომ ეროვნული ბანკი ლარს გამყარებას არ აცლის. ვვარაუდობდით, რომ კურსი რყევას 5 მარტიდან დაიწყებდა. წლის დასაწყისში გამოვთქვი კომენტარი, რომ კურსი 2,70-ის ფარგლებში იმერყევებდა და ეს პროცესი აშკარაა. იქიდან გამომდინარე, რომ სებ-ი სავალუტო რეზერვებს 10-15 მლნ დოლარის ოდენობით თითქმის ყოველ კვირას ავსებს, ლარს სტაბილურობის შენარჩუნება უჭირს.
დაიწყო ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხის ბიუჯეტიდან გასვლა და ფულადი მასის ზრდამ საბოლოოდ კურსზეც ადეკვატურად იმოქმედა. დაახლოებით 10 მარტამდე 2,70-71-ის ფარგლებში იქნება და ეს პროცესი, შესაძლოა, მარტის ჩათვლით გაგრძელდეს. ყოველ შემთხვევაში, გამყარებას არ უნდა ველოდოთ.
ჩემი აზრით, "თიბისის" გარშემო მიმდინარე მოვლენებს ლარის კურსზე არავითარი გავლენა არ აქვს. ის, რაც დღეს ლარს სჭირს, ეროვნული ბანკის "დამსახურებაა," - აღნიშნა "რეზონანსთან" შენგელიამ.
არსებობს სრულიად განსხვავებული მოსაზრება. საბანკო სფეროს ექსპერტ ლია ელიავას აზრით, კომერციული ბანკების მხრიდან შეგნებულად მოხდა ფულადი მასის გადინება ქვეყნიდან, რითაც შეიძლება აიხსნას ლარის გაუფასურების რეალური მიზეზი. ამ კუთხით ლარის კურსზე გარკვეული გავლენა "თიბისი ბანკის" გარშემო მიმდინარე მოვლენებმა მოახდინა.
"საქართველოში არ არსებობს არანაირი ობიექტური ნიშნები, რაც ლარის კურსის ზუსტი პროგნოზის საფუძველს გვაძლევს. ყველაფერი დამოკიდებულია კომერციული ბანკების აქტივობაზე, ანუ მათ მიერ ვალუტით ვაჭრობაზე, რაც "ბლუმბერგის" მონაცემითაც აშკარაა. ცხადია, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან - "თიბისი ბანკის" მიმართ სებ-ის ასეთი მძინვარებით ყველა კომერციული ბანკი დაშინებულია.
შესაბამისად, არ არის გამორიცხული, კომერციული ბანკები ცდილობენ, ქვეყნიდან სავალუტო რესურსი გაიტანონ, დიდი ალბათობით, ამას შეეძლო, სავალუტო რყევა გამოეწვია. ველოდები, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გასტანს, მაგრამ განმეორება შესაძლებელია.
აყველაფერი დამოკიდებულია კომერციული ბანკების აქტივობაზე "ბლუმბერგის" სავაჭრო ბირჟაზე. თუ სებ-მა გადაწყვიტა "თიბისი ბანკის" გაკოტრება ან გაყიდვა, რაც, სავარაუდოდ, ასე იქნება (გაყიდვა და მფლობელების შეცვლა), კურსი გააგრძელებს ვარდნას. თუ ეს სიტუაცია დასტაბილურდა, არის შანსი, რომ კურსიც მეტ-ნაკლებად გამყარდეს.
მნიშვნელოვანია სებ-ის ქცევა და კომერციული ბანკების ქმედება. თუკი შეეშინდებათ, ისინი კიდევ გაიტანენ საქართველოდან ფულს. შესაძლებელია, სხვა სახის კორპორაციებმაც მიბაძონ, რადგან არასტაბილური სიტუაციაა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეროვნული ვალუტა დაზარალდება და კურსი ვარდნას განაგრძობს," - განუცხადა "რეზონანსს" ელიავამ.
ექსპერტთა ნაწილი ლარის გაუფასურებას სეზონური ცვლილებით ხსნის და ამბობს, რომ კურსი შეიცვლება, როგორც კი ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები გაჩნდება. ექსპერტ გოჩა თუთბერიძის აზრით, ეს პროცესი, სავარაუდოდ, აპრილიდან არის მოსალოდნელი.
"კურსის სწორი პროგნოზი წარმოუდგენელია, ის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დროთა განმავლობაში ვაკვირდებით ტენდენციას და ვხედავთ, რომ ფუნდამენტური ფაქტორები ჯერჯერობით მნიშვნელოვნად არ იცვლება, რამაც შეიძლება კურსზე გავლენა მოახდინოს. მცირედი რყევა ყოველთვის იქნება. ფულის ოდნავ გადინება მოხდა და ალბათ კურსზე ეს ფაქტორიც აისახა, თუმცა გარკვეულ გავლენას სეზონიც ახდენს.
ეკონომიკისთვის იანვარ-თებერვალი არის მიძინების პერიოდი, სავარაუდოდ, მარტი-აპრილისკენ უფრო პოზიტიური ცვლილებები წავა, მაგრამ ჯერჯერობით რყევა შენარჩუნდება. ეკონომიკური სტრუქტურა სანამ არ შეიცვლება, ყოველთვის ეს ვითარება გვექნება," - აღნიშნა "რეზონანსთან" თუთბერიძემ.