თამარ შუკვანი
28.02.2019

 „მგონია, რომ ჯანსაღი პროცესია და ამ პროცესს მივესალმები. ერთმანეთთან ვერ თავსდებოდნენ და უკვე კინკლაობაში იყვნენ გადასული. გარკვეული ნაწილი თვლიდა, რომ 2012 წლის ჩვენს მიერ დაანონსებულ დაპირებები უნდა შესრულებულიყო და უკმაყოფილება ამის გამოც თანდათან იზრდებოდა. სხვა ქვეყანაში ხომ ვერ წავლენ? წავლენ იქ, სადაც საჭიროა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე დღეს „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს.

ომარ ნიშნიანიძე: არც კარი არ გაიჯახუნონ და არც ერთმანეთის ლანძღვით არ უნდა წავიდნენ. კონსტრუქციული კრიტიკა და არგუმენტირებული მსჯელობა, - ეს არის ჩვენი გადარჩენა. ის შეცდომები, რომელიც იმ პერიოდში იქნა დაშვებული, თუკი არ ვაღიარეთ, არ ვთქვით, არ შევეცადეთ მის გამოსწორებას, მაშინ ჩვენ ცუდი გზით ვივლით და არც ჩვენ და „ქართულ ოცნებასაც" არაფერი ეშველება.

მჯერა, რომ ეს არის ის ჯანსაღი ძალა, რომელიც 2012 წელს მოსულებს უერთგულებს. მათ შეუერთდებიან გარე ძალები, ჯანსაღი ძალები და ჩამოყალიბდება ერთი სერიოზული ძალა, თუნდაც მესამე ძალა დავარქვათ, მეოთხე, მეათე... რომელიც 2020 წლის არჩევნებამდე მივა.

„რ": ეკა ბესელია პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის. როგორ ფიქრობთ, რა შანსები ექნება ბესელიასა და მის თანამოაზრე კოლეგებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

ო.ნ: მიმაჩნია, რომ მებრძოლი გუნდია. თვითონ ბესელიასაც არ აკლია ბრძოლისუნარიანობა, კარგი იურისტია. ლიდერი ვინ იქნება ვერ გეტყვი, ბესელია თუ სხვა, მაგრამ ძალიან გამოცდილი ადამიანები არიან, რომელთა ირგვლივ გაერთიანება არ არის საძრახისი და ვფიქრობ, ძალიან სერიოზულ გუნდად ჩამოყალიბდება. „ქართული ოცნება" კი არ იშლება, დარწმუნებული ვარ, კიდევ მიემატება რამდენიმე და სერიოზულ ფრაქციად ჩამოყალიბდება. ეს არ იქნება არც ქვეყნის და არც „ქართული ოცნების" დაქცევა. „ქართული ოცნების" გადარჩენაც კი იქნება ეს.

რ": მედიაში აქტუალურად განიხილება პარალმენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია, რომ კობახიძემ თანამდებობა დატოვოს?

ო.ნ: არა მგონია იქამდე მივიდეს საქმე, თუმცა უკმაყოფილება კობახიძის მიმართ სერიოზულია თვით გუნდის შიგნითაც კი.

„რ": კობახიძის მიმართ უკმაყოფილებას რა იწვევს?

ო.ნ: ზედმეტი თავდაჯერებულობა, რაც კარგი არ არის. ბოლო დროს ხშირად მომისმენია, რომ „ჩვენ არ დავიშლებით," „არსებობს უმრავლესობა," „ჩვენ თავდაჯერებულები ვართ" და ა.შ. კარგია თავდაჯერებულობა, მაგრამ ზედმეტიც არ ვარგა. ზედმეტი არც სიამაყე ვარგა.

გარკვეულწილად, ეს იწვევს იგნორირებას იმ ადამიანების აზრისა, რომლებიც უფრო მეტად გამოცდილნი არიან და მათი იგნორირება არ არის კარგი. ეს თავიდანვე შეიმჩნეოდა და ამ პატარ-პატარა უკმაყოფილებებმა, ფაქტობრივად, გამოიწვია ის, რომ „ქართული ოცნება" ორად გაიხლიჩა. ამის მიზეზი იყო სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესები და ვფიქრობ, რომ კარგი გუნდი შეიკვრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×